მედიაგარემო საქართველოში კრიზისების დროს

მედიაგარემო ჟურნალისტების უსაფრთხოება არჩევნები პოლიტიზირება საქართველო

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
August 14, 2022

ჩამოტვირთვები

სიცოცხლისუნარიანი და თავისუფალი მედია დემოკრატიის განვითარების უმნიშვნელოვანესი მდგენელია. საბჭოთა კავშირის დანგრევიდან და დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგ დემოკრატიული მედიაგარემოს განვითარების ერთ-ერთ ინდიკატორად რჩება ის, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ჟურნალისტები პროფესიული საქმიანობისას. აღნიშნული კვლევის მომზადება განაპირობა წინასაარჩევნოდ არსებული მედიასაფრთხეების მკვეთრმა და, შეიძლება ითქვას, სპონტანურმა აქტუალიზაციამ. კერძოდ, საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მედიის წარმომადგენლებს დემონსტრაციის გაშუქებისას წინასწარგანზრახვით თავს დაეხსნენ რადიკალური ჯგუფები, რომლის შედეგადაც 10-ზე მეტი მედიასაშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა, ხოლო, მიღებული დაზიანებების შედეგად, დარბევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. ჟურნალისტების უსაფრთხოების კუთხით დანახულმა გამოწვევებმა უპრეცედენტო საერთაშორისო ყურადღება და კვლევით გარემოში ამ თემის სტიმულირება გამოიწვია.წინამდებარე კვლევის მიზანია, დაადგინოს, რა თავისებურებებით გამოირჩევა კრიზისების დროს, კერძოდ, არჩევნების წინა და შემდგომი პერიოდის მედიაგარემო. კვლევა ასევე პასუხობს კითხვას, თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური პოლარიზაცია და კრიზისები მედიაზე და რა მაკრო და მიკრო საფრთხეებს აჩენს ის. კვლევაში იდენტიფიცირებულია ეს მედიასაფრთხეები და, ჟურნალისტების თვალით დანახულ რეალობაზე დაყრდნობით, შეფასებულია მედიაგარემო. კვლევის დიზაინად შერჩეულია შერეული/ჰიბრიდული კვლევის მეთოდოლოგია, კერძოდ, თანმიმდევრული განმარტებითი დიზაინი (sequential explanatory design). კვლევა ჩატარდა ორ ფაზაში: პირველი ფაზა მოიცავდა რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას (ონლაინ-გამოკითხვას: 56 მედიასაშუალების 183 რესპონდენტის) და ანალიზს, რომლის შემდეგაც მეორე ფაზაში ჩატარდა თვისებრივი კვლევა (3 ფოკუს-ჯგუფის დისკუსია). კვლევა პასუხობს კითხვებს:

  • პროფესიული საქმიანობისას, რამდენად დაცულად გრძნობენ თავს მედიაში დასაქმებული პირები?
  • რა ტიპის საფრთხეები გამოიკვეთა 2021 წლის წინასაარჩევნო მედიაგარემოში და როგორია მოლოდინები?
  • რა მხარდამჭერი ინსტრუმენტები არსებობს მედიაგარემოს გაჯანსაღებისთვის და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მედიაში დასაქმებული პირებისთვის უფრო უსაფრთხო გარემო შეიქმნას?

კვლევისას გამოიკვეთა მიკრო და მაკრო მედიასაფრთხეები, რომლებიც ქვეთავებში დეტალურად არის გაანალიზებული. ეს საფრთხეები ურთიერთდაკავშირებულია და აქვს თავისი სტრუქტურა და მიზნები. კვლევის შედეგად გამოკვეთილი მედიასაფრთხეები ემსახურება თვითცენზურისა და შიშის გაძლიერებას, ასევე მედიის სანდოობისა და მის მიმართ მხარდაჭერის შემცირებას, მედიაინსტიტუციის სიცოცხლისუნარიანობის შესუსტებას.უმთავრეს მაკრო მედიასაფრთხედ გამოიკვეთა პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლარიზაცია თავად მედიაორგანიზაციებს შორის. პოლარიზაციის შედეგად გამოვლენილი მიკროსაფრთხეებია:

  1. ჟურნალისტების და მედიასაშუალებების სტიგმატიზაცია (პარტიული იარლიყების მიკერება) და დისკრედიტაციის მცდელობა;
  2. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა. მათ შორის, ამბის დაბალანსებულად თხრობასა და ხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნაში ხელის შეშლა, რაც უმთავრესად გამოიხატება წინასწარგამიზნულად წყაროებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვასა და ხელის შეშლის მიზნით ფარულ თვალთვალში; და სხვ. კვლევის შედეგად გამოიკვეთა მხარდამჭერი მედიაგარემოს გაძლიერების ინსტრუმენტები.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.