სიტყვაწარმოება გერმანული ენის საუნივერსიტეტო მეცადინეობაზე - მნიშვნელოვანი დონე ლექსიკასა და გრამატიკას შორის

ავტორები

სიტყვაწარმოება განეკუთვნება გერმანული ენის ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ და შემოქმედებით სფეროს. როგორც ლექსიკასა და გრამატიკას შორის მდებარე ცენტრალური დონე, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს გერმანულის როგორც უცხოური ენის შესწავლაში, რადგან საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ სიტყვების სტრუქტურასა და მნიშვნელობას. სტატიის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ შეიძლება სიტყვაწარმოების კანონზომიერებების წარმოჩენა გერმანული ენის საუნივერსიტეტო მეცადინეობაზე, რათა ისინი ადვილად აღქმადი, გასაგები და სასარგებლო იყოს ენის შესწავლის პროცესში. კერძოდ, განვიხილავთ კომპოზიტებსა და დერივატებს. ვინაიდან სიტყვაწარმოების წესების ცოდნა მნიშვნელოვანია უცნობი ლექსიკის გაგებისათვის, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტექსტების აღქმაში. ამ თვალსაზრისით, სტუდენტებს უნდა ვასწავლოთ კომპოზიტების იდენტიფიცირება და უშუალო შემადგენელი კონსტიტუენტების განსაზღვრა. უშუალო შემადგენელი კონსტიტუენტების ანალიზი ყველაზე ნათლად გვიჩვენებს კომპოზიტების სტრუქტურულ, სემანტიკურ და ფუნქციურ თავისებურებებს. ფორმალური სტრუქტურის მიხედვით გამოვლენილია სხვადასხვა ტიპი, კერძოდ, უშუალო შემადგენელი კონსტიტუენტი შეიძლება იყოს მარტივი სიტყვა, სუფიქსური ან პრეფიქსული დერივატი და ა. შ. სემანტიკური თვალსაზრისით, კომპოზიტებში გამოიყოფა განსხვავებული სიტყვაწარმოებითი მნიშვნელობები, როგორიცაა ლოკალური, ტემპორალური, კაუზალური, ფინალური და სხვ. დერივატებისათვის ვიყენებთ ვაისგერბერის შინაარსზე ორიენტირებულ კვლევის მეთოდს. იგი თვლის, რომ დერივაციული აფიქსები გარკვეული ფუნქციების მატარებლები არიან, ისინი ბაზისური სიტყვის შინაარსს უკავშირდებიან და მას გარკვეულწილად ცვლიან. ერთი და იგივე აფიქსი შეიძლება კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობით შეგვხვდეს. იმისათვის, რათა სტუდენტებმა სიტყვაწარმოების კანონზომიერებების ცოდნა ტექსტების გაგებისათვის გამოიყენონ, აუცილებელია მათი განმტკიცება სიტყვაწარმოებითი სავარჯიშოებით. არსებობს სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო, როგორიცაა, მაგალითად, კომპოზიტების ფორმირება, უშუალო შემადგენელი კონსტიტუენტების იდენტიფიცირება და მათი ურთიერთმიმართებების ანალიზი, კომპლექსური სიტყვის მნიშვნელობის ახსნა პარაფრაზით,  სიტყვების წარმოება სუფიქსის ან პრეფიქსის მეშვეობით, აფიქსთა ფუნქციების გამოვლენა. გერმანული ენის თანამედროვე სახელმძღვანელოებში სათანადოდ არ არის განხილული სიტყვაწარმოება. ამიტომაც შეიძლება ჩვენს მიდგომას ინოვაციური ეწოდოს. არც ლექსიკონები შეიცავს ყოველთვის საკმარის ინფორმაციას სიტყვაწარმოების შესახებ, რამდენადაც ყველა ლექსიკური ერთეული არ არის რეგისტრირებული. შესაბამისად, სიტყვაწარმოების საბაზისო ცოდნა აუცილებელია სიტყვის ლექსიკონში ძიებისას. სტუდენტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, თუ რომელი ლექსემის მიხედვით უნდა მოიძიოს ესა თუ ის რთული სიტყვა ლექსიკონში. თუმცა, უნდა აღინიშნის, რომ ელექტრონულ ლექსიკონებში სიტყვაწარმოება უფრო დეტალურად არის წარმოდგენილი. ჩვენი მიდგომა ასევე ითვალისწინებს სიტყვათა თამაშებს სხვადასხვა ტექსტური ჟანრიდან. ამგვარი სიტყვათა თამაშები შეიძლება არა მარტო დაეხმაროს სტუდენტებს სიტყვაწარმოებითი კონსტრუქციის გაგებაში, არამედ ასევე ბიძგი მისცეს მათ, შექმნან ახალი სიტყვები, რაც ხელს შეუწყობს მათი ენობრივი კრეატიულობის განვითარებას.

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.