დიაგნოსტიკური სირთულეები მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის პროსტატის ადენოკარცინომისა და მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის უროთელური კარცინომის თანაარსებობისას - ლიტერატურის მიმოხილვა

ავტორები

აბსტრაქტი: მამაკაცებში ორ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს მიეკუთვნება პროსტატის ადენოკარცინომა და გარდამავალუჯრედული, იგივე უროთელური კარცინომა. ორივე სიმსივნე შესაძლოა გამოვლინდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად პროსტატაში ან შარდის ბუშტში ან ერთდროულად ცალკეულ სიმსივნეებად, რომლებიც ერთ-ერთ ორგანოშია გავრცელებული ან სპორადულად ე.წ. შერწყმული სიმსივნის სახით. პათოლოგანატომისათვის ამ სიმსივნეების ერთმანეთისაგან განსხვავება  წარმოადგენს დიაგნოსტიკურ სირთულეს მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის მქონე ფორმების დროს, როდესაც ხდება სიმსივნის ირგვლივმდებარე ორგანოებში გავრცელება. აღნიშნული სიმსივნეების განსხვავებული მკურნალობის ტაქტიკის გამო მნიშვნელოვანია მათი სწორი დიაგნოსტიკა.   ჩვენი მიმოხილვითი სტატიით შეკრებილია ინფორმაცია დიაგნოსტიკური სირთულეებისა და გადამწყვეტი იმუნოჰისტოქიმიური მარკერების შესახებ პროსტატის ადენოკარცინომისა და უროთელური კარცინომის სწორად დიფერენცირების მიზნით. ამ მიმოხილვაში გამოყენებულია PubMed და Google Scholar მონაცემთა ბაზების აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები. მათგან მოპოვებულია პათოლოგანატომებისათვის მნიშვნელოვანი, აქტუალური და უახლესი ინფორმაცია.   წარმოდგენილი მიმოხილვით გამოვლინდა რომ: 1) პროსტატის ადენოკარცინომისა და უროთელური კარცინომის დიფერენცირების მიზნით ყველაზე ინფორმატიული იმუნოჰისტოქიმიური მარკერებია: NKX3.1, p63, თრომბომოდულინი და GATA3. 2) პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA) არის კარგი კლინიკური სასკრინინგო მარკერი, თუმცა მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის მქონე სიმსივნეებში ის კარგავს სენსიტიურობას (რაც უფრო მაღალია ავთვისებიანობის ხარისხი, იგივე გრეიდი, მით უფრო დაბალია PSA მგრძნობელობა/შეღებვის ინტენსივობა) და სწორად ვერ ადიფერენცირებს აღწერილ სიმსივნეებს ერთმანეთისაგან. 3) უროთელური კარცინომის გამოსავლენად HMWCK (34βe12) და p63 უფრო ეფექტურია, ვიდრე თრომბომოდულინი და S100p. 4) თრომბომოდულინი გამოირჩევა ზომიერი მგრძნობელობით უროთელური კარცინომის დიაგნოსტიკაში. 5) ციტოკერატინი 7 და 20 შესაძლოა დადებითი იყოს როგორც უროთელური კარცინომის, ასევე პროსტატის ადენოკარცინომის დროს, ამიტომ მათი გამოყენება ნაკლებად სასარგებლო ინფორმაციის მომცემია.  წარმოდგენილი მარკერების ოპტიმალური კომბინაციით შესაძლებელია გაუმჯობესებულ იქნას აღწერილი სიმსივნეების დიფერენციული დიაგნოსტიკა.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.