საქართველოში ოფთალმოლოგიურ დაავადებათა გავრცელების სტატისტიკური კვლევა 16 რეგიონში ჩატარებული საქველმოქმედო დიაგნოსტიკური აქციების მონაცემების საფუძველზე

სკრინინგი რისკ-ფაქტორები გლაუკომა რეტინოპათია მხედველობის სიმახვილე

ავტორები

ტომ. 6 No. 4 (2024)
სტატიები
დეკემბერი 19, 2024

ჩამოტვირთვები

დიდია სკრინინგის როლი დაავადებათა ადრეულ გამოვლენაში, პრევენციასა და მენეჯმენტში. ცხადია, სკრინინგის ღონისძიებები ძალზე ფასეულია ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაშიც, მათ შორის, გლაუკომის, დიაბეტური რეტინოპათიის, ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის, რეფრაქციული დარღვევების, თვალის მემკვიდრეობით დაავადებების დროული დიაგნოსტიკისა და შემდგომში საჭირო ინტერვენციისათვის. სკრინინგის ღონისძიებები, თავის მხრივ, სხვადასხვა ტიპისა და ფორმატისაა. მათ შორის ყველაზ აქტუალურია საზოგადოების ოფთალმოლოგიური ჯანმრთელობის საქველმოქმედო პროგრამები - საქველმოქმედო ორგანიზაციები ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების თვალის ჯანმრთელობის პროგრამების ორგანიზებაში, რომლებიც მიმართულია ოფთალმოლოგიური დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და პრევენციაზე. ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა-საქართველოსა და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლობის საფუძველზე, 2022-2023 წლებში საქართველოს 16 რეგიონში ჯამში 19 საქველმოქმედო აქცია გაიმართა ომების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. აქციების ფარგლებში პაციენტებს უმოწმდებოდათ მხედველობის სიმახვილე, კლინიკური რეფრაქცია, თვალშიგა წნევა,  საჭიროების შემთხვევაში ერჩეოდათ სათვალე, უტარდებოდათ ოფთალმოსკოპია და თვალის ბიომიკროსკოპიული კვლევა. პათოლოგიის შემთხვევაში ეძლეოდათ დანიშნულება და საჭიროების მიხედვით, ხდებოდა მათი გადამისამართება რეგიონულ ამბულატორიებსა და კლინიკებში. თითოეული ჩატარებული აქციის შემდეგ ყველა პაციენტის მონაცემები შეგვყავდა Microsoft Excel-ში, რომლის საშუალებითაც შეიქმნა ყველა გამოკვლეული პაციენტის ერთიანი ბაზა. სტატისტიური კვლევისათვის გამოვიყენეთ პაციენტების სქესის, ასაკის, დიაგნოზის, მკურნალობისა და ჩატარებული აქციის ლოკაციის მონაცემები.  დაავადებები, რომლებიც ჯამში 637 პაციენტს გამოუვლინდა, დაჯგუფდა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის (ICD 10) მიხედვით და სტატისტიკურად დამუშავდა SPSS პროგრამით. ყველაზე იშვიათი იყო მხედველობის ნერვისა და მხედველობის გზების ავადმყოფობები, ხოლო ყველაზე ხშირი - თვალის მამოძრავებელი კუნთების ავადმყოფობების, პარალელური მოძრაობის, აკომოდაციისა და რეფრაქციის დარღვევები. რიგი დაავადების - ბლეფარიტის, ანიზომეტროპიის, კონიუნქტივიტისა და პტერიგიუმის შემთხვევაში, გამოვლინდა დაავადების მაღალი სიხშირე მამაკაცებში ქალებთან შედარებით, ხოლო რიგი დაავადებების - მშრალი თვალის სინდრომის, ასაკობრივი კატარაქტის, დიაბეტური რეტინოპათიისა და ფონური რეტინოპათიის შემთხვევაში - დაავადების უფრო მაღალი სიხშირე ქალებში. საინტერესოა, რომ გარკვეულ დაავადებათა შემთხვევაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი განსხვავება დაავადების მქონე ყველა პაციენტის საშუალო ასაკთან. მასალის სტატისტიკური კვლევის შედეგად დასტურდება, რომ რიგი დაავადებები ხასიათდება გამოვლენის უფრო მაღალი ტენდენციურობით სქესის ან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით: კლინიკური დიაგნოზის მქონე პაციენტების საშუალო ასაკზე ნაკლებია საცრემლე ჯირკვლის ავადმყოფობის, კერატოკონუსის, რეფრაქციის დარღვევების მქონე პაციენტების საშუალო ასაკი, რაც ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტების ნახევარი 61 და მეტი წლის იყო, ხოლო ჩამოთვლილი პათოლოგიები ნაკლებად ხასიათდება მაღალ ასაკში გამოვლენის ტენდენციით.  ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ გამოკვლეული პაციენტების დიდი ნაწილი პირველად იმყოფებოდა მხედველობის სკრინინგზე, ხოლო აგეთვე დიდი ნაწილი იყო ოპერირებული, მაგრამ, გარკვეულ მიზეზთა გამო კონტროლის შეუძლებლობის შედეგად, სწორედ აქციის საშუალებით შეძლეს მხედველობის ორგანოს არსებული მდგომარეობის შემოწმება.მოცემული კვლევის შედეგად გამოვლენილი შედეგებით და იმით, რომ რიგ პაციენტთა შემთხვევაში ჩატარებული აქცია არსებითად გადამწყვეტი აღმოჩნდა სამომავლო ინტერვენციისა და მხედველობის შენარჩუნების თვალსაზრისით, დასტურდება მხედველობის შემოწმების მსგავსი საქველმოქმედო აქციების მაღალი ეფექტურობა და აქტუალობა საქართველოში. ზოგიერთი სტატისტიკური ცვლადის კონკრეტულ ჯგუფში მაღალი სიხშირით გამოვლენის ტენდენცია მიუთითებს რისკ-ფაქტორების არსებობაზე, რომლებიც საჭიროებს დამატებით კვლევას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.