ანოტაცია
ნაშრომში განხილულია მწვანე წყალბადის სადგურის ინფრასტრუქტურული შემადგენლობა და მისი მუშაობის თანმიმდევრობა. მწვანე წყალბადი როგორც მომავლის ეკოლოგიური საწვავი მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკულ წრეებში აქტიურად განიხილება სუფთა ენერგიის წარმოების წყაროდ. უნდა აღინიშნოს, რომ სუფთა, მწვანე წყალბადი ახალი ტექნოლოგია არ არის და მასზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში ათეული წლებია მიმდინარეობს. მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით და „მწვანე“ კი იმიტომ არის, რომ მისი წარმოება შესაძლებელია განახლებადი ენერგიების – წყლის, მზის, ქარის მეშვეობით. წყალბადის წარმოების ხარჯი ძირითადად მოიცავს ელექტროენერგიისა და წყალბადის წარმომქმნელი დანადგარის ელექტროლაიზერის ხარჯებს. წყალბადი გამოიყენება როგორც ენერგია, რომლისგანაც შესაძლებელია ელექტროენერგიის წარმოება ან მისი, როგორც აირის, მოხმარება. ამ ეტაპზე წყალბადი ყველაზე ხშირად გამოიყენება ნავთობის გადამუშავებისა და სასუქების წარმოებაში, ხოლო ტრანსპორტი და კომუნალური მომსახურების სეგმენტი ძირითადად წყალბადის განვითარებად ბაზრებს წარმოადგენს. ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) ანგარიშის თანახმად, 2030 წლიდან განიხილება მწვანე წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტის აქტიური გამოყენება, 2030 წლისთვის კი ტრანსპორტის სექტორში წყალბადის წილი შეიძლება იყოს 0,2%-მდე (3.4 ათასი ტონა ნავთობის ეკვივალენტი). ამავდროულად, მწვანე წყალბადის გამოყენება განიხილება გაზმომარაგების მიმართულებით, რაზეც დამატებითი კვლევების ჩატარება იგეგმება. ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა ენერგეტიკული უსაფრთხოების ღონისძიებად განიხილავს მწვანე წყალბადის, როგორც შემნახველი ტექნოლოგიის განვითარებას. მწვანე წყალბადის განვითარების კურსი საქართველომაც აიღო. ამასთანავე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროპა ჩვენს ქვეყანას განიხილავს მოკავშირედ მწვანე წყალბადის წარმოების მიმართულებით. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ქვეყნის საჭიროების შეფასების ტექნიკურ კვლევას ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებაზე. მწვანე წყალბადის ტექნოლოგიების განვითარება და მასშტაბირება ქმნის ინოვაციებისა და ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. ეს მოიცავს კვლევას და განვითარებას განახლებადი ენერგიის, ელექტროლიზის და წყალბადის ინფრასტრუქტურის სფეროში, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას ამ სექტორში.
წყაროები
FORBES - ,,მწვანე წყალბადის პერსპექტივები“ -
https://forbes.ge/mtsvane-tsqhalbadis-perspeqtivebi/
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - https://www.economy.ge/?page=news&nw=2236&s=mwvane-wyalbadis-proeqtis-ganvitarebastan-dakavshirebit-
NEL, PEM Electrolyser – MC Series - https://nelhydrogen.com/product/mc-series-electrolyser/
NEL, Atmospheric Alkaline Electrolyser https://nelhydrogen.com/product/atmospheric-alkaline-electrolyser-a-series/
CAVENDISH https://cavendishh2.com/
BAGLIONI - https://baglionispa.com/en/special-pressure/
VESTAS, V163-4.5MW - https://www.vestas.com/en/energy-solutions/onshore-wind-turbines/4-mw-platform/V163-4-5-MW
AESOLAR - https://ae-solar.com/
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2024 ქართველი მეცნიერები