სოფლის მეურნეობის დარგის ახალი ნორმალობა ინფოდემიის ფონზე (საქართველოს მაგალითი)

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
November 9, 2022

ჩამოტვირთვები

უკანასკნელ ათწლეულებში მზარდმა ტექნოლოგიურმა განვითარებამ და აღნიშნული მიზეზით სახეცვლილმა ტრადიციულმა მედიაგარემომ ჟურნალისტიკა სრულიად  ახალი გამოწვევების - მცდარ/ყალბ ინფორმაციასა და პროპაგანდისტულ ნარატივთან  ბრძოლის საჭიროების წინაშე დააყენა. ციფრული მედიის განვითარებამ აუდიტორიას შესაძლებლობა მისცა, ერთი მხრივ, თავად აერჩია ინფორმაციის წყარო, მეტიც, თავადვე შეექმნა და გაეზიარებინა ინფორმაცია, მეორე მხრივ კი  -  გადაუმოწმებელი, ყალბი, პროპაგანდისტული და სიძულვილის ენით დატვირთული მედიამასალების გავრცელების რეალური შესაძლებლობა შექმნა. ის ძირითადი ფუნქციები, რისთვისაც, საუკუნეების წინ ჟურნალისტიკა შეიქმნა, მისი საზოგადოებრივი დანიშნულება, უპირველესად,  აუდიტორიის ინფორმირებას ეფუძნება. ინფორმაციას როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე მთლიანად საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ცნობილი ხატოვანი დეფინიცია ინფორმაციის მნიშვნელობასა და არსს „დემოკრატიის ვალუტად“ განსაზღვრავს.  თუმცა ოპერატიული ინფორმაცია ფასეული მხოლოდ მაშინაა, თუკი ის ინარჩუნებს ყველა საჭირო ნიშანს (ფაქტობრივობა, აქტუალურობა, კონკრეტულობა და სხვ.) და, ამავდროულად, იძენს ახალ თვისებებსაც, რაც  მისი გადაცემის არხის (ბეჭდური, სამაუწყებლო, ციფრული მედია) გამოსახვით საშუალებათა სპეციფიკითაა განპირობებული. გადამოწმებული, ფაქტებზე დამყარებული ინფორმაცია ხელს უწყობს ინდივიდის სრულფასოვან მონაწილეობას თანამედროვე ცხოვრებაში, რაც საზოგადოებრივ ურთიერთობებში  სწორი ორიენტირებით გამოიხატება და სამყაროს აღქმის საკუთარი კონსტრუქციის შექმნაში უწყობს ხელს. აღნიშნულის საპირისპიროდ მუშაობს  დეზინფორმაცია და ყალბი ამბების გავრცელება, რომელიც მიზნად ისახავს აუდიტორიის შეცდომაში შეყვანას, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციასა და მომხმარებლის ინფორმირებულ არჩევანზე გავლენას.  წინამდებარე ნაშრომის მიზანია მიმდინარე ინფოდემიის ფონზე სოფლის მეურნეობის დარგის ე. წ. ,,ახალი ნორმალობის“ ანალიზი, რომელსაც განვიხილავთ, როგორც ცალკეული ინდივიდებისა და ორგანიზაციების  მიერ ათასწლეულების განმავლობაში გამომუშავებული ქცევის ნორმების ჩანაცვლებას ურთიერთობის ახალი ფორმებით. თავად ტერმინი ინფოდემია კი, ონლაინ და ოფლაინ ინფორმაციის მოზღვავებად განისაზღვრება და ცრუ ცნობების განზრახ გავრცელების მცდელობით მიზნად ისახავს ცალკეული ჯგუფებისა და ინდივიდების ალტერნატიული დღის წესრიგის ხელშეწყობას. კვლევის ამოცანა საქართველოს მცირე და საშუალო ფერმერების საქმიანობის მაგალითზე, ახალი ნორმალობის პირობებში, მომხმარებელთან კავშირისა და ბაზრის წვდომისტვის, კომუნიკაციის  არხებისა და ფორმების ანალიზია.