ტუბოოვარიული ეპითელიუმის ცვლილებების მოლეკულური თავისებურებები საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების დროს

კრიტიკული მიმოხილვა

ავტორები

საკვერცხის სეროზული კარცინომების ეტიოლოგია და პათოგენეზი, ისევე როგორც მათი პროგნოზი და მკურნალობისადმი დაქვემდებარება ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არაა.  არსებობს მონაცემები, რომ მას საფუძვლად უდევს ფალოპის მილში განვითარებული ცვლილებები, რასაც რამდენადმე ადასტურებს მსგავსი მოლეკულური ცვლილებების არსებობა საკვერცხის მაღალი ხარისხის ავთვისებიანობის სეროზულ კარცინომებსა და ფალოპის მილის ნეოპლაზიურ დაზიანებებში. თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას. მნიშვნელოვანია საკვერცხის სიმსივნეებსა და მასთან ასოცირებული ფალოპის მილის ეპითელიუმში შესწავლილი იქნას, სოლიდური სიმსივნეების ისეთი პათოგენეზური მექანიზმები როგორებიცაა პროლიფერაციული და აპოპტოზური ცვლილებები, რაც კიდევ უფრო გაამყარებს ან პირიქით ეჭვის ქვეშ დააყენებს საკვერცხის კარცინომების ფალოპის მილიდან წარმოშობის თეორიას. ასევე მნიშვნელოვანია ამ ორ ანატომიურ ერთეულში შესწავლილი და შედარებული იქნას ჰორმონული რეცეპტორების ექსპრესიის თავისებურებები, რადგანაც არსებობს საკმაოდ დიდი რაოდენობით მონაცემები საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების პათოგენეზში სასქესო სტეროიდული ჰორმონების როლის შესახებ. თუმცა, თითქმის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად ახდენს გავლენას ჰორმონების ზემოქმედება ფალოპის მილში მიმდინარე ნეოპლაზიურ პროცესებზე, რაც თავის მხრივ გამოიხატება ჰორმონული რეცეპტორების ექსპრესიის ცვლილებებით. საკვერცხის სიმსივნეების ეტიოპათოგენეზური რგოლის შესწავლა მნიშვნელოვანია აღნიშნული სიმსივნეების პრევენციისა და პროგნოზის განსაზღვრის, ისევე როგორც სამკურნალო მიდგომების შემუშავების მიზნით. ასევე მნიშვნელოვანია შესწავლილი იქნას საკვერცხის სიმსივნეების დამატებითი მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ მის პროგრესიასა და მკურნალობისადმი დაქვემდებარებაზე. ასეთი მახასიათებლებია ღეროვანი უჯრედების განაწილება, როგორც ფალოპის მილსა და მასში არსებულ ნეოპლაზიურ პროცესებში, ისე საკვერცხის ეპითელურ სიმსივნეებში. ასევე, მნიშვნელოვანია სიმსივნისშიდა ჰეტეროგენულობის გამოკვლევა და საკვერცხის ეპითელური სიმსივნეების ახალი კლასიფიკაციის შემოღება სიმსივნისშიდა ჰეტეროგენულობის გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებსს პერსონალიზებული სამკურნალო მიდგომების შემუშავებას.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

1 2 3 4 > >> 

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.