I და IIb ტიპის აუტოიმუნურობა ქრონიკული სპონტანური ურტიკარიით პაციენტებში: ომალიზუმაბით მკურნალობის ეფექტურობის შეფასება

ქრონიკული სპოინტანური ურტიკარია ომალიზუმაბი I და IIბ ტიპის აუტოიმუნურობა

ავტორები

ტომ. 5 No. 2 (2023)
სტატიები
მაისი 8, 2023

ჩამოტვირთვები

კვლევის მიზანი იყო I და IIბ ტიპის აუტოიმუნურობის მქონე ქრონიკული სპონტანური ურტიკარიით (ქსუ) დაავადებულ პაციენტებში ომალიზუმაბზე კლინიკური პასუხის შეფასება.  რეტროსპექტული კვლევა ჩატარდა 39 პაციენტზე (95% ქალი, 5% მამაკაცი, საშუალო ასაკი 35.82 წელი), რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე მკურნალობდნენ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრში (თბილისი, საქართველო). აუტოიმუნურობის მარკერებად გამოვიყენეთ შრატში საერთო IgE-ს დონე და ANA ანტისხეულების არსებობა. კვლევაში შედიოდნენ პაციენტები, რომლებსაც, არასედაციური ანტიჰისტამინური პრეპარატების ოთხმაგი დოზით გამოყენების მიუხედავად, ჰქონდათ დაავადების მაღალი აქტივობა. პაციენტებს, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, დაენიშნათ ომალიზუმაბი 4 კვირის ინტერვალით მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. დაავადების აქტივობა განისაზღვრა ურტიკარიის აქტივობის ქულის (UAS7) გამოყენებით. ქსუ-ის აქტივობის მიხედვით პაციენტები დაიყო სამ ჯგუფად: დაბალი, საშუალო და მაღალი დაავადების აქტივობით. პასუხი ომალიზუმაბზე შეფასდა როგორც: არამოპასუხე, ნაწილობრივ მოპასუხე და სრულად მოპასუხე. შედეგებმა აჩვენა, რომ I ტიპის აუტოიმუნურობის შემთხვევაში სრულად მოპასუხე პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი სტატისტიკურად სარწმუნოდ მაღალია, ვიდრე IIბ ტიპის შემთხვევაში (55.5%/18.3%). ომალიზუმაბზე არამოპასუხეთა სიხშირე უფრო მაღალი იყო IIბ ტიპის დროს, ვიდრე I ტიპის შემთხვევაში (72.7%/18.5%). მედიანური საერთო IgE დონე მნიშვნელოვნად მაღალი იყო I  ტიპის დროს, ვიდრე IIბ ტიპის  შემთხვევაში (138 vs. 23.95 kU/I). დაავადების ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად უფრო ნაკლები იყო I ტიპის, ვიდრე IIბ ტიპის დროს (9 vs. 27 თვე). ამ ორ ჯგუფს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა ასაკის, ანგიოედემის, C-რეაქტიული ცილის დონის, H.pylori ინფექციის სიხშირის, ანტი-TPO IgG დონის, ეოზინოპენიის და ბაზოპენიის თვალსაზრისით. შეიძლება დავასკვნათ, რომ კლინიკური პასუხი ომალიზუმაბზე ქსუ-ის აუტოიმუნურობის ტიპის მიხედვით განსხვებულია. I ტიპის აუტოიმუნურ პაციენტებს აქვთ უკეთესი პასუხი ომალიზუმაბზე, ვიდრე IIბ ტიპისას. ასევე დაავადების ხანგრძლივობა I ტიპის აუტოიმუნურ ჯგუფში მნიშვნელოვნად ნაკლებია ვიდრე მეორე ჯგუფში. საჭიროა შემდგომი კვლევები, რათა შეფასდეს მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს ომალიზუმაბზე რეაგირების განსხვავებულობას და სხვადასხვა ტიპის აუტოიმუნური პაციენტებისთვის მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტების გამოყენებას.