4.1 Medicine 

მელანოციტური ნევუსების ჰისტომორფოლოგიური ჰეტეროგენულობა: კლინიკოპათოლოგიური თავისებურებები და პროგრესიის პოტენციალის შეფასება

მელანოციტური ნევუსი ჰეტეროგენულობა დისპლაზიური ნევუსი სპიცის ნევუსი რეციდივი კლინიკოპათოლოგიური კორელაცია

Авторы

июля 12, 2026

მელანოციტური ნევუსები წარმოადგენს კანის ყველაზე გავრცელებულ კეთილთვისებიან მელანოციტურ დაზიანებებს, რომლებიც გამოირჩევიან მნიშვნელოვანი ჰისტომორფოლოგიური მრავალფეროვნებით. სხვადასხვა ჰისტოლოგიური ტიპის ნევუსების არქიტექტურული, ციტოლოგიური და სტრომული თავისებურებების შეფასება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში, ასევე მათი ბიოლოგიური ქცევის უკეთ გააზრებაში.

კვლევის მიზანს შეადგენდა სხვადასხვა ჰისტოლოგიური ტიპის მელანოციტური ნევუსების ჰისტომორფოლოგიური ჰეტეროგენულობის შეფასება, მათი კლინიკოპათოლოგიური თავისებურებების შედარება და პროგრესიასთან ასოცირებული მორფოლოგიური ნიშნების გამოვლენა. რეტროსპექტულ კვლევაში ჩართული იყო 52 პაციენტის ჰისტოლოგიური მასალა, რომელშიდაც დიაგნოსტირებული იყო სხვადასხვა ტიპის მელანოციტური ნევუსი. ჰემატოქსილინ-ეოზინით (H&E) შეღებილ პრეპარატებზე შეფასდა ნევუსის ჰისტოლოგიური ტიპი, სიმეტრიულობა, შემოსაზღვრულობა, მომწიფება, მოსაზღვრე კომპონენტი, პეჯეტოიდური გავრცელება, ციტოლოგიური ატიპია, ანთებითი ინფილტრატი, ფიბროზი, მზისმიერი ელასტოზი, პიგმენტაცია, წყლულოვანი ცვლილებები და რეზექციის კიდეების სტატუსი. მონაცემები დამუშავდა IBM SPSS Statistics 29.0 პროგრამის გამოყენებით.

კვლევამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ჰისტოლოგიური ტიპის მელანოციტური ნევუსები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ არქიტექტურული და სტრომული მახასიათებლებით. მოსაზღვრე, ინტრადერმული, შედგენილი და ლურჯი ნევუსები უმეტესად სიმეტრიული და მკაფიოდ შემოსაზღვრული იყო, ხოლო დისპლაზიური და სპიცის ნევუსები უფრო ხშირად ხასიათდებოდა ასიმეტრიული არქიტექტურით, ნაწილობრივი მომწიფებით, ციტოლოგიური ატიპიითა და ანთებითი ცვლილებებით. რეციდივირებული შემთხვევები ძირითადად დაკავშირებული იყო დისპლაზიური ნევუსების ჯგუფთან და უფრო ხშირად აღენიშნებოდა დადებითი ქირურგიული რეზექციის კიდეების მქონე შემთხვევებში.

მელანოციტური ნევუსები ხასიათდებიან გამოხატული ჰისტომორფოლოგიური ჰეტეროგენულობით, რომელიც დამოკიდებულია მათ ჰისტოლოგიურ ტიპზე. რუტინული ჰისტომორფოლოგიური შეფასება მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა კლინიკოპათოლოგიური თავისებურებებისა და პროგრესიასთან ასოცირებული მორფოლოგიური ნიშნების შესახებ და წარმოადგენს საფუძველს შემდგომი იმუნოჰისტოქიმიური და ციფრული პათოლოგიის კვლევებისთვის.