ანოტაცია
მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფარმაციასა და კვების მრეწველობაში როგორც საქართველოში, ასევე, მსოფლიო მასშტაბით. ფუტკარი იძლევა ისეთ მნიშვნელოვან და სპეციფიკურ პროდუქტებს, როგორიც არის თაფლი, ცვილი, ფუტკრის შხამი, ფუტკრის რძე, დინდგელი, ყვავილის მტვერი და ჭეო. პირველი მინიშნება ფუტკრის პროდუქტების სამკურნალო თვისებების შესახებ ამოკითხულია პაპირუსებიდან, რომელიც შექმნილი იყო რამდენიმე ათასი წლის წინათ და განეკუთვნება ძველი ეგვიპტის ხანას. ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა პირველებმა ჩართეს ფუტკრის მრავალფეროვანი პროდუქტები სხვადასხვა სახის სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში. ფუტკრის პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფუტკრის რძე, რომელიც შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავებს, ვიტამინებს (B1, B2, B5, B6, B12, A, D, PP, E, D) და მიკროელემეტებს. ფუტკრის რძე მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის და ორგანიზმისთვის მნიშვნელოვან ბიოქიმიურ პროცესებში [1, 2, 4].