ხალხური ქრისტიანობა - რელიგიური სინკრეტიზმის შედეგი აჭარაში
საკვანძო სიტყვები:
ხალხური ქრისტიანობა, არქაიზმი, რელიგიური სინკრეტიზმი, პაგანიზაციაანოტაცია
ქრისტიანობას საქართველოში დახვდა საკმაოდ ძლიერი და ჩამოყალიბებული წინარექრისტიანული ანუ წარმართული რწმენა-წარმოდგენები. ქართველთა ეთნოგრაფიულ ყოფაში წარმართობის მძლავრი ფენის არსებობის გამო ადრექრისტიანულ ეპოქაში ხშირად ხდებოდა ქრისტიანობის პაგანიზაცია ანუ კანონიკური მართლმადიდებლური პრაქტიკის „გაწარმართების“ ანუ „გახალხურების“ პროცესი, რაც, მეტნაკლებად, საქართველოს თითქმის ყველა კუთხისათვის იყო დამახასიათებელი. ერთი მხრივ, იგულისხმება ისტორიული წარმართობის კვალის ფრაგმენტული სახით არსებობა ქრისტიანობაში ანუ რეალური არქაიზმი, ხოლო, მეორე მხრივ, მეორეული სტიქიური წარმართობა, როცა ხალხურმა ნაკადმა გარკვეულწილად გადაფარა ქრისტიანული სუბსტრატი (ზ.კიკნაძე). ეს მოვლენები უფრო საქართველოს მთიანი მხარეებისათვის იყო დამახასიათებელი. აქ, ქრისტიანულ ეპოქაშიც კი დასტურდება მძლავრი წარმართული ფენის არსებობა. ამიტომ უფრო „ხალხური ქრისტიანობა“ იყო გავრცელებული, ვიდრე კანონიკური, ხშირი იყო ქრისტიანულ მსახურებაში ხალხური, არქაული ელემენტების შერევა. რაც დასტურდება არა მხოლოდ ისტორიული წყაროებით, არამედ საეკლესიო ტექსტებითა და ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი უძველესი რწმენა-წარმოდგენების შემცველი პრაქტიკის არსებობით. ქრისტიანობის “გახალხურების“ პროცესი წარიმართა ორი მიმართულებით:
- კანონიკურ მართლმადიდებლურ პრაქტიკაში ფრაგმენტული სახით შემორჩა ხალხური, არქაული ელემენტები, რაც იმის შედეგი იყო, რომ ქრისტიანობამ აითვისა ის წარმართული სახე–სიმბოლოები და შეხედულებები, რაც ქრისტიანობის გავრცელებისას უკვე არსებობდა საქართველოში და შეინახა არქაული წარმართული ფენა
- მოხდა უკვე ჩამოყალიბებული ქრისტიანული რელიგიის გაწარმართება, „გახალხურება“ ანუ, როცა სხვადასხვა მიზეზით (სამეფოს ცენტრიდან მოწყვეტა, თავისუფლება//დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა, პოლიტიკურ იარაღად რელიგიის გამოყენება....) უკვე ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ რელიგიაში წარმართობის ელემენტები შეიჭრა და მივიღეთ „წარმართობით ფერნაცვალი ქრისტიანობა“ (ზ.კიკნაძე).
აჭარაში უფრო გამოკვეთილია ქრისტიანობის მოგვიანებითი „გახალხურების“ პროცესი, რადგან აქ პაგანიზაციის სხვა მიზეზებს დაემატა ისტორიული ვითარებით გამოწვეული კიდევ ერთი ფაქტორი – ისლამი. XVI საუკუნემდე აჭარა საქართველოს ეკონომიურად და კულტურულად დაწინაურებულ რეგიონს წარმოადგენდა. იგი ერთიანი ქართული ორგანიზმის განუყოფელი ნაწილი იყო და, ბუნებრივია, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, აქაური მოსახლეობაც მტკიცედ იცავდა კანონიკურ ქრისტიანობას და სამეურნეო წელიწადის დაგეგმვა, საოჯახო და სოციალური ყოფაც ამ რწმენის საფუძველზე ვითარდებოდა, მაგრამ ოსმალთა სამსაუკუნოვანმა ბატონობამ თავისი კვალი დააჩნია აქაურთა მენტალობას და გამოიწვია აჭარის სულიერი კულტურის ისტორიული, რელიგიური და სხვა ლოკალური თავისებურებები. ისლამის ძალადობრივმა გავრცელებამ ქრისტიანობის დევნასა და მისი წინარექრისტანული რწმენა-წარმოდგენებით ჩანაცვლების პროცესს აქ ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგი შეუქმნა. რადგან აჭარაში ქრისტიანული ფენა თითქმის მთლიანად გამოდევნილია, ჩვენ არ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, იყო თუ არა აქ ქრისტიანობის პაგანიზაცია გამოწვეული ადრეული ქრისტიანობის ეტაპზე ქრისტიანობის მიერ ზოგიერთი წარმართული ელემენტის შეთვისებით ან წარმართული და ქრისტიანული სუბსტრატის შერწყმით, მაგრამ აჭარის ყოფაში აშკარად იკვეთება მეორეული „გაწარმართება“ ანუ უკვე ჩამოყალიბებული ქრისტიანული სარწმუნოების „გახალხურება“ რის შედეგადაც მივიღეთ “პაგანიზებული ქრისტიანობა“. თუმცა, აჭარაში პაგანიზმზე, როგორც რელიგიურ სისტემაზე ლაპარაკი რთულია, რადგან აქ შენარჩუნებულია პაგანიზმის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები, არასისტემური გამოვლინებები. პაგანიზაციის მიზეზად, აჭარაში, უპირველეს ყოვლისა, გვევლინება რელიგიათა ურთიერთზეგავლენით რიტუალების სინკრეტული ფორმით ჩამოყალიბება. ეს პროცესი იკვეთება ისეთ რიტუალებში, როგორიცაა: საღმრთოს გაღების ჩვეულება, წყალში განათვლის ხალხური პარალელები (მაღალ მთებში, მდინარეებზე, წყალსატევებსა თუ ტბებზე განბანვის და ლოცვა-ვედრების ჩვეულება, ზღვაში მასობრივი ბანაობის ტრადიცია – „მზოღას ონჩვიუში დღა”), 7 მაისის რიტუალი, გზობა//ბზობის ჩვეულება და სხვ. მათში იკვეთება სამი რელიგიის – ქრისტიანობამდელი, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტების თანაარსებობა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ისლამის მომძლავრების პირობებში ქრისტიანული ფენა თანდათან მიიჩქმალა, წაიშალა და წინა პლანზე წამოვიდა ისტორიულ მეხსიერებაში შემორჩენილი წარმართული რელიქტი, ხალხური რწმენა–წარმოდგენები, როგორც იდენტობის გადარჩენის საშუალება. რადგან კანონიკური ფორმით აჭარაში არსებული ქრისტიანული ტრადიციები ისლამის მიერ იდევნებოდა, ისინი უფრო საოჯახო დონეზე შემორჩა, სადაც მათი შესრულება გაბატონებული იდეოლოგიისაგან მოფარებულად შეიძლებოდა. ქრისტიანული ფენა აქ, ძირითადად, შემონახულია ტოპონიმებში, საკულტო ლექსიკაში (დღესასწაულების სახელწოდება, შელოცვების ტექსტები, რიტუალის ტექსტუალური ნაწილი, სიტყვიერი ფორმულები) და ზოგიერთი რიტუალის ფრაგმენტში. ამავე დროს, ისლამი სხვა, ხალხურ რიტუალებში ნაკლებად ერეოდა. ამიტომაც რელიგიური სინკრეტიზაციის პირობებში არქაული ელემენტების „ამოქმედება“, „გაცოცხლება“ ყოფაში იქცა ერთგვარ თვითშენარჩუნების, თვითგადარჩენის მექანიზმად აჭარაში. ამგვარად, აჭარის ეთნოკულტურაში სინკრეტული ფორმით შემორჩენულ რიტუალებში ქრისტიანული შრე უფრო ძველია და წარმართული ელემენტები სუბსტრატული ფენაა, მაგრამ, იმდენად შერწყმული და მოდიფიცირებული, რომ ძნელია საკულტო სისტემაში რეალური არქაიზმის გამოყოფა და გამიჯვნა ქრისტიანობის პაგანიზებული ფორმებისგან. თუმცა, აშკარაა, რომ ისტორიული ვითარების გამო, რელიგიათა ურთიერთადაპტაციის პროცესში, მოხდა ქრისტიანული სარიტუალო სისტემის დესაკრალიზაცია, ქრისტიანული ფენის გადაფარვა ხალხური ნაკადით ანუ მეორეული სტიქიური წარმართობით.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Djavaxishvili Ivane, Scientific works, 12 vols, v.1, Tbilisi, 1979
Kekelidze Korneli, Essays on the History of Ancient Georgian Literature, p.3, Tbilisi, 1955
Kiknadze Zurab, Christian Substratum of the Religious System of the Highlands of Eastern Georgia, Paganism and Paganization, Proceedings of the International Scientific Conference, Tbilisi., 2013
Nogaideli Djemal, Essays and Records Batumi, 1971
The New Testament and the Psalms, Stockholm 1991