ალექსანდრე ხახანაშვილი და ქართული დიალექტოლოგიის აქტუალური საკითხები

ალექსანდრე ხახანაშვილი დიალექტოლოგია ეთნოგრაფია ქართული ენა ონომასტიკა ლექსიკა

Авторы

ноября 27, 2026

წინამდებარე სტატიაში გაანალიზებულია ალექსანდრე ხახანაშვილის დამოკიდებულება დიალექტოლოგიის  აქტუალურ საკითხებთან. კვლევა ემყარება სამეცნიერო პუბლიკაციებს, საარქივო და პრესის მასალებს. ამ მხრივ,  საინტერესოა , გაზეთ ,,ივერიასა“ და ,,აკაკის თვიურ კრებულში“ გამოქვეყნებული კორესპოდენციები: ,,ფშაველებისა და მოხეევეების შესახებ“, ,,თუშები“ ,,მგზავრის დღიურიდამ“, ,,ქართული  სამწერლობო ენა“. ალექსანდრე  ხახანაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ეთნოგრაფი, რომელმაც შეადგინა ,,პროგრამა ეთნოგრაფიული და იურიდიული ცნობების შესაკრებად“ (შედგება 1260 კითხვის,  11 თავისა და  12 ქვეთავისაგან) .   ამ პროგრამის შედგენაში მონაწილეობდნენ მოსკოვის  უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტებიც. პროგრამა პრაქტიკულად გამოსაყენებელია ველზე სამუშაოდ არა მარტო ეთნოგრაფიისა და ისტორიისათვის, არამედ დიალექტოლოგიის, ფოლკლორისტიკისა და ქართული სამართლის ისტორიის შესწავლისათვის. პროგრამაში გამოკვეთილია  მეთოდები მასალების ჩაწერასთან დაკავშირებით: 1. სიტყვები და ფრაზები ჩაიწეროს სწორი ტრანსკრიფციით; 2.  ყურადღება უნდა მიექცეს ენის ლექსიკონსა და გრამატიკას.

ალექსანდრე  ხახანაშვილი  აქტიურად ჩაება  საველე მუშაობაში:  შემოიარა აღმოსავლეთ  იმიერკავკასიის, ყიზლარისა  და მოზდოკის მხარე და ორ ქართულ სოფელში ჩაიწერა  ეთნოგრაფიული და დიალექტური ტექსტები. მან შეკრიბა, აღწერა და თავი მოუყარა საქართველოს მთიანეთის ეთნოგრაფიული ყოფისა და მეტყველების  ამსახველ  მასალებს. კილოების შესწავლა და  მათი შემოტანა სალიტერატურო ენაში უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან  მწერლობის განვითარება თხოულობს ენისა და  კილოური მეტყველების დაახლოებას.  მნიშვნელოვნია  ენის სიწმინდის დაცვა ბარბარიზმებისაგან და ქართული ტერმინოლოგის ზუსტი თარგმნა სხვა ენაზე. დიალექტური თვალსაზრისით საყურადღებოა ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ამსახველი ლექსიკა, გეოგრაფიული მიმოხილვის, ზნე-ჩვეულების, საქმიანობის, სოციალური ურთიერთობების, საქორწილო ტრადიციების, გლოვის წესების, რწმენა-წარმოდგენების, ტანსაცმლის, იარაღის, ხევისბერის  ფუნქციის,  მთისა და ბარისათვის დამახასიათებელი ტერმინები. ხშირ შემთხვევაში ალ. ხახანაშვილი ონომასტიკურ მასალას თვითონ აანალიზებს ენათმეცნიერული მიდგომით. მის მიერ ჩაწერილი მასალების დიალექტოლოგიური კვლევა-ძიება  ქრონოლოგიურად მნიშვნელოვან დარგობრივ ლექსიკას გამოავლენს  თანამედროვეობასთან მიმართებაში.