2. სოციალური მეცნიერებები

The Limits of Deliberation: TV Debate on Higher Education System Changes in Georgia

დელიბერაცია უმაღლესი განათლების სისტემის ცვლილება სატელევიზიო დებატი დღის წესრიგი საქართველო

ავტორები

ტომ. 8 No. 3 (2026)
სტატიები
September 1, 2026

ჩამოტვირთვები

წარმოდგენილი სტატია ეხება სატელევიზიო დებატის დელიბერაციული ხარისხის შესწავლას ტელეკომპანია „იმედის“, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან აფილირებული ტელემედიის, ეთერში გამართული საჯარო დისკუსიის მაგალითზე. მსჯელობა ეხებოდა განათლების სისტემაში მიმდინარე ფუნდამენტურ ცვლილებებს. კვლევის მიზანია, გააანალიზოს ერთი მხრივ, დებატის, როგორც ანალიტიკური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ჟანრის, მონაწილეთა მიერ დისკუსიის დღის წესრიგის შექმნა და მეორე მხრივ, ონლაინ აუდიტორიის მიერ ამ დისკურსული ჩარჩოების აღქმა. ყურადღება გამახვილდა იმ ხერხებზე, კერძოდ, მტკიცებულებებისა და ავტორიტეტის გამოყენებაზე, რომელსაც გადაცემის სტუმრები მიმართავდნენ, რათა მოეპოვებინათ  დისკურსზე წვდომა.

სტატია ეფუძნება მედიამონოტორინგსა და უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ განსხვავებული მოსაზრებების ტელეგაშუქების შემთხვევის სიღრმისეულ ანალიზს.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის საფუძველზე ოთხი სატელევიზიო ანალიტიკური აგდაცემის 127 ეპიზოდიდან, რომელიც „უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფციის“ წარდგენის დღიდან (2025 წლის 16 ოქტომბერი) 2026 წლის ეროვნული გამოცდების დაწყებამდე (2026 წლის 2 ივლისი) გავიდა ეთერში, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს მხოლოდ 4 ეპიზოდი დაეთმო, ხოლო საჯარო განხილვა განსხვავებული მოსაზრებების მქონე სხვადასხვა სტატუსის აქტორებს შორის სატელევიზიო ეთერში მხოლოდ ერთხელ, ტელეკომპანია „იმედის“ ანალიტიკური გადაცემის „ღია ეთერი-დებატები“ 2026 წლის 14 თებერვლის ეპიზოდში, შედგა. შესაბამისად, გაანალიზდა აღნიშნული გადაცემის ტრანსკრიპტი დისკურსის ხარისხის ინდექსის ადაპტირებული ვერსიის, დისკუსიის თემატური დღის წესრიგის, არგუმენტაციისა და დისკურსული ლეგიტიმაციის მიდგომების გამოყენებით. ადრესატების მიერ დისკურსული ჩარჩოების აღქმის თავისებურებათა გამოვლენის მიზნით, ჩატარდა YouTube-ზე გამოქვეყნებული 122 ქართულენოვანი კომენტარის თვისებრივი კონტენტ-ანალიზი.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გადაცემის სტუმრებს დისკურსზე წვდომა არ ჰქონდათ თანაბრად. შესაბამისად, ასიმეტრია გამოიკვეთა დისკუსიის თემატური დღის წესრიგის შექმნის კუთხითაც. კერძოდ, 19 ძირითადი თემიდან 13 პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, წამოჭრა. საეთერო დროც სხვა სტუმრებთან შედარებით მეტი დაიკავა და  საგულისხმოა, რომ 108 კოდირებული მტკიცებიდან 63 მას ეკუთვნის. თუმცა, რაც შეეხება მტკიცებულებით მსჯელობას, მისი დისკურსი გადაცემის სხვა მონაწილეებთან შედარებით ნაკლებად ეყრდნობოდა ემპირიულ დასაბუთებას. მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური და განათლების პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლებმა ვერ მოიპოვეს კომუნიკაციური დომინირება, რადგან ნაკლებ მტკიცებას გამოთქვამდნენ, მათი მსჯელობა უფრო მეტად იყო გამყარებული თანმიმდევრული ემპირიული მონაცემებითა და პროფესიული ცოდნით.

აღსანიშნავია, რომ გადაცემაში წარმოდგენილი საერთო მტიკიცებების 30.6% დაუსაბუთებელი იყო, ხოლო 60.2% მინიმუმ 1 მსჯელობის ხარვეზს შეიცავდა. ჩვენ მიერ შესწავლილი დებატის დელიბერაციული ხარისხი  ასევე შეიზღუდა იმ 31 ეპიზოდით, რომელშიც გამოიკვეთა ირონია, სარკაზმი და პიროვნული და/ან პროფესიული დისკრედიტაცია.

ონლაინ აუდიტორიის 122 კომენტარის თვისებრივმა კონტენტ-ანალიზმა დაადასტურა, რომ კომენტატორები შეტყობინების პასიური მიმღებნი არ ყოფილან. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა დისკურსული ჩარჩოების გამეორება, გაძლიერება, პოლარიზებული ინტერპრეტაციებით გარდაქმნა და რიგ შემთხვევებში, კონკრეტული პოლიტიკური ჩარჩოებით ჩანაცვლება.

ამგვარად, ერთი შემთხვევის, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „ღია ეთერი-დებატები“ 2026 წლის 14 თებერვლის ეპიზოდის, სიღრმისეულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ფორმალური პლურალიზმი ტელეეთერში შინაარსობრივად თანასწორ დელიბერაციულ დისკურსად ვერ გარდაიქმნა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ მიღებული შედეგები ვერ განზოგადდება, რადგან მხოლოდ ერთი მიზნობრივად შერჩეული ეპიზოდით გამოვლინდა. სამაგიეროდ, აღსანიშნავია, რომ სტატიაში წარმოდგენილი კვლევის შედეგები  ფუნდამენტურ საფუძველს ქმნის შემდგომი ფართომასშტაბიანი კვლევისთვის, რათა დადგინდეს, ჩვენ მიერ გამოვლენილი ასიმესტია მხოლოდ ამ კონკრეტული გადაცემის თავისებურებაა თუ ქართული პოლარიზებული მედიასისტემის მახასიათებელი.