საქართველოში თანამედროვე არქიტექტურული მენეჯმენტის პროცესების პროცედურული გაუმჯობესებისა და განვითარების საკითხებისთვის
ჩამოტვირთვები
ნაშრომი სწავლობს არქიტექტურული პროექტირების პროცესს „სისტემური ინჟინერიის“ V - მოდელის ჭრილში და მიზნად ისახავს საქართველოს სამშენებლო სექტორში არსებულ პრაქტიკათა კრიტიკულ შეფასებას. კვლევა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ სირთულეებზე, რომლებიც დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის — სადაც პროცესების არასაკმარისი კოორდინაცია და ინტეგრაციის ნაკლებობა ხშირად იწვევს სისტემურ არაეფექტიანობას. ამ პროცესში საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები რგოლი, როგორც წესი, თავად კაპიტალის მფლობელია, ხოლო დანარჩენი მონაწილეები — დეველოპერი, არქიტექტორი, მარეგულირებელი ორგანოები და მომწოდებლები — იშვიათად აღიქმებიან ერთიანი პროცესის ნაწილებად და, შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, გამორიცხულია მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ეტაპებზე. თანამშრომლობა ხშირად ეფუძნება პირად ურთიერთობებსა და ნდობას, ვიდრე სტრუქტურირებულ და გამჭვირვალე სისტემურ წესრიგს. ასეთ პირობებში ყურადღება ძირითადად კონცენტრირებულია საბოლოო პროდუქტზე, მაშინ, როცა წარმოებისა და ორგანიზების პროცესები ხშირად მეორეხარისხოვნად რჩება. კვლევის მთავარი მიზანია, გამოვლინდეს საქართველოში საპროექტო პრაქტიკაში არსებული ხარვეზები — როგორ ვლინდება პროცესების სირთულე, სად ჩნდება ხარვეზები და რა სახის არაეფექტიანი პრაქტიკები ამცირებს პროექტირების ხარისხს. კვლევა პასუხს გასცემს შემდეგ კითხვებს: როგორ მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოების პროცესი საქართველოში არსებული პრაქტიკის მიხედვით? და, როგორ გამოვიყენოთ სისტემური ინჟინერიის მიდგომები საპროექტო სამუშაოების პროცესის ეფექტურობის და ეფექტიანობის ამაღლებისთვის საქართველოში? ამასთან, ნაშრომი გვთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე სისტემური მიდგომების დანერგვას. მეთოდოლოგიურად, კვლევა ეფუძნება ხარისხობრივ ანალიზს — ლიტერატურის მიმოხილვას, კონკრეტული შემთხვევების შეფასებას და პრაქტიკოს არქიტექტორებთან ნახევრადსტრუქტურირებულ ინტერვიუებს. კვლევა მნიშვნელოვანია როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული თვალსაზრისით: სამშენებლო ინდუსტრიისთვის ის შეიძლება გახდეს პროცესების ოპტიმიზაციისა ინსტრუმენტი, ხოლო აკადემიური სფეროსთვის — ინტერდისციპლინარული მოდელების დანერგვისა და სასწავლო პროგრამების განვითარების საფუძველი. სახელმწიფო სტრუქტურებისთვის კი ნაშრომი ღირებული იქნება სტანდარტიზაციისა და რეგულაციების დახვეწის კუთხით. კვლევის საგანი შეეხება არქიტექტორის, როგორც ინტერდისციპლინარული პროცესების კოორდინატორისა და სისტემური აზროვნების მატარებლის როლის გააზრებას. დასმული კვლევითი კითხვები მიმართულია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები საქართველოს კონტექსტში და რა პოტენციალი აქვს სისტემური ინჟინერიის მიდგომების გამოყენებას ეფექტიანობის ასამაღლებლად. აღნიშნული საკითხის განხილვა ორი ძირითადი მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს - პირველი, პრაქტიკული მიმართულება, რაც გულისხმობს არქიტექტორის მონაწილეობის ანალიზს საპროექტო სამუშაოების დაგეგმვასა და კოორდინაციაში, ინტერდისციპლინარული გუნდის ფარგლებში მისი როლებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრას და პროცესების ინტეგრაციის მექანიზმების გამოკვლევას. მეორე კონცეპტუალური მიმართულება, რომელიც ფოკუსირდება არქიტექტორის როლზე, როგორც სისტემური ინჟინერიის პროცესებში ჩართულ ინტერდისციპლინარულ კოორდინატორზე. ეს მოიცავს არქიტექტორის ფუნქციის გააზრებას, როგორც პროცესების მართვისა და ინტეგრაციის კონცეპტუალურ შესაძლებლობას, რომელიც ქმნის საფუძველს პროცესების ეფექტურობის ანალიზისა და თეორიული მოდელების შემუშავებისთვის. საბოლოოდ ნაშრომი ქმნის ინტეგრირებულ ჩარჩოს, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის განსავითარებლად.
Downloads
Alexander, Kossiakoff, W. N., Sweet, S. J., Seymour, S. M., & Biemer, S. M. (2011). Systems Engineering Principles and Practice (2nd ed.). Wiley.
Almutairi, A. F., Gardner, G. E., & McCarthy, A. (2014). Practical guidance for the use of a pattern‐matching technique in case‐study research: A case presentation. Nursing & Health Sciences, 16(2), 239–244.
Forsberg, K., & Mooz, H. (1991). The relationship of system engineering to the project cycle. Proceedings of the First Annual Symposium of the National Council on Systems Engineering.
Lightsey, B. (2001). Systems Engineering Fundamentals.
ProRail, R., & Bouwend-Nederland, O. N. R. I. (2013). Guideline Systems Engineering for Public Works and Water Management.
Yin, R. K. (2003). Case Study Research: Design and Methods. Sage Publications.
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

