მხრის რბილი ქსოვილების ტრავმების ფიზიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ განმეორებითი დაზიანებების შემთხვევების შესწავლა სპორტსმენებში

shoulder trauma recurrent pain shoulder function

ავტორები

ტომ. 4 No. 5 (2022)
სტატიები
ноября 18, 2022

ჩამოტვირთვები

მხრის რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანებები სპორტსმენებში, მხრის ტკივილის და დისფუნქციის გავრცელების ძირითადი მიზეზია. ეს დაზიანებები სერიოზულ გავლენას ახდენს სპორტსმენის შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე, რაც ხშირად სპორტსმენების საწვრთნო და საშეჯიბრო პროცესებიდან ჩამოშორების მიზეზი ხდება. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, სპორტულ მოღვაწეობაში ხანგრძლივი პაუზა თითქმის შეუძლებელია, რადგან შემთხვევათა უმრავლესობაში ეს უკანასკნელი პროფესიული კარიერის დასრულების ტოლფასია. უნდა აღინიშნოს, რომ მხრის რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანებების (ორთავა კუნთის გრძელი თავის ტენდინიტი, როტატორული სარტყლის სტრუქტურების, სასახსრე ბაგის ნაწილობრივი დაზიანება) კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ არცთუ იშვიათად ადგილი აქვს განმეორებით დაზიანებებსა და რეციდივებს, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს სპორტსმენის მხრის ფუნქციის სრულად აღდგენას და საწვრთნო პროცესიდან სპორტსმენის ჩამოშორება კიდევ უფრო ხანგრძლივდება. წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს მხრის რბილი ქსოვილების ტრავმების ფიზიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ განმეორებითი დაზიანებებისა და ტკივილის რეციდივების შემთხვევების შეფასება სპორტსმენებში. კვლევა მოიცავს სპორტსმენების მხრის რბილი ქსოვილების ტრავმების ფიზიოთერაპიული მკურნალობის შემდეგ განმეორებითი დაზიანებებისას ტკივილის რეციდივის აღმოცენების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შეფასებას სპორტსმენთა ჩვეულ აქტივობაში დაბრუნებიდან 8 და 12 კვირის შემდეგ. მონიტორინგი განხორციელდა 52 სპორტსმენზე, თსსუ-ის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრში. სპორტსმენთა საშუალო ასაკი -  23 ± 2 წელი. კვლევაში მონაწილე სპორტსმენები რანდომულად გადანაწილდა სამ ჯგუფში: I (ძირითადი), II და III საკონტროლო ჯგუფები და განხორციელდა შესაბამისი სარეაბილიტაციო ინტერვენციები. კვლევაში მონაწილე სამივე ჯგუფის პაციენტებში, ჩვეულ სპორტულ აქტივობაში ჩართვიდან 8 და 12 კვირის შემდეგ,  შესწავლილი იქნა მხრის ფუნქციის შეზღუდვის და ტკივილის აღმოცენების შემთხვევები PSS (The Penn Shoulder Score) მხრის ტკივილის და SSPS (Subjective Sport Performance Satisfaction) ფიზიკური შესაძლებლობების სუბიექტური შეფასების სკალებისა და კერლან-ჯოუბის მხრისა და იდაყვის ორთოპედიული კლინიკური სკალების (Kerlan-Jobe Orthopedic Clinical shoulder and elbow score - KJOC) მიხედვით.

კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, 52 სპორტსმენის სპორტული აქტივობის დაწყებიდან 8 კვირის შემდეგ გამოვლინდა ადრეული განმეორებითი დაზიანებების შემთხვევები სპორტსმენთა 35%-ში, ხოლო 12 კვირის შემდეგ დანარჩენი 34 სპორტსმენიდან (65%) გვიანი განმეორებითი დაზიანებების შემთხვევები დაფიქსირდა 25%-ში. 52 სპორტსმენის სპორტული აქტივობის დაწყებიდან 8 კვირის შემდეგ, განმეორებითი ადრეული დაზიანებების 18 შემთხვევა აღინიშნა, დარჩენილი 34 სპორტსმენიდან 12 კვირის შემდეგ განმეორებითი გვიანი დაზიანებების შემთხვევები გამოვლინდა 8 სპორტსმენში. კვლევა მოიცავს სპორტსმენთა სპორტულ აქტივობაში ჩართვიდან 8 და 12 კვირის შემდეგ I-II და I-III ჯგუფებში განვითარებული განმეორებითი დაზიანებების შემთხვევების შესწავლას, შეფასებას და შედარებით ანალიზს მითითებული სკალების საშუალებით. კვლევამ ცხადყო, რომ კომბინირებული ფიზიკური აგენტებით მკურნალობა საგრძნობლად ამცირებს სპორტსმენებში განმეორებითი დაზიანებების შემთხვევების რაოდენობას; ასევე გამოვლინდა აღმოცენებული ტკივილის რეციდივის სარწმუნოდ დაბალი მაჩვენებელი, რაც უზრუნველყოფს სპორტსმენის შრომისუნარიანობისა და სპორტული აქტივობის ოპტიმიზაციას.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.