4.1 მედიცინა

როდესაც ყოველი წუთი გადამწყვეტია: მშობიარობის დროს განვითარებული მასიური ინტრავენტრიკულური სისხლჩაქცევის მულტიდისციპლინური მართვა - კლინიკური შემთხვევის აღწერა

ინტრავენტრიკულური სისხლჩაქცევა მშობიარობა ობსტრუქციული ჰიდროცეფალია გარეგანი ვენტრიკულური დრენირება მულტიდისციპლინური მართვა გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობა

ავტორები

  • ნანა თაქთაქიშვილი აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, თბილისი, Georgia
  • მაგდა თორთლაძე აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, თბილისი, Georgia
  • პაატა ჟორჟოლიანი აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, თბილისი, Georgia
  • ლიკა ხორბალაძე აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი, თბილისი, Georgia
ტომ. 8 No. 4(1) (2026)
სტატიები
November 14, 2026

ჩამოტვირთვები

შესავალი

მშობიარობის დროს განვითარებული მწვავე ნევროლოგიური მდგომარეობის  განვითარება მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ და თერაპიულ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კრუნჩხვითი გულყრებით მიმდინარე კლინიკურ შემთხვევებში ეკლამპსია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავარაუდო დიაგნოზია, აუცილებელია ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევისა და მწვავე ჰიდროცეფალიის დროული ამოცნობა.

ეფექტური მართვა მოითხოვს პაციენტის მდგომარეობის სწრაფ შეფასებას, სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა კოორდინირებულ მოქმედებასა და დროულ ნეიროქირურგიულ ჩარევას.

კლინიკური შემთხვევის აღწერა

32 წლის ქალს მშობიარობის დროს განუვითარდა ცნობიერების უეცარი დაკარგვა და გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები.

2026 წლის 6 მარტს, გადაუდებელი წესით ჰოსპიტალიზაციისას, პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. ცნობიერების დონე გლაზგოს კომის შკალით (GCS) შეადგენდა 4/15 ქულას. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დაუყოვნებელი ენდოტრაქეული ინტუბაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

თავის ტვინის გადაუდებელი კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოვლინდა მარცხენა კუდიანი ბირთვის მიდამოში ლოკალიზებული, დაახლოებით 1 × 2 × 1 სმ ზომის ინტრაცერებრული ჰემატომა, სისხლის დიფუზური ინტრავენტრიკულური გავრცელებით, ვენტრიკულომეგალიითა და ინტრაკრანიალური ჰიპერტენზიის რადიოლოგიური ნიშნებით.

მულტიდისციპლინური შეფასების საფუძველზე, ჰოსპიტალიზაციიდან დაახლოებით 83 წუთში, გადაუდებელი წესით ჩატარდა მარჯვენამხრივი ფრონტალური გარეგანი ვენტრიკულური დრენირება ინტრაკრანიალური წნევის (ICP) მონიტორინგის სისტემის იმპლანტაციით.

ინტრაოპერაციულად მიღებულ იქნა ქსანტოქრომული ცერებროსპინალური სითხე (ლიქვორი)მაღალი წნევით.

 კლინიკური მიმდინარეობა

პაციენტის მდგომარეობა მოითხოვდა ხანგრძლივ ინტენსიურ თერაპიას, რესპირატორულ მხარდაჭერას, ტრაქეოსტომიის ჩატარებას, ნევროლოგიური სტატუსის დინამიკურ მონიტორინგსა და განვითარებული გართულებების მკურნალობას.

თანმიმდევრული კლინიკური და რადიოლოგიური შეფასებების საფუძველზე, ვენტრიკულური დრენაჟი ინტრაკრანიალური წნევის მონიტორინგის სისტემასთან ერთად ამოღებულ იქნა. შემდგომი დაკვირვებისას პარკუჭოვანი სისტემის განმეორებითი დილატაცია არ დაფიქსირებულა.

15 აპრილის მდგომარეობით, პაციენტი იყო ჰემოდინამიკურად სტაბილური, სუნთქავდა სპონტანურად ტრაქეოსტომული მილის საშუალებით, დამატებითი ჟანგბადის მიწოდების ფონზე. ნევროლოგიური სტატუსის შეფასებით, პაციენტი სპონტანურად ახელდა თვალებს, აფიქსირებდა მზერას და ცდილობდა მარტივი ინსტრუქციების შესრულებას.

 განხილვა

წარმოდგენილი კლინიკური შემთხვევა ხაზს უსვამს ინტრაკრანიალური პათოლოგიის დროული იდენტიფიცირების მნიშვნელობას სამეანო პრაქტიკაში განვითარებული გადაუდებელი ნევროლოგიური მდგომარეობების დიფერენციული დიაგნოსტიკის პროცესში.

მიუხედავად ინტრაპარენქიმული ჰემატომის შედარებით მცირე ზომისა, სისხლის მასიურმა ინტრავენტრიკულურმა გავრცელებამ და მწვავე ობსტრუქციულმა ჰიდროცეფალიამ სიცოცხლისთვის უშუალო საფრთხის შემცველი მდგომარეობა განაპირობა.

აღნიშნული შემთხვევა წარმოაჩენს პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის შეფასებისას არა მხოლოდ ჰემატომის მოცულობის, არამედ მისი ანატომიური ლოკალიზაციის, ინტრავენტრიკულური გავრცელების, ლიქვოროცირკულაციის დარღვევისა და შესაბამისი ნევროლოგიური გამოვლინებების გათვალისწინების აუცილებლობას.

 დასკვნა

დროული ნეიროვიზუალიზაცია, ცერებროსპინალური სითხის გადაუდებელი გარეგანი დრენირება, კოორდინირებული მულტიდისციპლინური მართვა და უწყვეტი ინტენსიური თერაპია პერიპარტალურ პერიოდში განვითარებული მძიმე ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტებს წარმოადგენს.

წარმოდგენილი შემთხვევა იძლევა მნიშვნელოვან პრაქტიკულ გამოცდილებას საქართველოში გადაუდებელი სამედიცინო რეფერალის სისტემის სრულყოფის, სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა თანამშრომლობის გაძლიერებისა და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მართვის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.