გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1904 წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტექსტში
ჩამოტვირთვები
სტატიაში შესწავლილია, თუ როგორ წარმოაჩენდა გაზეთი „ცნობის ფურცელი“ 1904 წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებსა და პროცესებს მას შემდეგ, რაც იგი სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ორგანო გახდა და როგორ ავლენდა საკუთარ იდეურ ხედვებს. „ცნობის ფურცელი“ აქტიურად ეხმიანებოდა ეპოქის მნიშვნელოვან მოვლენებს, მათ შორის, რუსეთ-იაპონიის ომს, ასევე იმ დროინდელ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პრობლემებს. გამოცემაში ქვეყნდებოდა პუბლიცისტური მასალები სოციალური უთანასწორობისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. შესაბამისად, გაზეთი არა მხოლოდ საინფორმაციო ფუნქციას ასრულებდა, არამედ საზოგადოებრივ-კულტურული პროცესების ამსახველ ისტორიულ წყაროსაც წარმოადგენდა.
კვლევის ფარგლებში შესწავლილია 1904 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოქვეყნებული მასალები. გაანალიზებულია საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის აქტუალური თემატური მიმართულებები და მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენები, მათ შორის რუსეთ-იაპონიის ომი, რომელმაც შეცვალა საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება და ძალთა ბალანსი აღმოსავლეთ აზიაში. 1904 წლის პუბლიკაციებში გამოკვეთილი თემატური აქცენტები შეფასებულია ისტორიულ კონტექსტში. მიუხედავად ცალკეული კვლევებისა, „ცნობის ფურცელი“ დღემდე არ არის სრულყოფილად შესწავლილი, განსაკუთრებით ჟურნალისტიკის მიმართულებით, რაც კვლევის აქტუალობას განაპირობებს. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია გამოცემის წამყვან ავტორთა პუბლიცისტურ საქმიანობაზეც. გაანალიზებულია მათ მიერ მომზადებული მასალების თემატური და შინაარსობრივი თავისებურებები, არგუმენტაციის ფორმები და საკითხებისადმი დამოკიდებულება, რაც შესაძლებლობას იძლევა, გამოიკვეთოს როგორც ცალკეული ავტორების (ფილიპე გოგიჩაიშვილის, სამსონ ფირცხალავას, ივანე ჯავახიშვილის და სხვ.) პუბლიცისტური ხელწერა, ისე გამოცემის საერთო სარედაქციო და იდეური მიმართულებები. აღნიშნული მასალების შესწავლა მნიშვნელოვანია იმის გასააზრებლად, თუ როგორ უკავშირდებოდა კონკრეტული თემები გაზეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პოზიციებს.
კვლევა ეფუძნება საარქივო კვლევასა და კონტენტ-ანალიზს. 1904 წლის ნომრების საფუძველზე განხორციელდა გაზეთის შინაარსობრივი, ჟანრობრივი და იდეოლოგიური მახასიათებლების სისტემური ანალიზი. შესწავლილი და სისტემატიზებულია საარქივო მასალა, გაანალიზებულია ცალკეული პუბლიკაციების თემატური, შინაარსობრივი და ჟანრობრივი თავისებურებები. საკითხის კომპლექსურად შესწავლის მიზნით გამოყენებულია ინტერდისციპლინური მიდგომა და კონტექსტური ცოდნა; ასევე მასალა განხილულია ისტორიოგრაფიულ ჭრილში.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ „ცნობის ფურცელი“ საინფორმაციო ფუნქციასთან ერთად საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მნიშვნელოვან როლსაც ასრულებდა. სარედაქციო ჯგუფის ერთ-ერთ უმთავრეს მისწრაფებას საზოგადოების ინტელექტუალურ და სამოქალაქო განვითარებაში მონაწილეობა წარმოადგენდა, რაც აქტუალური თემებისა და საკითხების დღის წესრიგში დაყენებასა და იმ ღირებულებებისა და იდეების გავრცელებაში გამოიხატებოდა, რომლებსაც გაზეთის წარმომადგენლები ეროვნული წინსვლის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევდნენ. შესაბამისად, „ცნობის ფურცელი“ წარმოადგენს XX საუკუნის დასაწყისის ქართული პრესის თვალსაჩინო გამოცემას და მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს, რომელიც ეპოქის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული რეალობის შესწავლის შესაძლებლობას იძლევა.
Downloads
გაჩეჩილაძე, მ. (1986). გაზეთი „ცნობის ფურცელი“ (ტექნიკურ-ორგანიზაციული საკითხები...). ქართული ჟურნალისტიკა, ტ. VII, გვ. 42–69. თბილისი: მეცნიერება.
ვაჩნაძე, მ., & გურული, ვ. (2014). საქართველოს ისტორია. თბილისი: ინტელექტი.
ლასხიშვილი, გ. (2006). ქართული მწერლობა, ტ. XXVII. თბილისი: ნაკადული.
ონიკაძე, დ. (2008). სოციალისტ-ფედერალისტები. თბილისი: უნივერსალი.
შამილიშვილი, მ. (2016). 1900-1910-იანი წლების ქართული ჟურნალისტიკის ძირითადი ტენდენციები. წიგნში: XX საუკუნის ქართული ლიტერატურა (გვ. 423–451). თბილისი.
შველიძე, დ. (1993). პოლიტიკური პარტიების წარმოშობა საქართველოში: ნაკვეთი 1 — ფედერალისტები. თბილისი: არსი.
ჯორჯაძე, ა. (2021). სოციალიზმ-ფედერალიზმი საქართველოში. თბილისი.
საავტორო უფლებები (c) 2026 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

