ლინგვისტიკური პრობლემების გადაწყვეტა კრეატიული აზროვნების მეთოდების გამოყენებით (ქაშუეთის ტაძრის ეტიმოლოგიის და მისი არქეტიპის დანიშნულების კვლევათა მაგალითზე)

არქიტექტურული ძეგლები ქაშუეთი ეტიმოლოგიური ძიებები კრეატიული აზროვნების მეთოდები

ავტორები

ტომ. 8 No. 3 (2026)
სტატიები
September 22, 2026

ჩამოტვირთვები

სტატიაში წამოყენებულია თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე  მდებარე ეკლესიის  ქაშუეთის სახელწოდების ეტიმოლოგიური  წარმოშობის ახალი ვერსია.  განიხილება აგრეთვე, მისი არქეტიპის დანიშნულების ვერსია.

ამ ვერსიების შემუშავებისას, სათანადო არგუმენტების  მოძიებისა და გაანალიზების პროცესებში ვეყრდნობოდით მეცნიერული კვლევების წარმართვისათვის დღეს ასე ფართოდ გამოყენებულ ინტერდის­ციპ­ლინურ მიდგომას.

კერძოდ, ფაქტებს და არტექფატებს მოვიხმობდით შემდეგი მეცნიერული დარგებიდან:

ლინგვისტიკა, არქიტექტურა, ასტრონომია.

მოპოვებული მონაცემების შეჯერებას ვახდენდით ქრისტიანული და კიდევ უფრო ადრინდელი წარმოშობის რელიგიებში მიღებულ წეს-ჩვეულებებთან, არტეფაქტებთან, ასევე, ვეყრდნობოდით ჩვენ მიერ ადრე შესრულებულ სამუშაოებს ენის წარმოშობის პრობლემის თაობაზე.

დასკვნების გამოსატანად კი მივმართავდით კრეატიული აზროვნების სფეროსთვის შემუშავებულ ისეთ მიდგომებს, როგორიცაა:

დოქტორ დე ბონოს ექვსი ქუდის, დელფოსის და CoRT მეთოდები, რომელთაც არაერთხელ დაამტკიცეს თავიანთი ეფექტიანობა რთული  ამოცანების გადაჭრისათვის გზების ძიებისას  და მათ შორის, - ლინგვისტიკის სფეროშიც.

ამრიგად, წამოჭრილი საკითხი განიხილებოდა და წყდებოდა უფრო ფართო ჭრილში, ვიდრე ამის შესაძლებლობას მოგვცემდა კვლევის ინსტრუმენტების არსენალში  მხოლოდ ლინგვისტიკური მეთოდების ჩართვა.

ჩატარებული კვლევების შედეგად მივედით შემდეგ დასკვნებამდე:

  • სახელწოდება ქაშუეთი მომდინარეობს ფრიად არქაული წარმოშობის სიტყვა ქვასვეტისგან;
  • ამ ობიექტის ერთ-ერთი, ამასთან, უმთავრესი დანიშნულება გახლდათ ასტრონომიული ფუნქციების შესრულება;
  • ათასწლეულების განმავლობაში მოხდა აღნიშნული ეტიმონის მოდიფიცირება, სახეცვლილი ტერმინი კი მისი დანიშნულების გადააზრების შედეგად ე. წ. ხალხური ეტიმოლოგიების წყაროდ იქცა.

მიჩნეულია, რომ ნებისმიერი წარმატებული კვლევის შედეგი თავის თავზე მეტია.

უძველესი ობიექტების დანიშნულების საკითხში უფრო ღრმად გასარკვევად  კვლევების გაგრძელებამ მიგვიყვანა ასეთ მოსაზრებებამდეც:

ქაშუეთის მდებარეობის მსგავსი ადგილები უხსოვარი დროიდან მნათობების ტრაქტორიებზე დაკვირვების პუნქტებს წარმოადგენდნენ. მათი დახმარებით მოპოვებული ინფორმაცია მეტად ღირებული გახლდათ მიწათმოქმედი ხალხებისთვის, რომელთა შორისაც ერთ-ერთი პირველები პროტოქართველები იყვნენ. დროთა განმავლობაში ქვასვეტები რომელიმე წარმართული ღვთაების თაყვანისცემის ობიექტიც ხდებოდა.

ამ მოვლენით აიხსნება, ერთი შეხედვით, ის უცნაური ფაქტი, რომ გამარჯვებული რელიგიების წარმომადგენლები თავიანთი საკულტო ობიექტებისთვის სწორედ იმ ადგილებს ირჩევდნენ, სადაც მანამდე ახალ ეპოქებში შერისხული, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისთვის განკუთვნილი  ძეგლები იდგა.