მაღალი დოზით ინტრავენური მეთილპრედნიზოლონის პულს-თერაპიით ინდუცირებული დიაბეტური კეტოაციდოზი დერმატომიოზიტის მქონე პაციენტში: კლინიკური შემთხვევა

დიაბეტური კეტოაციდოზი გლუკოკორტიკოიდები სტეროიდებით ინდუცირებული ჰიპერგლიკემია მეთილპრედნიზოლონის პულს-თერაპია დერმატომიოზიტი კლინიკური შემთხვევა

ავტორები

ტომ. 8 No. 3 (2026)
სტატიები
August 1, 2026

ჩამოტვირთვები

შესავალი: დიაბეტური კეტოაციდოზი (DKA) შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში მწვავე გართულებაა, რომელიც ხასიათდება ჰიპერგლიკემიით, მეტაბოლური აციდოზითა და კეტოზით. მიუხედავად იმისა, რომ გლუკოკორტიკოიდებით გამოწვეული ჰიპერგლიკემია ფართოდ არის ცნობილი, დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარება პაციენტებში, რომლებსაც მანამდე შაქრიანი დიაბეტი არ ჰქონდათ, იშვიათ მოვლენას წარმოადგენს. მაღალი დოზით ინტრავენურმა მეთილპრედნიზოლონის პულს-თერაპიამ შესაძლოა მკვეთრად გაზარდოს ინსულინრეზისტენტობა და გამოიწვიოს მძიმე მეტაბოლური დეკომპენსაცია.

კლინიკური შემთხვევა: წარმოდგენილია 62 წლის პაციენტის კლინიკური შემთხვევა აქტიური დერმატომიოზიტით, რომელსაც მაღალი დოზით ინტრავენური მეთილპრედნიზოლონის პულს-თერაპიის ჩატარების შემდეგ განუვითარდა მძიმე დიაბეტური კეტოაციდოზი. პაციენტს ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი არ აღენიშნებოდა, ხოლო თვითკონტროლისას გლიკემიის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო. პულს-თერაპიის დასრულების შემდეგ განვითარდა გამოხატული ჰიპერგლიკემია (545 მგ/დლ), კეტონურია, მეტაბოლური აციდოზი (pH 7.20; HCO₃⁻ 14.8 mmol/L) და ანიონური ნაპრალის მომატება, რაც შეესაბამებოდა დიაბეტური კეტოაციდოზის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. დაუყოვნებლივ დაიწყო ინტენსიური ინფუზიური თერაპია, ინტრავენური ინსულინის უწყვეტი ინფუზია, ელექტროლიტური დარღვევების კორექცია და მუდმივი მონიტორინგი, რის შედეგადაც მიღწეულ იქნა ჰიპერგლიკემიისა და მეტაბოლური აციდოზის ეტაპობრივი კორექცია. მიუხედავად მეტაბოლური პარამეტრების გაუმჯობესებისა, პაციენტს აღენიშნებოდა დერმატომიოზიტის პროგრესირებასთან დაკავშირებული კუნთოვანი სისუსტე, დისფაგია და სუნთქვის უკმარისობის გაღრმავება.

დასკვნა: წარმოდგენილი შემთხვევა ხაზს უსვამს, რომ მაღალი დოზით გლუკოკორტიკოიდული პულს-თერაპია შეიძლება გახდეს დიაბეტური კეტოაციდოზის მაპროვოცირებელი ფაქტორი იმ პაციენტებშიც კი, რომლებსაც მანამდე შაქრიანი დიაბეტი არ ჰქონდათ. გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის დროს, განსაკუთრებით აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში, აუცილებელია სისხლის გლუკოზის დონის რეგულარული მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მძიმე მეტაბოლური გართულებები და უზრუნველყოფილი იყოს დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.