საქართველოს საპენსიო რეფორმის მმართველობითი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები

საპენსიო რეფორმა დაგროვებითი პენსია მმართველობა ფისკალური მდგრადობა ნებაყოფლობითი კერძო პენსია კაპიტალის ბაზარი

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
June 9, 2026

ჩამოტვირთვები

სტატია აანალიზებს საქართველოს საპენსიო პოლიტიკის რეფორმას მმართველობითი პერსპექტივიდან და აფასებს, რამდენად ქმნის მრავალსვეტიანი მოდელი ადეკვატური, ფისკალურად მდგრადი და ინსტიტუციურად სანდო საპენსიო უზრუნველყოფის წინაპირობებს. კვლევა ეფუძნება სამაგისტრო ნაშრომში თავმოყრილ დოკუმენტურ მასალას, ნორმატიული აქტების შინაარსობრივ ანალიზს, ოთხი ქვეყნის – სომხეთის, შვედეთის, ყაზახეთისა და ჩილეს – შედარებით განხილვას და ხუთ სიღრმისეულ ინტერვიუს, რომლებიც ჩატარდა საპენსიო სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებთან. კვლევის ძირითადი კითხვა ეხება იმას, რა მმართველობითი გამოწვევები გამოვლინდა საპენსიო რეფორმის განხორციელებისას და რომელი ინსტიტუციური პირობებია აუცილებელი რეფორმის შემდეგი ეტაპისათვის.

სტატიის შედეგები აჩვენებს, რომ პირველი სვეტი კვლავ აუცილებელია სიღარიბის პრევენციისა და სოციალური მინიმუმის უზრუნველსაყოფად, თუმცა მისი გრძელვადიანი მდგრადობა დამოკიდებულია ინდექსაციის წესის თანმიმდევრულ გამოყენებაზე და საბიუჯეტო წნეხის კონტროლზე. მეორე სვეტის შემთხვევაში მთავარ გამოწვევებს წარმოადგენდა ინსტიტუციური სტრუქტურის მოქნილობა, საინვესტიციო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, აქტივების მართვის კვალიფიციური რესურსის დეფიციტი, განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი, საინვესტიციო ინსტრუმენტების შეზღუდული არჩევანი და მოსახლეობის ნდობა. 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებმაც ორსაბჭოიანი მოდელი ერთიანი მმართველობითი საბჭოთი შეცვალა, ნაწილობრივ უპასუხა კვლევაში იდენტიფიცირებულ პრობლემას, თუმცა ახალმა მოდელმა გააჩინა პოლიტიკური გავლენისგან დაცულობისა და ფიდუციური დამოუკიდებლობის დამატებითი მოთხოვნები. მესამე სვეტის ამოქმედება კი ქმნის შესაძლებლობას კერძო დანაზოგების, კონკურენციისა და დამსაქმებლის ბენეფიტების განვითარებისთვის, მაგრამ მისი ეფექტიანობა დამოკიდებული იქნება საგადასახადო სტიმულებზე, ზედამხედველობის ხარისხზე და მოქალაქეთა ფინანსურ განათლებაზე. დასკვნის სახით ნაშრომი ამტკიცებს, რომ რეფორმის წარმატება არ უნდა შეფასდეს მხოლოდ დაგროვებული აქტივების მოცულობით; გადამწყვეტია მმართველობის გამჭვირვალობა, რისკების მართვის ხარისხი და სამივე სვეტის თანმიმდევრული კოორდინაცია.