4.1 მედიცინა

ენდომეტრიუმის ენდომეტროიდული კარცინომების რეციდივთან ასოცირებული კლინიკურ-მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური თავისებურებები

ენდომეტრიუმის კარცინომა ენდომეტრიოიდული კარცინომა რეციდივი ER PR Ki67 p53 იმუნოჰისტოქიმია ციფრული პათოლოგია პროგნოზი

ავტორები

ტომ. 8 No. 2 (2026)
სტატიები
მაისი 22, 2026

ჩამოტვირთვები

ენდომეტრიუმის კარცინომა ქალთა რეპროდუქციული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ავთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დაბალი ხარისხის ენდომეტრიოიდული კარცინომები ჩვეულებრივ კეთილსაიმედო პროგნოზთან ასოცირდება, პაციენტთა ნაწილში ვითარდება ადგილობრივი ან დისტანციური რეციდივი. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს დამატებითი კლინიკურ-მორფოლოგიური და იმუნოფენოტიპური პროგნოსტიკური მარკერების შეფასების აუცილებლობაზე. კვლევის მიზანს წარმოადგენდა დაბალი ხარისხის ენდომეტრიოიდული ენდომეტრიული კარცინომების რეციდივთან ასოცირებული კლინიკურ-მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური თავისებურებების შეფასება. კვლევა ჩატარდა რეტროსპექტიულ არქივულ მასალაზე. გამოყენებულ იქნა ფორმალინში ფიქსირებული და პარაფინში ჩაყალიბებული (FFPE) ენდომეტრიული სიმსივნური ქსოვილები, რომლებიც შეგროვდა 2018–2025 წლებში. ანალიზისთვის შერჩეულ იქნა დაბალი ხარისხის ენდომეტრიოიდული კარცინომები და შემთხვევები დაიყო არარეციდივირებულ და რეციდივირებულ ჯგუფებად. შეფასდა კლინიკურ-მორფოლოგიური პარამეტრები, მათ შორის FIGO სტადია, მიომეტრიუმის ინვაზია, ლიმფოვასკულური ინვაზია (LVSI) და დაავადებისგან თავისუფალი პერიოდი (DFS). იმუნოჰისტოქიმიური კვლევა შესრულდა ER, PR, Ki67 და p53 მარკერების გამოყენებით. ციფრული ანალიზი განხორციელდა whole-slide imaging სისტემისა და QuPath/ImageJ პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რეციდივირებული კარცინომები უფრო ხშირად ასოცირდებოდა ღრმა მიომეტრიულ ინვაზიასთან, ვრცელ LVSI-სთან და მოკლე DFS-თან. არარეციდივირებულ ჯგუფში შენარჩუნებული იყო მაღალი ER და PR ექსპრესია, მაშინ როდესაც რეციდივირებულ სიმსივნეებში აღინიშნებოდა ჰორმონული რეცეპტორების შემცირებული ექსპრესია. Ki67-ის პროლიფერაციული ინდექსი მნიშვნელოვნად მაღალი იყო რეციდივირებულ შემთხვევებში. p53-ის აბერანტული ექსპრესია უფრო ხშირად ფიქსირდებოდა აგრესიული კლინიკური მიმდინარეობის მქონე სიმსივნეებში. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაბალი ხარისხის ენდომეტრიოიდული ენდომეტრიული კარცინომების რეციდივი ასოცირდება სპეციფიკურ კლინიკურ-მორფოლოგიურ და იმუნოფენოტიპურ ცვლილებებთან, მათ შორის ღრმა ინვაზიასთან, LVSI-სთან, ჰორმონული რეცეპტორების დაკარგვასთან, მაღალი პროლიფერაციული აქტივობასთან და p53-ის აბერანტულ ექსპრესიასთან. აღნიშნული მარკერების კომპლექსურმა შეფასებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მაღალი რისკის მქონე პაციენტების უფრო ზუსტ იდენტიფიკაციას.