ელექტროგადამცემი ხაზის განაწილებულპარამეტრებიანი მოდელის დეტალიზაციის ხარისხის გავლენა მის სიხშირულ მახასიათებლებზე
ჩამოტვირთვები
ელექტრული ენერგიის ხარისხის შეფასების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდი ემყარება ელექტრული სისტემის რეჟიმების მოდელირებასა და სიმულაციას, რაც საშუალებას გვაძლევს სისტემის მუშაობის დეტალური ანალიზი ჩავატაროთ რეალურ გარემოში ჩარევის გარეშე. ეს მიდგომა ეფექტურია, როგორც ქსელის ოპერირების, ასევე, მისი დაგეგმარებისა და განვითარების ეტაპებზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობს რეალური მონაცემები, ან საჭიროა სხვადასხვა სცენარის გავლენის შეფასება სისტემაზე. სიმულაცია იძლევა შესაძლებლობას წინასწარ გავარკვიოთ თუ როგორ იმოქმედებს კონკრეტული არაწრფივი დატვირთვა, ინვერტორული ინტერფეისი ან ასიმეტრიული მოვლენები ქსელის სტაბილურობაზე და ენერგიის ხარისხის პარამეტრებზე.
თუმცა იმისათვის, რომ აღნიშნულ მეთოდს რეალური სარგებლობა ჰქონდეს, აუცილებელია სისტემის ელემენტების სწორად მოდელირება. თითოეული კომპონენტი უნდა იყოს წარმოდგენილი თავისი ელექტრული, დინამიკური და სიხშირეზე დამოკიდებული მახასიათებლებით. მაღალი სიზუსტის გარეშე მოდელი ვერ ასახავს იმ საფრთხეებს, რაც რეალურ პირობებში შეიძლება წარმოიშვას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჰარმონიკების, ძაბვის სწრაფი ვარიაციებისა და ფაზური ასიმეტრიების ზეგავლენა სხვადასხვანაირად ვლინდება სხვადასხვა სიხშირის დიაპაზონში, ამიტომ სისტემის ელემნტთა მოდელებში აუცილებელია ამ დამოკიდებულების ინტეგრირება. არასწორად მოდელირებული სისტემა იძლევა მცდარ პროგნოზებს და იწვევს არასრულფასოვან ტექნიკურ ან ფინანსურ გადაწყვეტილებებს.
სტატიაში განხილულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის განაწილებულპარამეტრებიანი მოდელის დეტალიზაციის ხარისხის გავლენა მის სიხშირულ მახასიათებლებზე, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს ელექტრული სისტემების სიმულაციის სიზუსტისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად მაღალსიხშირული პროცესების ანალიზისას. ხაზის მოდელის დეტალიზაციის სიღრმე პირდაპირ ახდენს გავლენას მოდელის შესაძლებლობაზე ზუსტად ასახოს სხვადასხვა სიხშირული კომპონენტები, განსაკუთრებით ჰარმონიკული მდგენელები და ძაბვის/დენის ზესწრაფი იმპულსები.
მოდელის გრანულარიზაციის მაღალი ხარისხი, ანუ ხაზის უფრო მცირე და მრავლად დაყოფილი სექციებით მოდელირება, საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ახლოს მივიდეთ რეალურ ფიზიკურ ქცევასთან, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სისტემა ფუნქციონირებს არაწრფივი დატვირთვებისა და ინვერტორული გენერატორების დინამიკურად ცვალებად რეჟიმებში. ასეთი მიდგომით, უფრო ზუსტად აღიბეჭდება სიხშირული მახასიათებლები, როგორიცაა რეზონანსები, ჩახშობის ეფექტები და სიხშირეზე დამოკიდებული დანაკარგები. ამავდროულად, არსებობს კომპრომისი გამოთვლით რესურსებსა და სიზუსტეს შორის — ძალიან მაღალი გრანულარიზაცია ზრდის გამოთვლის დროსა და მოდელირების სირთულეს. შესაბამისად, კვლევის ერთ-ერთი მიზანი გრანულარიზაციის ოპტიმალური დონის იდენტიფიცირებაა, რაც თავის მხრივ არ არის ფიქსირებული პარამეტრი და მკვეთრად არის დამოკიდებული დასმული ამოცანის მიზნებზე და მოდელირებულ სცენარების ტექნიკურ მახასიათებლებზე. ზოგადად, ასეთი ტიპის ოპტიმიზაციაში მოიაზრება დეტალიზაციის ისეთი დონის განსაზღვრა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს კონკრეტული ამოცანისთვის დამაკმაყოფილებელ სიზუსტეს, ხოლო, მეორე მხრივ, მოდელირებისა და სიმულაციის პროცესის ეფექტურ წარმართვას.
Downloads
K. Bakič, SEERC CIGRE History: Early Electrification and Empowerment of Region where Current Electricity was Born. Ljubljana, Slovenia: Slovenian Association of Electric Power Engineers CIGRE&CIRED, 2020.
G. Arziani, B. Kvatadze, and L. Baramidze, “Analyzing the Behavior of PI Section and T Section High Voltage Line Models in Harmonic Load Flow”, GS, vol. 5, no. 4, pp. 177–187, Nov. 2023. https://doi.org/10.52340/gs.2023.05.04.16
G. Arziani and T. Elizarashvili, “FACTS for effective DER integration into the Georgia distribution grids,” Turk J Electr Power Energy Syst., Published online May 5, 2025. doi 10.5152/tepes.2025.24036.
საავტორო უფლებები (c) 2025 ქართველი მეცნიერები

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

