ანოტაცია
მატერიალურისა და იდეალურის, ტვინისა და ცნობიერების, დრო-სივრცული და მის მიღმა არსებული პროცესების ურთიერთდამოკიდებულება არის ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა, რომელიც იმთავითვე იქცა ფილოსოფოსთა საჯილდაო ქვად. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განხორციელებული რევოლუციური აღმოჩენები და შესაბამისად, ყოველი ახალი პარადიგმა, როგორც წესი, ფილოსოფიაში რყევებს იწვევს. ხდება ძირითადი ფილოსოფიური კონცეფციების ახლებური გადააზრება და მათი სამყაროს ერთიან სამეცნიერო სურათთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ თვალსაზრისით, ტვინის და ნერვულ მოქმედებათა ემპირიული კვლევების საფუძველზე იქმნება ფილოსოფიის ახალი დარგი - ნეიროფილოსოფია. პატრიცია ჩორჩლანდის შეხედულების მიხედვით, ცნობიერება განიხილება როგორც ტვინის სხვადასხვა კერების ფუნქციონირების შედეგი. იგი ცნობიერებას მოიაზრებს უმაღლესი ნერვული მოქმედებების პროდუქტად და სწორედ ნეირონული სისტემაზე რედუქციის გზით მიაჩნია შესაძლებელი ცნობიერების არსის დადგენა. ადამიანი კი არ ფლობს ტვინს, არამედ ტვინი ფლობს ცნობიერებას. გადაწყვეტილების მიღება არის არა ცნობიერების, არამედ ტვინის ნერვული მოქმედების შედეგი, რომელიც დროში წინ უსწრებს უკვე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობიერების პროცესს. ვინაიდან, კლასიკური ფილოსოფიური კონცეფციის მიხედვით, ,,მე”-ს პოვნა ფიზიკური სხეულის სახით შეუძლებელია, პატრიცია ჩორჩლანდი და მისი თანამოაზრე თომას მეტცინგერი მას არარსებულად მიიჩნევენ. კანტიანური კრიტიციზმის კონფეპტს ნეიროფილოსოფია ემპირიული კვლევებით ამყარებს და კიდევ უფრო შორს მიდის. მეტცინგერისთვის ადამიანი გენური კოპირებით მიღებული ,,ბიორობოტია“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პროცესს წარმოადგენს და ამ თვითობის პროცესზე კონცენტრაცია და მისი გაცნობიერება არის ის ერთადერთი უნარი, რასაც მისი ნეიროფილოსოფია ადამიანის ფუნქციად მოიაზრებს. ცნობიერების და ტვინის ფუნქციონირებას შორის კავშირის ძიება ახალი არ არის ფილოსოფიისათვის. ამ კავშირზე წერდნენ პლატონი, ლეონარდო და ვინჩი და რენე დეკარტი. დეკარტის მოსაზრებები ცნობიერებისა და ტვინის კავშირის შესახებ შეიძლება ნეიროფილოსოფიის პირველწყაროდაც მივიჩნიოთ. ნეიროფილოსოფიამ, გაერთო რა ემპირიული საბუნებისმეტყველო აღმოჩენებით, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის როგორც რთული სისტემის - თვითცნობიერების მატარებელი ბიო-ფიზიკური არსებიდან მხოლოდ ნეირონების ფუნქციონალური მოდელი მიიღო ისე, რომ თავად ადამიანი ფიქციად გამოაცხადა. უფრო მეტიც, მოშალა ინტერსუბიექტური ურთიერთობების ველიც. ის წინააღმდეგობები, რაც ნეიროფილოსოფიის შიგნით წამოიქმნება და ის ურთულესი გამოწვევები, რაც მკვლევართა წინაშე დგას, იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ტვინისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური კვლევები იმდენად თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება, რომ მისი შედეგების გადააზრება, განზოგადება და გარკვეულ თეორიულ სისტემაში მოქცევა აშკარად ჩამორჩება დაგროვილი ემპირიული ცოდნის მოცულობას. გარდა ამისა, ნეირონული კვანძებისა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების ემპირიული შედეგები ინტერპრეტაციის უსასრულო ვარიაციის საშუალებას იძლევა, რაც ასევე ობიექტურად ართულებს არაწინააღმდეგობრივი თეორიული კონცეფციების დაფუძნების პროცესს.
წყაროები
დეკარტი რ., მსჯელობა მეთოდის შესახებ. მეტაფიზიკური მედიტაციები, თბილისი, 2001
დეკარტი რ., სულის ვნებანი, თბილისი, 2015
მაჭარაშვილი ი., დუალიზმი რენე დეკარტის ფილოსოფიაში, https://www.academia.edu/43775540/დუალიზმი_რენე_დეკარტის_ფილოსოფიაში
Churchland P. S., Neurophilosophy: Toward a Unified Science of the Mind-Brain, A Bradford Book, 1989
Klar P., What is neurophilosophy: Do we need a non-reductive form?. Synthese 199, 2701–2725, 2021
Metzinger, T., The ego tunnel, The science of the mind and the myth of the self, New York: Basic Books, 2009
Metzinger, T., Being no one. The self-model theory of subjectivity. Cambridge, MA: MIT Press., 2004
Дубровский Д.И. ,,Нейрофилософия и проблема сознания“, Философские науки, 2015
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .
საავტორო უფლებები (c) 2023 ქართველი მეცნიერები