ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმის გაგება ნეიროფილოსოფიის ჭრილში

ნეიროფილოსოფია ფსიქო-ფიზიკური პარალელიზმი კვალია ნეირომეცნიერება ნეირონული ქსელები ემპირიული კვლევები შეგრძნებები ცნობიერება გაცნობიერება ტვინი ბიორობოტი ინტერაქციონიზმი ფიქცია სიმულაცია განზოგადება სისტემა ფუნქციონირება ინტერპრეტაცია თვითცნობიერება საბუნებისმეტყველო აღმოჩენები ,,მე“

ავტორები

ტომ. 5 No. 3 (2023)
სტატიები
August 12, 2023

ჩამოტვირთვები

მატერიალურისა და იდეალურის, ტვინისა და ცნობიერების, დრო-სივრცული და მის მიღმა არსებული პროცესების ურთიერთდამოკიდებულება არის  ფილოსოფიის ძირითადი პრობლემა, რომელიც იმთავითვე იქცა ფილოსოფოსთა საჯილდაო ქვად. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში განხორციელებული რევოლუციური აღმოჩენები და შესაბამისად, ყოველი ახალი პარადიგმა, როგორც წესი, ფილოსოფიაში რყევებს იწვევს. ხდება ძირითადი ფილოსოფიური კონცეფციების ახლებური გადააზრება და მათი სამყაროს ერთიან სამეცნიერო სურათთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ თვალსაზრისით, ტვინის და ნერვულ მოქმედებათა ემპირიული კვლევების საფუძველზე იქმნება ფილოსოფიის ახალი დარგი - ნეიროფილოსოფია. პატრიცია ჩორჩლანდის შეხედულების მიხედვით, ცნობიერება განიხილება როგორც ტვინის სხვადასხვა კერების ფუნქციონირების შედეგი. იგი ცნობიერებას მოიაზრებს უმაღლესი ნერვული მოქმედებების პროდუქტად და სწორედ ნეირონული სისტემაზე რედუქციის გზით მიაჩნია შესაძლებელი ცნობიერების არსის დადგენა. ადამიანი კი არ ფლობს ტვინს, არამედ ტვინი ფლობს ცნობიერებას.  გადაწყვეტილების მიღება არის არა ცნობიერების, არამედ ტვინის ნერვული მოქმედების შედეგი, რომელიც დროში წინ უსწრებს უკვე მიღებული გადაწყვეტილების გაცნობიერების პროცესს. ვინაიდან, კლასიკური ფილოსოფიური კონცეფციის მიხედვით, ,,მე”-ს პოვნა ფიზიკური სხეულის სახით შეუძლებელია, პატრიცია ჩორჩლანდი და მისი თანამოაზრე თომას მეტცინგერი  მას არარსებულად მიიჩნევენ. კანტიანური კრიტიციზმის კონფეპტს ნეიროფილოსოფია ემპირიული კვლევებით ამყარებს და კიდევ უფრო შორს მიდის.  მეტცინგერისთვის ადამიანი გენური კოპირებით მიღებული ,,ბიორობოტია“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პროცესს წარმოადგენს და ამ თვითობის პროცესზე კონცენტრაცია და მისი გაცნობიერება არის ის ერთადერთი უნარი, რასაც მისი ნეიროფილოსოფია ადამიანის ფუნქციად მოიაზრებს. ცნობიერების და ტვინის ფუნქციონირებას შორის კავშირის ძიება ახალი არ არის ფილოსოფიისათვის. ამ კავშირზე წერდნენ პლატონი, ლეონარდო და ვინჩი და რენე დეკარტი. დეკარტის მოსაზრებები ცნობიერებისა და ტვინის კავშირის შესახებ შეიძლება ნეიროფილოსოფიის პირველწყაროდაც მივიჩნიოთ. ნეიროფილოსოფიამ, გაერთო რა ემპირიული საბუნებისმეტყველო აღმოჩენებით, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანის როგორც რთული სისტემის - თვითცნობიერების მატარებელი  ბიო-ფიზიკური არსებიდან მხოლოდ ნეირონების ფუნქციონალური მოდელი მიიღო ისე, რომ თავად ადამიანი ფიქციად გამოაცხადა. უფრო მეტიც, მოშალა ინტერსუბიექტური ურთიერთობების ველიც. ის წინააღმდეგობები, რაც ნეიროფილოსოფიის შიგნით წამოიქმნება და ის ურთულესი გამოწვევები, რაც მკვლევართა წინაშე დგას, იმითაც შეიძლება იყოს განპირობებული, რომ ტვინისა და ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური კვლევები იმდენად თავბრუდამხვევი ტემპით ვითარდება, რომ მისი შედეგების გადააზრება, განზოგადება და გარკვეულ თეორიულ სისტემაში მოქცევა აშკარად ჩამორჩება დაგროვილი ემპირიული ცოდნის მოცულობას. გარდა ამისა, ნეირონული კვანძებისა და ზოგადად ტვინის ფუნქციონირების ემპირიული შედეგები ინტერპრეტაციის უსასრულო ვარიაციის საშუალებას იძლევა, რაც ასევე ობიექტურად ართულებს არაწინააღმდეგობრივი თეორიული კონცეფციების დაფუძნების პროცესს.

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.