ქობულეთის სამხრეთ სანაპიროზე პლაჟის მორფოლოგიური, პლაჟამგები მასალის გრანულომეტრიული და ფსკერის ბათიმეტრიული კვლევა
DOI:
https://doi.org/10.52340/pajig.2024.136.11საკვანძო სიტყვები:
პლაჟი, მორფოლოგია, ბათიმეტრიაანოტაცია
ჯერ კიდევ XIX საუკუნეში როდესაც საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ საქართველოში დიდი ნაბიჯები გადაიდგა, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირების მდგრადობის პრობლემებმა იჩინა თავი. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროების უდიდესი ნაწილი წარეცხვას განიცდის, იკარგება ზღვისპირეთის მიწის ფართობები. ამავდროულად, საქართველოზე გამავალი აბრეშუმის გზა და მზარდი მოთხოვნა ენერგორესურსებზე, აუცილებელს ხდის საზღვაო და სამდინარო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ინფრასტრუქტურული განვითარების გარეშე კი წარმოუდგენელია ეკონომიკური დარგის წინსვლა. საქართველოს შავი ზღვის, აჭარის სანაპირო ზოლში ნაპირდამცავი სამუშაოების ჩატარება აუცილებელი გახდა XIX საუკუნის ბოლოდან, როდესაც დამთავრდა ბათუმის პორტის (1884წ.) მშენებლობა. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტმა მთლიანად გადაკეტა პლაჟწარმომქმნელი მასალის ნაპირგასწვრივი მოძრაობა ჩრდილოეთისაკენ, რამაც გამოიწვია ქ. ბათუმი-ქობულეთის სანაპირო მონაკვეთზე პლაჟების წარეცხვა და ნაპირის ხაზის უკან დახევა. საქართველოს შავი ზღვის სანაპირო განიცდიდა არამხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად გამოწვეულ ზეგავლენას, არამედ სანაპიროს სიახლოვეს მოწყობილი კარიერებიდან მშენებლობის მიზნებისთვის ინერტული პლაჟამგები მასალის მოპოვების შედეგად წარმოქმნილ ზემოქმედებას. ამრიგად, სანაპიროს მდგრადობა მეტად პრობლემატური გახდა. პროცესის შესარბილებლად შემუშავდა და განხორციელდა სხვადასხვა ნაპირდაცვითი ღონისძიებები. თავდაპირველად მოხდა ნაპირების რკინა-ბეტონით გამაგრება გრავიტაციული კედლების სახით. კედლებს დროთა განმავლობაში საფეხურებრივი ფორმა მიეცა, გაიზარდა მისი საძირკვლის ჩაღრმავება 0.4 მ-დან 1.0 მ-მდე. თუმცა, სანაპიროზე მოწყობილი ყველა მსგავსი დამცავი ნაგებობა დროებითი და არამდგრადი აღმოჩნა. XX საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო შეზნექილი ფორმის ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა, რომლის ჩაღრმავება დაახლოებით 3.0 მ-ს აღწევდა, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა ეფექტური, რადგან ორი ათეული წლის შენდგომ, ნაგებობა დეფორმაციას და საბოლოოდ ნგრევას განიცდიდა. XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ქ. ქობულეთის ტერიტორიაზე განხორციელდა პლაჟშემაკავებელი ბუნების მშენებლობა, რამაც შეაჩერა მოძრავი მყარი მასალის ნაკადი, თუმცა სასურველი შედეგი ამ კონსტრუქციამაც ვერ გამოიღო. დროთა განმავლობაში გამოირკვა, რომ აჭარის პლაჟების დაცვა, პლაჟწარმომქმნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის პირობებში, შესაძლებელი გახდა სანაპიროს მხოლოდ ცალკეულ ლოკალური უბნებისთვის, სადაც ბუნები და ტალღმსხვრევები სრულად იცავდნენ ნაპირს ზღვისმიერი ეროზიისაგან, ამავე დროს, მათთან უშუალოდ მიმდებარე სანაპიროს უბნები დაუცველი რჩებოდა და წარეცხვას განიცდიდა. შექმნილი მწვავე მდგომარეობიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია სანაპირო ზოლის მდგომარეობაზე დაკვირვება, მიმდინარე გეოდინამიკური პროცესების შესწავლა და ტენდენციის განსაზღვრა. წინამდებარე ნაშრომში შეფასებულია ქ. ქობულეთის სამხრეთ ნაწილის სანაპირო ზოლის თანამედროვე მდგომარეობა, რაც მოიცავს პლაჟამგები მასალის გრანულომეტრიის დადგენას, სანაპიროს მორფოლოგიურ შეფასებას, ხმელეთის ნაწილის ტოპოგრაფიულ კვლევას და მისი მოსაზღვრე წყალქვეშა ფერდობის ბათიმეტრიულ შესწავლას. კვლევის შედეგად შედგენილია ტოპოგრაფიული რუკა, მომზადებულია წყალქვეშა ფერდობის ბათიმეტრიული რუკა. დადგენილია პლაჟის თანამედროვე გრანულომეტრიული შედგენლობა. მიღებული შედეგები და მასალები მნიშვნელოვანია ნატანის გადაადგილების კრიტერიუმების შესაფასებლად. სამომავლოდ, ზღვის სანაპიროს განვითარებისა და ცვლილებების შესაფასებლად, შესაძლებელია მოპოვებული მასალების ფონურ რეპერად გამოყენება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Environmental impact assessment report of Khelvachauri 1, 2 and Kirnati HPPs 2014, pp. 33-46.
Gaphrindashvili N., Papashvili I., Machitadze N., Gelashvili, N., Gvakharia V. (2018). Assessment of Lithodinamic Status of Batumi - Gonio Coastline. Georgian Chemical Journal, vol. 18, N 1, pp. 223-228. ISSN 1512-0686 (in Georgian).
Gigineishvili G., Metreveli G., Gzirishvili T., Beritashvili B. (1999). Impact of modern global cli¬ma¬te warming on the coastal zone of Georgia. United Nations, National Agency of the Fra¬me¬work Convention on Climate Change, TSU, Geographical Society of Georgia.
Guntsadze T. (2014). Morphodynamics of the Black Sea Coastline of Adjara.
JSC "Saknapiradtsva", report "Modern morphodynamics and development forecasts of the coastal zone of Batumi Cape", Tbilisi, 2000.
JSC “Saknapirdatsva”, report “Analysis of coastal defense measures provided for by the general scheme of the Black Sea Adjara coast and preparation of bases for its correction''. 1999-2000.
Metreveli G., Machavariani L., Gulashvili Z. (2022). Positives and negatives of reservoirs.
Papashvili I. (1996). Modern trends in the development of the coastal zone of Adjara. Scientific report "Sandi", Tbilisi, 56 p.
SSC “Saknapirdatsva”, report "Md. The influence of the processes taking place in Chorokhi and its tributaries on the stability of the lithodynamic system of Chorokhi". Tbilisi, 2001.