,,კადიმა“ - ეთნოკულტურული დიალოგის პლატფორმა
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.32.14საკვანძო სიტყვები:
ეთნოკულტურული დიალოგი, ქართულ-ებრაული დიასპორა, ,,კადიმა“, თვითმოქმედი დასი, ინტერკულტურული კომუნიკაციაანოტაცია
დრამატული დასი „კადიმა“ შეიქმნა 1920-იან წლებში თბილისში, ცნობილი ქართველი ებრაელი მწერლის, დრამატურგისა და საზოგადო მოღვაწის, გერცელ ბააზოვის ხელმძღვანელობით. დასის სახელი ებრაულ ენაზე „წინსვლას“ ნიშნავს და ასახავს სიონისტურ და ეროვნულ იდეებს. „კადიმას“ მისია იყო ებრაული კულტურისა და ენის შენარჩუნება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა ეპოქაში, როცა ივრითზე სწავლება და სხვა ეროვნული ნიშნები შეზღუდული იყო.
„კადიმა“ ჩამოყალიბდა „ღარიბ ებრაელთა 102-ე სკოლის“ ბაზაზე, რომელიც ბააზოვის ხელმძღვანელობით დაარსდა თბილისში 1921 წელს და ივრითის, ებრაული ისტორიისა და ლიტერატურის სწავლების ცენტრად იქცა. ეს სკოლა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართველი ებრაელების განათლებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებაში, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მალევე აკრძალა ივრითზე სწავლება. ამის მიუხედავად, „კადიმას“ მეშვეობით ბააზოვმა შეძლო, შეენარჩუნებინა ებრაული კულტურის ნაწილი და ხელი შეეწყო ქართულ-ებრაულ ინტერკულტურულ ურთიერთობების განვითარებისათვის.
დასმა არა მხოლოდ ებრაული, არამედ ქართული საზოგადოებაც ჩართო კულტურულ დიალოგში. დასის მიერ დადგმულ სპექტაკლებში იგრძნობოდა ქართული და ებრაული თემატიკის სინთეზი, რაც ხელს უწყობდა ორ კულტურას შორის ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის განვითარებას. დოდო ანთაძისა და შალვა დადიანის მხარდაჭერით „კადიმა“ სცენაზე აცოცხლებდა როგორც ებრაულ, ისე ქართული კულტურის ელემენტებს, რაც აუდიტორიას საშუალებას აძლევდა, უკეთ გაეცნო და დაეფასებინა ორივე კულტურა.
„კადიმას“ ისტორიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მან ქართულ-ებრაულ ინტელექტუალურ სივრცეში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და ხელი შეუწყო ორ საზოგადოებას, ორ თემს შორის მეგობრული კავშირისა და ეთნოკულტურული დიალოგის გაძლიერებასა და გაღმავებას, რაც იმ პერიოდისთვის უნიკალური და უპრეცედენტო მოვლენა იყო.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ანთაძე, დ., - დღეები ახლო წარსულიდან. თბილისი: გამომცემლობა „ხელოვნება“, 1962.
ბააზოვი, პ., - ფურცლები წარსულიდან. თელ-ავივი: გამომცემლობა „უირან“, 2000. 558 გვ.
ბააზოვი, პ., - იუდეველი. ხოლონი: გამომცემლობა თელ-ავივის უნივერსიტეტი, 2002.
ნიკოლეიშვილი, ა., - ნარკვევები ქართველ ებრაელთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობის ისტორიიდან, წიგნი I. ქუთაისი: გამომცემლობა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2003.
ციციშვილი, გ., - ქართული საბჭოთა დრამატურგია. თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1962.
ციციშვილი, გ., - გერცელ ბააზოვი, თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1964.
ციციაშვილი, ა., - კადიმა, ჰაბიმა და გერცელ ბააზოვი, გაზ. ,,ლიტ. საქართველო“, თბილისი: გამომცემლობა მწერალთა კავშირის ლიტერატურული ორგანო, 11_18 აპრილი, 1997.
გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურული მუზეუმი. თბილისი. (გერცელ ბააზოვის ხელნაწერები 26622; 26048-70- 71).