საქართველოში გავრცელებული Delphinium flexuosum Bieb. ვეგეტატიური ორგანოების, როგორც სამკურნალო ნედლეულის მიკროსტრუქტურული თავისებურებანი

მიკროსტრუქტურა ალკალოიდი დაკლაკნილი დეზურა

ავტორები

ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
September 6, 2022

ჩამოტვირთვები

გვარი Delphinium L. სახეობები მდიდარია დიტერპენული ალკალოიდებით,  რომლებიც ლიტერატურული მონაცემების თანახმად ამჟღავნებენ გამოხატულ კურარეს მსგავს, სიმსივნისა და ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ, ანტიდოტურ და ინსექტიციდურ მოქმედებას [3,4,5,6]. ტრადიციულ მედიცინაში დეზურას სახეობებიდან მიღებული ალკალოიდები გამოიყენება, როგორც მიორელაქსანტები (პრეპარატი მელიქტინი) ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებისას,  რომელთაც თან ახლავს კუნთების ტონუსის მომატება, ზურგის ტვინის დაზიანებისას, პარკინსონის დაავადებისა და გაფანტული სკლეროზის დროს [7,8]. პრეპარატი მელიქტინი მეთილლიკა­კონიტინის იოდჰიდრატია, მეთილლიკაკონიტინი კი დეზურას სახეობებში დომინანტ ალკალოიდს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ინტერესს წარმოადგენდა  საქართველოში გავრცელებული გვარი Delphinium L.-ის სახეობების შესწავლა.  ადგილობრივი ფლორისთვის დეზურას 18 სახეობაა დამახასიათებელი [1,2]; ახალი სამკურნალო ნედლეულის ძიების მიზნით შევისწავლეთ Delphinium flexuosum Bieb., დაკლაკნილი დეზურას მიწისზედა და მიწისქვეშა ვეგეტატიური ორგანოების დიტერპენული ალკალოიდე­ბის შემცველობა. ალკალოიდების ჯამს ვღებულობდით სითხურ-სითხური ექსტრაქციით, კლასიკური მეთოდით  მიღებული ალკალოიდების ჯამის ფუძიანობის მიხედვით ფრაქციებად დაყოფითა   და მიღებული ფუძეების GC/MS ანალიზით დადგინდა, რომ მცენარის  მიწისზედა და მიწისქვეშა ვეგეტატიური ორგანოებიდან მიღებულ ალკალოიდების ჯამში დომინანტ ფუძეს წარმოადგენს ფარმაკოლოგიურად აქტიური მეთილლიკაკონიტინი. ამასთანავე მიწისზედა და მიწისქვეშა ორგანოებიდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია ალკალოიდები: ანტრანოილლიკოკტონინი, დელკოზინი, ლიკოკტონინი. ჩამოთვლილი ალალკალოიდების გარდა მიწისქვეშა ორგანოები შეიცავს: ზონგორინს, დელექტინს, ნორზონგორამინს [9,10,11 ].D. flexuosum-ი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში, სუბალპურ მდელოებზე, მაღალბალა­ხეულო­ბაში და ტყის ველობებზე გავრცელებული. იგი მაღალი, 60-150 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა შიშველი ან მცირედად შებუსული მარტივი ბეწვით. დეზურას ფოთლების მოხაზულობა მომრგვალო-თირკმლისებრია, ღრმად განკვეთილი 3 წაგრძელებულ რომბულ წაწვეტებულ ნაკვთად; სახეობას ჩვეულებრივ დატოტ­ვილი, მრავალყვავილიანი ყავავილედი ახასიათებს; მისი თანაყვავილები ხაზური ან ხაზურ-ლანცეტასებრია, კიდეებზე წამწამებიან-ბეწვებიანი ან შიშველი. ყვავილსაფარი მუქი ლურჯია ან მოიისფრო, შიშველი ან კიდეებზე გრძელ წამწამიანი; დეზი სწორი ან ქვევით გადახრილი ახასიათებს  [1]. კვლევის მიზანს D. flexuosum-ის მიწისქვეშა და მიწისზედა ვეგეტატიური ორგანოების შინაგანი აგებულების შესწავლა წარმოადგენდა, რათა დაგვედგინა პერსპექტიული სამკურნალო მცენარის მიკროსტრუქტურუ­ლი სადიაგნოსტიკო მახასიათებლები.

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.