1.1 Agricultural and Biological Sciences 

„ნინფა“ გარგარის (Prunus armeniaca L.) ინტროდუცირებული ჯიშის აგრობიოლოგიური შეფასება შიდა ქართლის პირობებში

ჯიში ყვავილი ნაყოფი ვეგეტაცია მოსავალი

Authors

June 11, 2026

სტატიაში წარმოდგენილია გარგარის (Prunus armeniaca L.) ინტროდუცირებული ჯიშის „ნინფა“ აგრობიოლოგიური და სამეურნეო მახასიათებლების კვლევის შედეგები. ჯიშის შესწავლა განხორციელდა საქართველოს მეხილეობის ერთ-ერთ წამყვან რეგიონში – ქართლში (სოფ. ჯიღაურა, მცხეთის მუნიციპალიტეტი – საგურამო), სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ, 2021–2024 წლებში.

კვლევა მოიცავდა ჯიშის კომპლექსურ აგრობიოლოგიურ შეფასებას შემდეგი მიმართულებებით: მცენარის განვითარების ფენოლოგიური ფაზების კალენდარული ვადების დადგენა, სიმწიფის პერიოდის განსაზღვრა, დაავადებების მიმართ გამძლეობის შეფასება, ნაყოფის პომოლოგიური აღწერა, ნაყოფის მექანიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების ანალიზი, მოსავლიანობისა და პროდუქტიულობის აღრიცხვა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გარგარის ჯიში „ნინფა“ მიეკუთვნება საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშთა ჯგუფს და გამოირჩევა მაღალი სასოფლო-სამეურნეო ღირებულებით: ნაყოფის გამორჩეული კომერციული თვისებებით, სტაბილური მოსავლიანობითა და ზოგიერთი დაავადების მიმართ ტოლერანტობით. აღნიშნული მახასიათებლების საფუძველზე, ჯიშს მიეცა რეკომენდაცია გასაშენებლად საქართველოს მეხილეობის წამყვან რეგიონებში: ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში.