1.1 აგრარული და ბიოლოგიური მეცნიერებები

ქართული ხორბალი და მისი მოხმარების სოციალურ-კულტურული ასპექტები

ხორბალი ისტორია ტრადიცია გამოყენება

ავტორები

ტომ. 6 No. 3 (2024)
სტატიები
September 18, 2024

ჩამოტვირთვები

საქართველო უძველესი სამიწათმოქმედო ცენტრია. ველური ხორბლის გაკულტურების ერთერთი კერა წინა აზიასთან ერთად კავკასია და საქართველოა. საქართველოში არსებულმა პირველადმა სახეობებმა ახსნა ხორბლის გვარის ფილოგენეზი და დაამტკიცა ის ფაქტი, რომ ხორბლის სახეობათა მრავალფეროვნებით ხასიათდება მხოლოდ საქართველო. საქართველოს პრიორიტეტს კულტურული ხორბლის გაჩენაში, ადასტურებს როგორც არქეოლოგიური მონაპოვარი, ისე აგრიკულტურის ეთნოგრაფიული და სხვა მონაცემები და კვლევები. ამასვე ადასტურებს ის გარემოება, რომ ათასწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხის სამეურნეო ყოფაში უკანასკნელ დრომდე ფუნქციონირებდა როგორც ხელით სამუშაო სამიწათმოქმედო სამეურნეო იარაღების, ისე სახვნელი საშუალებების დიდი მრავალფეროვნება, განვითარების დინამიკაში უმარტივესიდან რთულისაკენ. ქვემო ქართლში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ე. წ. „გადაჭრილ გორაზე“ აღმოჩნდა ძვ. წ. VI ათასწლეულის კარბონირებული ხორბლის მარცვლები, ასე რომ, რვა ათასი წლის წინ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაწყებული ქართული ხორბლის თესვა-მოყვანა უწყვეტად გრძელდებოდა და ამ საქმიანობას აქააური მოსახლეობა დღესაც გულმოდგინედ ეწევა. საქართველოში ხორბლის კულტურის გავრცელების და ტრადიციების გაგრძელებასთან დაკავშირებით განხორციელებულ ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში დაფიქსირებული მასალა ცხადყოფს, - მიუხედავად იმისა რომ გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან საქართველოში ინტენსიურად შემოდის უხვმოსავლიანი ე. წ. ინდუსტრიული ხორბალი, ენდემური და ადგილობრივი ქართული ხორბლის თესვა-მოყვანის ტრადიცია თუმცა შესუსტდა, მაგრამ არასოდეს შეწყვეტილა და დღესაც მისდევენ მის მოყვანას. არათუ მისდევენ, რიგი თვისებრივი უპირატესობის გამო, მათზე და მათ ნამზადზე მოთხოვნილება საზოგადოებაში უფროდაუფრო იზრდება. ხორბალთან დაკავშირებულმა სპეციალურმა ექსპედიციებმა დაადასტურა, რომ ენდემური და ადგილობრივი ჯიშები ითესება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. მათ შორის ყველაზე ერთგულად ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთის მთასთან ერთად რიტუალური და საწესო ხორბლის ნაწარმი, ტრადიციული წეს-ჩვეულებების დაყენება-ჩატარება და მათში მონაწილეობა განსაკუთრებით საქართველოს მთიანმა კუთხეებმა, გამორჩეულად სვანეთმა შემოინახა. სასიამოვნოა ის ტენდენცია, რომ ჯერ ერთი, წინაპართაგან გადმოცემული ტრადიციები გრძელდება და მეორეც ის, რომ საზოგადოების განწყობა და სურვილია, რიტუალური ნამზადის ცხობისას გამოიყენონ ქართული ხორბალი. კერძოდ, ენდემურიც, ადგილობრივიც და სულაც რამდენიმე ათწლეულის წინ საქართველოში სელექციის გზით მიღებულიც. დაბოლოს, ჩვენს თვალწინ, ყოველდღიურ ყოფაში ხდება ამ ტრადიციათა გადაცემა, ტრანსმისია მოზარდი თაობისადმი ინტერაქტივით, პრაქტიკული და მენტალური ჩვევების გათავისებით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.