ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის საუკუნოვანი მატიანე
DOI:
https://doi.org/10.52340/pajig.2026.137.01ანოტაცია
2025 წლის 25 დეკემბერს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტმა დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნა. ერთი საუკუნის განმავლობაში მან არა მხოლოდ დაიმკვიდრა, არამედ შეინარჩუნა თავისი გამორჩეული ადგილი საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ინფრასტრუქტურაში, როგორც ფუნდამენტური კვლევების, მაღალი აკადემიური სტანდარტებისა და ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულმა დაწესებულებამ. მისი კედლები ასახავს საუკუნის განმავლობაში დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებასა და თავდადებულ შრომას. ქვეყანაში, რომელიც გამორჩეული გეოლოგიური მრავალფეროვნებით ხასიათდება, ასეთი დაწესებულების არსებობა გასული საუკუნის დასაწყისში აუცილებლობას წარმოადგენდა; ამჟამად კი იგი საქართველოს კულტურული და აკადემიური იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს, როცა ცოდნა უპრეცედენტო ტემპით ფართოვდება, კვლევის ტექნიკური შესაძლებლობები სწრაფად უმჯობესდება, ხოლო სამეცნიერო საქმიანობა სულ უფრო მოქნილი, ციფრული და მრავალდარგობრივი ხდება, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი კვლავ ასრულებს თავის მისიას. იგი ცვლილებების მომხრეა და ახალი გამოწვევების წინაშე უკან არ იხევს, რადგან მისი ფესვები შორეულ წარსულშია გადგმული, ხოლო ხედვა მომავლისკენაა მიმართული.
ინსტიტუტის ისტორია 1925 წლის მიწურულს იწყება, როცა ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს ალ. ჯანელიძის ხელმძღვანელობით დაარსდა გეოლოგიის ინსტიტუტი. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა. ეს ის პერიოდია, როცა ქართული მეცნიერება ახალი ინსტიტუციური ფორმების ძიების პროცესში იმყოფებოდა, ხოლო ქვეყანას სჭირდებოდა ისეთი აკადემიური ცენტრები, რომლებიც შეძლებდა როგორც ბუნებრივი რესურსების ეფექტიან ათვისებას, ისე ეროვნული სამეცნიერო ცოდნის სისტემატიზებასა და განვითარებას. იმ დროისთვის, ინსტიტუტი დაარსდა სრულიად ახალი სამეცნიერო ხედვითა და მიზნებით. მისი შექმნა განაპირობა საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების შესწავლის, ქვეყნის გეოლოგიური რუკების შედგენისა და ადგილობრივი სამეცნიერო კადრების ჩამოყალიბების აუცილებლობამ.
კავკასია, ჯერ კიდევ 1830-იანი წლებიდან იქცევდა ბუნებისმეტყველთა ყურადღებას. საქართველოში პირველი გეოლოგიური კვლევები ჩაატარეს ცნობილმა მეცნიერებმა ფ. დიუბუა დე მონპერემ, ჰ. აბიხმა, ე. ფავრმა და ე. ფურნიემ. მოგვიანებით, კავკასიის გეოლოგიის შესწავლაში ჩაერთნენ რუსი გეოლოგები. 1923 წლიდან კავკასიის სისტემური გეოლოგიური კვლევები განახორციელეს გეოლოგიური კომიტეტის კავკასიის განყოფილების გეოლოგებმა. ამგვარად, რეგიონის გეოლოგიის სისტემური შესწავლის პირველი ეტაპი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაიწყო და 1930-იან წლებამდე გაგრძელდა.
1925 წელს გეოლოგიის ინსტიტუტის დაარსებამ საფუძველი ჩაუყარა ქართველი გეოლოგების ჩართვას სამეცნიერო საქმიანობაში. დროთა განმავლობაში გაიზარდა სამეცნიერო სკოლის ავტორიტეტი, გაფართოვდა გეოლოგიური დისციპლინების სპექტრი, მომზადდა სპეციალისტთა ახალი თაობები და გაძლიერდა სამეცნიერო კავშირები სხვა გეოლოგიურ დაწესებულებებთან. დაიწყო კვლევები რეგიონული გეოლოგიის, ტექტონიკის, მინერალოგიის, პეტროლოგიის, ლითოლოგიის, ვულკანოლოგიის, ჰიდროგეოლოგიისა და სხვა მიმართულებებით. 1940-იანი წლებისთვის ინსტიტუტში უკვე ჩამოყალიბებული იყო ქართული გეოლოგიის გამორჩეული თვითმყოფადი სკოლა, რომლის ძირითად ფუძემდებლებად ალექსანდრე ჯანელიძე, ალექსანდრე თვალჭრელიძე და კალისტრატე გაბუნია მიიჩნევიან.
იმ პერიოდში ინსტიტუტი აწარმოებდა ფუნდამენტურ კვლევებსა და სამეცნიერო აღმოჩენებს, ამასთანავე ავლენდა და იკვლევდა სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს და ქმნიდა მნიშვნელოვან სამეცნიერო პროდუქციას, მათ შორის მონოგრაფიებს, სამეცნიერო ნაშრომებს, ატლასებს, რუკებსა და სხვა აკადემიურ გამოცემებს. ინსტიტუტში ფუნქციონირებდა რამდენიმე ლაბორატორია და მდიდარი სპეციალიზებული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ასევე შეიქმნა უნიკალური მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი. მეცნიერული მიღწევები და, ზოგადად, წვლილი, რომელიც ინსტიტუტმა მეცნიერებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეიტანა, მხოლოდ იმ საქმიანობის ნაწილია, რომელიც მან იმ დროისთვის განახორციელა. 1941 წლიდან ინსტიტუტი ახლადშექმნილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში შევიდა და გეოლოგიისა და მინერალოგიის ინსტიტუტი ეწოდა.
1941 წელს, როცა მთელი ქვეყანა მობილიზებული იყო ომის უზარმაზარი სამხედრო და ეკონომიკური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რესურსებზე წვდომა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი გახდა, გეოლოგიის ინსტიტუტმა მთავრობისგან ახალი დავალებები მიიღო. ამ პერიოდში მან ჩაატარა ფართომასშტაბიანი, თავდაცვასთან დაკავშირებული გეოლოგიური კვლევები, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალური ნედლეულის მოპოვებას ისახავდა მიზნად. ქართველმა გეოლოგებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის საომარ პერიოდში რესურსების სტრატეგიის განხორციელებაში.
1950–1980 წწ პერიოდი საქართველოში სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი გაფართოებითა და მაღალკვალიფიციური სამეცნიერო და კვლევითი კადრების რაოდენობის სტაბილური ზრდით ხასიათდებოდა. გეოლოგიის ინსტიტუტისთვის ეს ეპოქა მდგრად განვითარებას, ახალი კვლევითი მიმართულებების ჩამოყალიბებასა და სამეცნიერო საქმიანობის სისტემურ განმტკიცებას ნიშნავდა. სწორედ ამ ათწლეულებში გადაიქცა იგი მრავალდარგობრივ კვლევით ცენტრად, რომელიც სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა როგორც მინერალური რესურსების შესწავლასა და შეფასებაში, ისე საქართველოს თეორიული გეოლოგიური სკოლის განვითარებაში.
ამავე პერიოდში იხვეწება მეთოდოლოგია და ცდება მხოლოდ საბადოების ძიებისა და რუკების შედგენის ჩარჩოებს. მეცნიერები იწყებენ პროცესების ახსნას გეოდინამიკური მოდელების საშუალებით, დგინდება დედამიწის ქერქის განვითარების შიგა კანონზომიერებები და იზრდება თეორიული საკითხების მნიშვნელობა სამეცნიერო კვლევებში. ამას ხელს უწყობდა ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერება. ლაბორატორიები აღიჭურვა ახალი ხელსაწყო-დანადგარებით, მიკროსკოპებითა და სამეცნიერო ტექნიკით, რაც უფრო დეტალური და ღრმა კვლევის ჩატარების შესაძლებლობას იძლეოდა.
XX საუკუნის შუა პერიოდში ინსტიტუტმა გამოაქვეყნა არაერთი ფუნდამენტური კვლევა, რომლებიც მოიცავდა სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის, რეგიონული გეოლოგიის, პეტროლოგიის, ვულკანოლოგიისა და მინერალოგიის საკითხებს. ამ ნაშრომებმა მყარი საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების დეტალურ შესწავლას. 1964 წელს შეიქმნა მნიშვნელოვანი კომპლექსური ნაშრომი სახელწოდებით „საქართველოს სსრ-ის გეოლოგია“, რომელიც გამოქვეყნდა „საბჭოთა კავშირის გეოლოგიის“ X ტომის სახით. გამოცემას თან ახლდა 1:600000 მასშტაბის საქართველოს გეოლოგიური და ტექტონიკური რუკები. ნაშრომს დღესაც არ დაუკარგავს სამეცნიერო მნიშვნელობა.
1990-იანი წლებისთვის დასრულდა ინსტიტუტის ისტორიის მეორე ეტაპი და დაიწყო ქვეყნისთვის და, მათ შორის, მეცნიერებისთვის უმძიმესი პერიოდი. ეს პერიოდი ინსტიტუტის თანამშრომელთა მორალური და პროფესიული ერთგულების გამოვლინების წლები იყო. მიუხედავად სირთულეებისა, ინსტიტუტს არ დაუკარგავს თავისი უმთავრესი თვისება – მეცნიერებისადმი ერთგულება, ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის შენარჩუნების პასუხისმგებლობა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის ვალდებულება.
2000-იანი წლებიდან ქართულმა მეცნიერებამ დაიწყო აღდგენის რთული და ხანგრძლივი პროცესი და თანდათან ინსტიტუციური და სამეცნიერო განახლების სტაბილურ ეტაპში გადაიზარდა. 2006 წ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი საქარველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 2010 წ იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა.
2015 წლიდან ინსტიტუტის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კვლევითი მიმართულებები თანამედროვე სამეცნიერო მოთხოვნების შესაბამისად განახლდა, გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. ახლადშექმნილი გეოლოგიური კვლევების კომპლექსური ლაბორატორია აღიჭურვა თანამედროვე ხელსაწყოებითა და აპარატურით. ამავე დროს, ინსტიტუტი სულ უფრო აქტიურად ცდილობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრაციას. მკვლევრები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებში, უცხოელ მეცნიერებთან ერთობლივ პროექტებსა და კვლევებში და თანაავტორობით გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების მომზადებაში. ამ ინტეგრაციის საფუძველზე ინსტიტუტი მუდმივად ახლებურ კონტექსტში აქცევს თავის საქმიანობას და უზრუნველყოფს კვლევის შედეგების მაღალი სტანდარტებით გამოქვეყნებას. მნიშვნელოვანია ინსტიტუტის ხედვა ახალგაზრდა კადრების მოზიდვასა და მეცნიერთა ახალი თაობის აღზრდასთან დაკავშირებით.
ამჟამად გეოლოგიის ინსტიტუტი ხუთ სამეცნიერო განყოფილებასა და ერთ ლაბორატორიას აერთიანებს. ესენია: 1. სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის განყოფილება; 2.ტექტონიკისა და რეგიონული გეოლოგიის განყოფილება; 3. პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება; 4. ვულკანოლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიის განყოფილება; 5. გარემოს დაცვის განყოფილება; და გეოლოგიური კვლევების კომპლექსური ლაბორატორია.
სამეცნიერო კვლევითი პროგრამების მიღმა, ინსტიტუტის მკვლევრები მუდმივად მონაწილეობდნენ ფართომასშტაბიან ეროვნულ პროექტებში. ინსტიტუტის მონაწილეობით სხვადასხვა დანიშნულებისთვის შედგენილი და გამოქვეყნებულია საერთაშორისო რუკები სხვადასხვა მასშტაბით, მათ შორის 1:500 000, 1:200 000, 1:50 000 და 1:25 000 მასშტაბებით.
სამეცნიერო საქმიანობის გარდა, ინსტიტუტი აწარმოებს გამოყენებითი ხასიათის კვლევებსა და პრაქტიკულ გეოლოგიურ სამუშაოებს. გეოლოგიური კვლევების კომპლექსური ლაბორატორია მულტიდისციპლინურ ანალიტიკურ მომსახურებას ახორციელებს მომხმარებელთა ფართო სპექტრის დაკვეთით.
ინსტიტუტის ისტორია მრავალი გამორჩეული მეცნიერის სახელთანაა დაკავშირებული, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული გეოლოგიური სკოლის შექმნასა და განვითარებაში, ჩამოაყალიბეს და განავითარეს კვლევითი მიმართულებები, აღზარდეს მომავალი თაობები. დღეს ინსტიტუტი სხვადასხვა თაობის მკვლევრებს აერთიანებს. უფროსი თაობის მეცნიერების დიდი პროფესიული გამოცდილება, შუა თაობის მეცნიერების აქტიური და თავდადებული შრომა, პროგრესული ხედვები, ახალი პროექტები, კვლევის თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერდისციპლინური მიდგომები ქმნის მტკიცე საფუძველს ახალგაზრდა მკვლევრების განვითარებისთვის.
გეოლოგიის ინსტიტუტის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებას. ინსტიტუტის მეცნიერები ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, ხელმძღვანელობენ სამაგისტრო და სადოქტორო თემებს. ეს ურთიერთობა ქმნის ახალი ნიჭიერი კადრების მოძიების შესაძლებლობას და ეხმარება ახალგაზრდებს საკუთარ პროფესიულ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში.
ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ტექნოლოგიური შესაძლებლობები უწყვეტად ვითარდება და ფართოვდება. ამჟამად ინსტიტუტში მოქმედი გეოლოგიური კვლევების კომპლექსური ლაბორატორია აერთიანებს სპეციალიზებულ ლაბორატორიებს და ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით ანალიტიკურ კვლევებს. ლაბორატორია მოიცავს პალეონტოლოგიური, მიკროპალეონტოლოგიური და პალინოლოგიური კვლევებისა და ნივთიერებისა და გარემოს შემსწავლელ ლაბორატორიებს.
1932 წლიდან ინსტიტუტი გამოსცემს საკუთარ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემას – „ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომებს“.
ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტს მომავალი განვითარების მკაფიო ხედვა და სტრატეგიული გეგმა აქვს, რომელიც მოიცავს: ახალგაზრდა მკვლევრების აქტიურ მოზიდვასა და მომზადებას; მომავალი თაობის მეცნიერთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას; კვლევის სტანდარტების განახლებას; ინტერდისციპლინური თანამშრომლობის გაფართოებას და კვლევით პრაქტიკაში ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას. ინსტიტუტის სამომავლო განვითარება ასევე გულისხმობს მეცნიერულად ორიენტირებული პროგრამის შექმნას, რომელიც ორგანიზაციულად და ფინანსურად მოქნილი და მიმდინარე და მომავალ კვლევით პრიორიტეტებზე მიმართული იქნება. საქართველოს გეოლოგიური მრავალფეროვნება ინსტიტუტს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს, რომ დარჩეს მიმზიდველ პარტნიორად გეოლოგიურ კვლევებში, რომლებიც კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
და ბოლოს, უნდა ავღნიშნო, რომ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი იმაზე მეტია, ვიდრე მის მიერ გამოქვეყნებული მონოგრაფიები, სამეცნიერო ნაშრომები და გეოლოგიური რუკები, კოლექციებში დაცული ქანებისა და მინერალების ნიმუშები ან არქივებში შენახული დოკუმენტებია. იგი ცოცხალი და უწყვეტი პროცესია, რომელმაც სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში შეძლო წონასწორობისა და უწყვეტობის შენარჩუნება და უზრუნველყო ცოდნის, ღირებულებებისა და სამეცნიერო პასუხისმგებლობის შემდეგი თაობისთვის გადაცემა. XX საუკუნის დრამატული ათწლეულები – ომები, ეკონომიკური კრიზისები და სისტემური გარდაქმნები არასაკმარისი აღმოჩნდა იმ სულიერი და ინტელექტუალური ენერგიის შესასუსტებლად, რომელმაც კავკასიაში გეოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრი შექმნა. გეოლოგიისთვის ასი წელი გაელვებაა, მეცნიერებისთვის კი მთელი ეპოქაა და ამ ეპოქაში ჩანს მეცნიერების თაობათა შრომა, აზრი და შედეგი.
გასული საუკუნე მხოლოდ განვლილი გზა არ არის, იგი მომავალისკენ მიმავალი გზაა. ინსტიტუტის არსებობის ერთი საუკუნე ჩვენ დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ განვსაზღვროთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ეს გზა, რა დარჩა გასაკეთებელი მომავალი წლებისთვის და როგორ გადავცეთ მემკვიდრეობა ისე, რომ არ დაიკარგოს ის, რაც აქამდე მოვიტანეთ.
დღეს ინსტიტუტი აგრძელებს მუშაობას, ახორციელებს კვლევებს, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სამეცნიერო ინსტიტუციებთან და მომავალ თაობას სამეცნიერო საზოგადოებაში განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობს.
ასე დასრულდა ასწლიანი ციკლი და ახალი საუკუნე დაიწყო. რას მოიტანს იგი და რას გადაიტანს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის გასული საუკუნის გამოცდილებიდან და მემკვიდრეობიდან მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Alexandre Janelidze (1888–1975), Bibliography (1976). Georgian Academy of Sciences. Publisher: “Metsniereba”, Tbilisi, 93 p.
P. Gamkrelidze (1976). “A. Janelidze Institute of Geology” (in Georgian and Russian). Georgian Academy of Sciences. Publisher: “Metsniereba,” Tbilisi, 64 p.
Alexandre Tvalchrelidze (1881–1957), Bibliography (1978). Georgian Academy of Sciences. Publisher:
“Metsniereba,” Tbilisi, 82 p.
M. Topchishvili (1996). “Geological Science at the A. Janelidze Institute of Geology of the Georgian
Academy of Sciences (A 70-year Journey)” (in Georgian, Russian, and English). Publisher: “Nike,” Tbilisi, 130 p.
M. Topchishvili (2013). “A Distinguished Scientist and an Outstanding Geologist”. National Academy of
Sciences of Georgia. Tbilisi, 35 p.
Wikipedia
https://ka.wikipedia.org/wiki/არჩილ_ცაგარელი
https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_გამყრელიძე