ჩვენ შესახებ

საკუთარ პერიოდულ ბეჭდვით პროდუქციას ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი 1932 წლიდან გამოსცემს. სამეცნიერო ჟურნალი გამოდიოდა 1952 წლამდე „საქართველოს გეოლოგიური ინსტიტუტის მოამბის“ სახელწოდებით. შემდეგ, მას  შეეცვალა სახელი და იგი 1965 წლამდე გამოდიოდა „საქართველოს გეოლოგიური ინსტიტუტის შრომების„ სახელწოდებით, ორ სერიად: გეოლოგიური  და მინერალოგიურ-პეტროგრაფიული სერიებად. 1948-1965 წლებში, დაიწყო სერიის „მონოგრაფიები“ გამოცემა. 1965 წლიდან 2022 წლამდე, გამოდიოდა „ალექსნდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის შრომების ახალი სერია“ ცალკეულ ნაკვეთებად. სულ გამოქვეყნებულია „მოამბის“ 16 ტომი, შრომების სერიებად - 33 ტომი და შრომების ახალი სერიის 135 ნაკვეთი. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მიერ, სულ გამოქვეყნებულია 69 მონოგრაფია. ინსტიტუტს გამოცემული აქვს, აგრეთვე, „შრომათა კრებულები“, რომლებიც მიეძღვნა სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენებს: გეოლოგიურ სესიებს, ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სამეცნიერო ფორუმებსა და კონფერენციებს, ინსტიტუტისა და გამოჩენილ გეოლოგთა საიუბილეო თარიღებს და სხვ. ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში იბეჭდება სამეცნიერო ნაშრომები გეოლოგიის დარგის თითქმის ყველა მიმართულებით: სტრატიგრაფია, პალეონტოლოგია, პალეოგეოგრაფია, რეგიონული გეოლოგია, ტექტონიკა, სეისმოტექტონიკა, პეტროლოგია, მინერალოგია, გეოქიმია, სედიმენტოლოგია, ლითოლოგია, ვულკანოლოგია, პალეოვულკანოლოგია, სასარგებლო ნამარხების გეოლოგია, იზოტოპური გეოქრონოლოგია, გარემოს დაცვა და სხვ. 1947 წლიდან, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში გამოიცა საქართველოს გეოლოგიური შესწავლილობის საცნობარო-საიფორმაციო მონოგრაფიები,  რომელთა შედგენა გამოქვეყნებული შრომების მიხედვით მიმდინარეობდა.