ანტიკური ხანის სამაროვანი ცხეთაში - ახალი გათხრები 2015-2018 წწ (მთიანი კოლხეთი, ლეჩხუმი)
საკვანძო სიტყვები:
ლეჩხუმი, დეხვირი, ცხეთის სამაროვანი, ანტიკური ხანა, პალინოლოგია, ღვინო, სელიანოტაცია
ცაგერის ისტორიული მუზეუმის კოლექციების დიდი ნაწილი, როგორც შემთხვევითი აღმოჩენები, ასევე გათხრებით მოპოვებული მასალა, სადეხვიროს ერთ-ერთი სოფლის ცხეთის ტერიტორიიდან არის შესული.
ანტიკური ხანის ცხეთის სამაროვნის მასალა ცაგერის ისტორიული მუზეუმის ფონდებში 1962 წელს შევიდა. ცხეთის სამაროვანის ნაწილი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, არქეოლოგის ლ. სახაროვას ხელმძღვანელობით გაითხარა.
სოფელი ცხეთა მდებარეობს ცაგერის სამხრეთით, 15 კმ-ის მოშორებით. 1962 წლის გათხრების დროს სამაროვნის სავარაუდო ფართობი დასახლებული იყო, რის გამოც სამარხების ნაწილი განადგურებული და არეული იყო.
გათხრების შედეგად გამოვლინდა 15 ინჰუმაციური ორმოსამარხი. ცხეთის სამაროვნის სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილია – სამკაულით (სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სასაფეთქლეები, მძივები), ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთებით (ფიბულები, ქინძისთავები, აბზინდები), საბრძოლო და სამეურნეო იარაღით (რკინის შუბისპირები და დანები, სალესები) და თიხის ჭურჭლით.
ცხეთის სამაროვანზე სამარხეული ინვენტარის შედარებით-ტიპოლოგიური ანალიზის საფუძველზე გამოიყო ანტიკური ხანის ორი ქრონოლოგიური ჯგუფის სამარხები – ძვ.წ. II (შესაძლოა III ს.) – I საუკუნეების და ახ.წ. I-IV საუკუნეების სამარხები.
2015 წელს იმავე სამაროვნის ტერიტორიაზე კვლავ განახლდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც აწარმოებდა ,,ლეჩხუმის (ცხეთა-დეხვირის) არქეოლოგიური ექსპედიცია’’ (ხელმძღვ. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნ. სულავა). იმავე ტერიტორიაზე სადაზვერვო თხრილების კეთებისას ერთ-ერთ სადაზვერვო თხრილში კვლავ გამოჩნდა სამარხი. 2015 წლიდან 2018 წლის ჩათვლით ცხეთის სამაროვანზე გაითხარა 18 სამარხი.
გათხრების შედეგად გამოვლენილი სამარხები კვლავ ინჰუმაციური ორმოსამარხია.
ცხეთის სამაროვნის 2015-2018 წლებში აღმოჩენილი სამარხეული ინვენტარი კვლავ წარმოდგენილია ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი ტიპიური მასალებით.
2017 წელს პალინოლოგიური მეთოდით შესწავლილი ორგანული ნაშთებით დადგინდა, რომ სამარხეული დოქები ღვინისა და წყლისათვის გამოიყენებოდა; მტვრის მარცვლებს შორის აღმოჩნდა ვაზის მტვერი ვენახის სარეველებთან ერთად. დოქების ნიმუშებში დიდი რაოდენობითაა ხის მერქნის ტრაქეალური უჯრედები, რაც სამარხეში ხის კონსტრუქციის არსებობაზე მიუთითებს, ხოლო სელის ბოჭკოები, რომლებიც ასევე მრავლადაა ნიმუშების პალინოლოგიურ სპექტრში, სამოსის ან დოქზე გადაფარებული სელის ქსოვილის ნაშთი უნდა იყოს. არაპალინოლოგიური ნაშთებიდან ტკიპების სიმრავლე მიცვალებულების თბილ სეზონზე დაკრძალვის დასტურია.
ცხეთის სამაროვნის ახალი გათხრების მასალა კომპლექსურად პირველად ქვეყნდება.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
სახაროვა ლ. 1967. ანტიკური ხანის სამარხები. ჟურნ. ,,საბჭოთა ხელოვნება’’, # 9, თბ.
სულავა ნ. 1996. მთიანი კოლხეთი ანტიკურ ხანაში. თბილისი.
სულავა ნ., აღაპიშვილი თ., კოპალიანი ნ., ქორიძე ი., პატარიძე მ., ბაქრაძე ი., ჩაგელიშვილი რ., მამარდაშვილი გ. 2012. ცაგერის ისტორიული მუზეუმი. ალბომი. თბილისი.
სულავა ნ., 2014. ცხეთის სამაროვანი. ცაგერის ისტორიული მუზეუმის შრომები, I. თბილისი.
სულავა ნ., ესვანჯია ი. 2016. ცხეთის სამაროვნის სამარხთა განლაგების რეკონსტრუქცია. ძიებანი # 23. თბილისი.
სულავა ნ., მამიაშვილი ვ. 2022. დეხვირის აკლდამის შესახებ. საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე, X (55-ბ). თბილისი.
სულავა ნ. 2024. სადეხვირო და არქეოლოგია. მუზეუმი და გლობალიზაცია IV საერთაშორისო კონფერენციის მასალები. ბათუმი.
სულავა ნ., ჭიჭინაძე მ. 2025. პალინოლოგიური კვლევის შედეგები ანტიკური ხანის ცხეთის სამაროვანზე (ლეჩხუმი, საქართველო). მუზეუმი და გლობალიზაცია II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული (2022). ბათუმი.