უცხოური ენის შემსწავლელის ავტონომიის განვითარების სტრატეგიები
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2025.10.25საკვანძო სიტყვები:
პოსტმეთოდური პედაგოგიკა, აკადემიური ავტონომია, ურთიერთობითი ავტონომია, სოციალურ-პოლიტიკური ასპექტებიანოტაცია
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება უცხოური ენის შემსწავლელის ავტონომიის საკითხი. პოსტმეთოდური პედაგოგიკა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მეთოდის, როგორც სწავლების ხერხის ეფექტურობას, ტრადიციულ მეთოდს უპირისპირებს ალტერნატიულ მაკროსტრატეგიებს, რომლებიც განსაზღვრავენ თანამედროვე პედაგოგის საქმია-ნობის ძირითად მიმართულებებს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ მაკროსტრატეგიას სწორედ ენის შემსწავლელის ავტონომია წარმოადგენს. პოსტმეთოდურ ეპოქაში ენის შემსწავლელი თავად მართავს საკუთარ სასწავლო საქმიანობას მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით, რაც უცხოური ენის ეფექტურად დაუფლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მოსწავლის ავტონომია აძლიერებს პასუხისმგებლობის გრძნობას და მოტივაციას, ხელს უწყობს ენის სიღრმისეულად გააზრებას, მკვეთრად აუმჯობესებს ენობრივ უნარებს და კრიტიკულ აზროვნებას.
პოსტმეთოდური პედაგოგიკა ერთმანეთისგან გამიჯნავს ავტონომიის სამ ნაირსახეობას: აკადემიურს, ურთიერთობითსა და სოციალურ-პოლიტიკურს. აკადემიური ავტონომია უშუალო კავშირშია სწავლის პროცესთან. სასწავლო სტრატეგიების შესახებ დღეისათვის არსებული ცოდნისა და გამოცდილების წყალობით ენის შემსწავლელი მაქსიმალურად აძლიერებს თავის პოტენციალს. ურთიერთობითი ავტონომია გულისხმობს ენის შემსწავლელის ეფექტურ თანამშრომლობას საგანმანათლებლო პროცესის ყველა მონაწილესთან. მესამე ტიპი გაცილებით ფართოა და მოიცავს სოციალურ-პოლიტიკურ ასპექტებს. იგი ეფუძნება კრიტიკულ პედაგოგიკას, რომელიც გამოკვეთს სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტების მნიშვნელობას საგანმანათლებლო პროცესში და ადასტურებს, რომ შეუძლებელია სასწავლო გარემოს გამიჯვნა მათი დინამიკისგან. ენის შემსწავლელმა უნდა ამოიცნოს ყველა სოციალურ-პოლიტიკური წინაღობა, რომელიც ხვდება თავისი პოტენციალის რეალიზების გზაზე და მათ აღმოსაფხვრელად მიმართოს სათანადო ინტელექტუალურ ხერხებს, რაც ხელს უწყობს მის ჩამოყალიბებას კრიტიკულ მოაზროვნედ.
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება სტრატეგიებს, რომლებსაც იყენებს მასწავლებელი ენის შემსწავლელის ავტონომიის უზრუნველსაყოფად. ეფექტურ სტრატეგიებს შორის აღსანიშნავია: მკაფიო, კონკრეტული, რეალისტური, რელევანტური და დროში გათვლილი მიზნების დასახვა; ინიციატივის და არჩევანის (სასწავლო მასალის, დავალებების თემატიკის და ტიპის, სწავლის მეთოდის და ა.შ.) შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც აძლიერებს საკუთარი სასწავლო საქმიანობის მართვის შეგრძნებას; თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა სასწავლო პროცესში ონლაინ პლატფორმების, რესურსების და ხელოვნური ინტელექტის სახით, რაც მოსწავლეს საკლასო ოთახს მიღმა არსებული უცხოენოვანი სამყაროს აქტიურ წევრად აქცევს; და რეფლექსიის პრაქტიკის (უპირატესად, დღიურის, პორტფოლიოს წარმოების, თვითშეფასების კითხვარების შევსების და თანატოლთა უკუკავშირის მექანიზმების გამოყენებით) სტიმულირება, რომელიც ეხმარება ენის შემსწავლელს განსაზღვროს არსებული გამოწვევები, შეარჩიოს მისთვის ყველაზე ოპტიმალური სწავლის უნარ-ჩვევები, სტილი და მეთოდები და ეფექტურად შეაფასოს პროგრესი.
ენის შემსწავლელის ავტონომიის განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან სათანადო მხარდაჭერა და სკაფოლდინგი. თავდაპირველი დახმარების დონე თანდათან, ეტაპობრივად მცირდება მოსწავლის დამოუკიდებელ ენის შემსწავლელად ჩამოყალიბების კვალდაკვალ.
ამრიგად, ენის შემსწავლელის ავტონომია არა მარტო ენის სრულყოფილად დაუფლებას უწყობს ხელს, არამედ, ასევე, უზრუნველყოფს უწყვეტ განათლებას საკლასო გარემოს მიღმა, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
Benson P., Voller P. (1997): Autonomy and Independence in Language Learning. London: Longman.
Candy P. (1991): Self-direction for Lifelong Learning. California: Jossey-Bass.
Kumaravadivelu B. (2006): Understanding Language Teaching: From Method to Postmethod. Lawrence Erlbaum Associates. London.
Lier, van L. (1996): Interaction in the Language Curriculum. Awareness, Autonomy and Authenticity. USA: Longman.
Little D. (1991): Learner Autonomy. 1: Definitions, Issues and Problems. Dublin: Authentik.
Sheerin S. (1991): State of the art: self-access // “Language Teaching”, 24: 3, pp. 153-157.
Wenden A. (1998): Learner Strategies for Learner Autonomy. Great Britain: Prentice Hall.




