მივიწყებულ ქართულ თამაშობათა ზოგიერთი ტერმინისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2024.09.13საკვანძო სიტყვები:
ხალხური თამაშები, განჯაფა, მხარდავედრა, მერწყულე, ძვლის კამათელი, მესხური თამაშებიანოტაცია
თამაშები ნებისმიერი ერის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან მათში ხალხის თვითმყოფადი კულტურა ვლინდება. მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართული ხალხური თამაშები ფიზიკურ წრთობასთან ერთად ახალგაზრდა თაობის აღზრდის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავდა - მოზარდებს უვითარებდა არა მარტო ინტელექტს, მეხსიერებას, წარმოსახვას, გამძლეობას, სისწრაფეს, მოქნილობასა და ძალას, არამედ მათ ქცევის გარკვეული ნორმებისა და წესების, ხალხური ტრადიციების დაცვასა და წინაპართა გამოცდილების განმტკიცებას ასწავლიდა.
ხალხურ კულტურაში „თამაშის“ ცნება ბევრად ფართო და მრავალფეროვანია. ის გვიჩვენებს ადამიანის სულის სხვადასხვა მხარეს, ხან დიდი ეშმაკობის გამოვლინებას, ხან ნებისყოფას და ხასიათს, მონდომებას და სხვას, მაგრამ იმ პირობით, რომ თამაში დარჩეს თავისუფალი, ცოცხალი და მონაწილეთათვის სასიამოვნო.
უწინ თამაში ერქვა ისეთ განსხვავებულ მოვლენებს, როგორებიცაა ცეკვა, სიმღერა, ხუმრობა, შეჯიბრებები, ზოგადად, გართობა. ეს მრავალფეროვნება ნათლად არის წარმოდგენილი სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონაში“. როგორც დიდი მეიგავე გვაუწყებს, „თამაშობა - (თამაშა თათრულად სანახავსა ჰქვიან, ხოლო თამაშობა ქართულად მღერა-შექცევათა სახელია) ესეცა განიყოფების (განიყოფებიან) ექვსად: ასპარეზობად, მღერად, ფუნდრუკად, ხუნტრუცად, როკვად და შექცევად“ (ორბელიანი, 1991).
ავტორი თითოეული სახეობის განმარტებასაც იძლევა. მაგალითად, „მოასპარეზობა(ჲ) არს მჴედართა მიერ ანძათა ისრისა სრევა, ბურთთა ყვანჭსა (ყვანჭითა) ცემა, საგანთა სროლა და ეგევითარნი; მღერა არს ესენიცა ჭადრაკთა და ნარდთა და ყოველთა სამორინოთა (სამორინეთა) თამაშობა, და ოროლთა მრავალგვარად ბრუნებასაც მღერად(ვე) იტყვიან; ფუნდრუკი არს ვაჟებთა მიერ (ს)რბოლა, ხლდომა სხვანი მრავალსახენი სიკისკასენი“ (ორბელიანი, 1991).
დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. რადგანაც ცარისტულ რუსეთს ხალხის შეკრებებისა და „ბუნტის“ ეშინოდა, ხალხური თამაშობების ჩატარებას კრძალავდა.
ქართული პრესა XIX საუკუნის მეორე ნახევრში კრიტიკულ წერილებს ბეჭდავდა ზემოაღნიშნულ აკრძალვებთან დაკავშირებით, მაგრამ მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. თანდათან დავიწყებას მიეცა ეროვნული გართობა-ასპარეზობები, ამის გამო 1894 წელს გაზეთი „ივერია“ სინანულით წერდა: „იქამდე მივიდა საქმე, რომ თამაშის წესებიც კი სრულიად აღარ ახსოვს ხალხსა. საჭიროა ვინც კარგად იცის რომელიმე თამაშობა, დაწვრილებით აღწეროს, რომ გავავრცელოთ“ („ივერია“, N53, 1894).
სამწუხაროდ, ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. წინამდებარე ნაშრომში გაანალიზებულია უძველეს თამაშობებთან დაკავშირებული სამი ტერმინი, კერძოდ, განჯაფა, მხარდავედრა და მერწყულე, რომლებიც დიდი ხანია, დავიწყებას მიეცა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
აბულაძე ილია (1973), ძველი ქართული ენის ლექსიკონი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბ., [M. ისუ ნ. 9.21 და 23 - მცხეთის ბიბლია, ხელნაწერთა ინსტიტუტი, A-51 ხელნაწერი, წიგნი ისუ ნავესი, 9.21 და 23];
ბართაია ნომადი (2010), ქართულში შემოსული სპარსული ლექსიკა (იოსებ გრიშაშვილის „ქალაქური ლექსიკონის“ მიხედვით), თბილისი, უნივერსიტეტის გამომცემლობა;
გიგინეიშვილი ზაალ (2014), რაგბის ქართული ტერმინოლოგია, ტერმინოლოგიის საკითხები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, გვ. 74-79;
გრიშაშვილი იოსებ (1997), ქალაქური ლექსიკონი (საარქივო მასალა), [გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. გამომცემლობა „სამშობლო“, თბილისი;
„დროება“, N217, 1882;
თ. ერისთავი რაფიელ (1887), ზმა, თეატრი - საყოველ-კვირაო სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთი, N 6-7, თებერვალი 15, გვ. 19-23).
„ივერია“, N53, 1894;
„მნათობი“, 1869 წ., მაისი-ივნისი;
ორბელიანი სულხან-საბა (1991), ლექსიკონი ქართული, I, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი, „მერანი“;
ორბელიანი სულხან-საბა (1993), ლექსიკონი ქართული, II, ავტოგრაფული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, თბილისი, „მერანი“;
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი (ერთტომეული) 1986, არნ. ჩიქობავას რედაქციით, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი;
„ცისკარი“, 1857 წელი, N 12, გვ. 48-53;
ჯაგოდნიშვილი თემურ (1979), რაფიელ ერისთავი და ხალხური შემოქმედება, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი, გვ. 98.