აკაკი წერეთლის კიდევ ერთი უცნობი თხზულება
DOI:
https://doi.org/10.52340/lac.2023.30.14საკვანძო სიტყვები:
აკაკი წერეთელი, გაზ. „ხუმარა“, გრიგოლ ალექსანდრეს ძე პალმიანოტაცია
1907 წლის 21 მარტს გაზეთ „Закавказье“-ში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის სტატია „Ответ газете „Новое Время“. კერძოდ, საუბარია გაზ.„Новое Время“-ში იმავე წლის 12 მარტის 11122-ე ნომერში დაბეჭდილ სტატიაზე „Охота на русских людей“, რომელიც Затерянный -ის ფსევდონიმითაა ხელმოწერილი.
სტატიის შინაარსი საკმაოდ პროვოკაციულია. თუ ავტორს დავუჯერებთ, რუსი ეროვნების ადამიანები საქართველოში სასტიკად იდევნებიან. მაგალითისთვის კი უამბობს მკითხველებს კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის დამაარსებელ ნ. შავროვზე თავდასხმის ამბავს.
სტატიის ავტორი თვლის, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს ქართულ იუმორისტულ გაზეთ „ხუმარას“ პუბლიკაციასა და თავდასხმას შორის. მისი თქმით, სწორედ ამიტომ დახურა გუბერნატორმა გაზეთი, ხოლო მისი რედაქტორი აკაკი წერეთელი ციხეში ჩასვა.
სინამდვილეში გაზეთის დახურვა და პოეტის დაპატიმრება გუბერნატორ რაუშ ფონ ტრაუბენბერგის შეურაცხყოფის შედეგი იყო და არა შავროვზე თავდასხმისა, თუმცა თავის სტატიაში Затерянный ასეთ რამეს ამბობს: .„ ...Черезъ нъсколько дней послъ появления подлой клеветы, оглашенной авторитетнымъ князем, убиицы уже подкараулили Шаврова...“ ანუ, კორესპონდენტი ფიქრობს, რომ ავტორი იმ მასალისა, რომელიც შავროვს ეხება და რომელმაც თავდასხმის პროვოცირება გამოიწვია, არის აკაკი წერეთელი.
გაზ. „ხუმარაში“ გამოქვეყნებული ხსენებული ტექსტი არის საკმაოდ ვრცელი (ოთხნაწილიანი) ლექსი, რომელშიც არჩევნების პროცესში შემჩნეულ უკანონობასა და კონკრეტული პარტიების არაკეთილსინდისიერ ქმედებაზეა საუბარი. ტექსტი ხელმოუწერელია. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გაზეთში ხელმოუწერლადვეა გამოქვეყნებული ის ტექსტები, რომელთა ავტორი ნამდვილად აკაკი წერეთელია. მაგ.: რაუშ ფონ ტრაუბენბერგის კარიკატურის ლექსი („დიდყურაანთ ყროყინას...“) და „ბენია და ბეშტია“.
თუ გავითვალისწინებთ, რომ Затерянный ფსევდონიმია გრიგოლ ალექსანდრეს ძე პალმისა, რომელიც გაზ. „Черноморский вестник“-ის რედაქტორი იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ნაწილობრივ სწორია და ლექსის ავტორი მართლაც აკაკი წერეთელია; მით უფრო, რომ პოეტი თავის პასუხში ამ ფაქტს არ აპროტესტებს. ცხადია, ამ ეტაპზე გადაჭრით რაიმეს მტკიცება არ შეიძლება, თუმცა სამომავლოდ კვლევამ შეიძლება მართლაც დაადასტუროს აკაკის ავტორობის საკითხი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ნინიძე მ., -აკაკი წერეთლის უცნობი რუსულენოვანი სტატიები (ტექტოლოგიური მიმოხილვა), ჟ. „ლიტერატურული ძიებანი“ XXXV, 2014.
ფრუიძე ნ., - ზოგიერთი რამ აკაკი წერეთლის ახლად გამოვლენილი თხზულებების შესახებ, აკაკის კრებული II, თსუ გამომცემლობა, 2005.
წერეთელი ა., - თხზულებათა სრული კრებული თხუთმეტ ტომად, ტ. VIII, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1958.
„ხუმარა“, 1907, #1.
„Закавказье“, 1907, # 65, 21.II,I ст.3.
„Новое Время“, 1907, # 11122,12.III, ст. 5.