კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ კონცეპტები
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2021.452საკვანძო სიტყვები:
რომანი, სოციალისტური რეალიზმი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობა, მითოსი, ეპოქაანოტაცია
კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“ გამორჩეული ტექსტია. სოციალისტური რეალიზმის ლიტერატურული კანონის ზეობისას დიდ მწერალი ქმნის ეპოქის მონუმენტურ სურათს, აბსოლუტურად „ამოვარდნილს“ ჟამის ლიტერატურული კანონიკიდან. მითოსის, ფოლკლორის, ისტორიული კოლიზიების ორიგინალური ნაზავი ქმნის უნიკალურ მხატვრულ ქსოვილს. წერილის მიზანია წარმოვადგინოთ რომანის საბჭოური და პოსტსაბჭოური აღქმის კონცეპტები, კერძოდ, ბესო ჟღენტისა და სოსო სიგუას ესეების გააზრება. ლიტერატურათმცოდნეთა აღქმა აბსოლუტურად განსხვავებულია. საბჭოური კრიტიკის აღქმით, ტექსტი სოციალისტური აღმშენებლობის აპოლოგიაა, დადებითი პერსონაჟი არზაყანია, რომელიც „ახალი დროის გმირია“, „ეპოქალურად“ მოაზროვნე, ცივილიზაცია უპირატესია კულტურაზე, ბოლშევიზმი - ყოფიერების ტრადიციულ ქართულ წესზე. პოსტსაბჭოთა კრიტიკის კონცეპტით, რომანი წარმოუდგენელი სიღრმით რეფლექსირებს ტრადიციული, მრავალსაუკუნოვანი, უნიკალური ქართული კულტურის ბედს ბოლშევიზმის ზეობისას, რეალური გმირი თარაშია - გენეტიკით, აღზრდით, ერუდიციით, ტრადიციულობით გამორჩეული, კულტურა უპირატესია ცივილიზაციაზე, ყოფიერების ქართული წესი - მარადიული, გამართლებული, წარუვალი, განსხვავებით ბოლშევიზმის „მრწამსისაგან.“ წერილში გამოვკვეთეთ რომანის მითოსური შრეები, ანტიკური ტრაგედიის პლასტები ტექსტში: ერთი მხრივ, მწერლის მიერ არზაყანის, როგორც „ახალმოწესის“ პერსონაჟის ხატვისას მამისმკვლელობის, ინცესტის პედალირება ბოლშევიზმის არსის წარმოსაჩენად, მეორე მხრივ - სხვა ბოლშევიკის (არლან არენბას) მიერ ათასწლოვანი მუხის მოჭრა, როგორც ასევე პარაბოლა ფესვების სიძულვილისა. ტექსტში ერთმანეთს ეწვნის დიონისურ-აპოლონური პლასტები, წარმომჩენი კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების ნიცშეანური, ბერგსონისეული კონცეპტებისა, რაც უაღრესად ორიგინალურად და ორგანულად ერწყმის ზოგადქართული მითოსის საინტერესო პასაჟებს (არამხუტუ-ამირანი, ათასწლოვანი მუხა, მეზირი....). რომანში გამოკვეთილია ანტიკური მოირა-ფატუმის (ბედისწერის) კონცეპტიც, რაც ასევე ხაზგასმულია წერილში. ასევე რეფლექსირებულია ჰესიოდეს „თეოგონიისა“ და აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ პასაჟები (ზევსის მიერ კრონოსის მოკვლა, მიცვალებულთა ხეზე დაკიდება და სხვ.). „მთვარის მოტაცება“ ნამდვილად „ეპოქის დოკუმენტია“ (ს. სიგუა), „ქართული რომანისტიკის ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა“ (რ.ჩხეიძე), ტექსტი, რომელშიც ყოველი თაობის მკითხველი ამოიკითხავს მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების ტრაგედიის უზუსტეს მხატვრულ ანარეკლს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ბენაშვილი დ., კრიტიკული ნარკვევები, თბ., 1967;
თევზაძე დ., კონსტანტინე გამსახურდია და თანამედროვეობა, თბ., 1996;
ჟღენტი ბ., კონსტანტინე გამსახურდია (ლიტერატურული პორტრეტი) წიგნში კონსტანტინე გამსახურდია, თხზულებათა ათტომეული, ტ. 1, თბ., 1973;
სიგუა ს., „მთვარის მოტაცება“ - ეპოქის დოკუმენტი წიგნში კონსტანტინე გამსახურდია, მთვარის მოტაცება, წინასიტყვაობა, თბ., 1990;
სიგუა ს., მარტვილი და ალამდარი, 1, თბ., 1991;
ჩხეიძე რ., ქართული მწერლობა თვალის გადავლებით, თბ., 2015;
ჯოისი ჯ., ულისე, თბ., 2015;
Цветаева М., Избранные сочинения в 2-х томах, т.1, М., 1988.