ახალგაზრდული პერსპექტივა: საქართველოს თაობა Z-ის ეროვნული იდენტობის ტენდენციები

ავტორები

ტომ. 5 No. 4 (2023)
სტატიები
December 5, 2023

ჩამოტვირთვები

მეორეული რაოდენობრივი მონაცემების, 2023 წლის მარტის აქციების მოხსენებების და სიღრმისეული ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილ სტატიაში განხილულია თაობა Z-ის (18-26 წწ-ის ფრაგმენტი) ეროვნული იდენტობის მახასიათებლები. ქართული ნაციონალიზმის განვითარების კონტექსტისა  და თაობათაშორისი განსხვავებების საერთაშორისო ტენდენციების განხილვის შემდეგ, სტატიაში წარმოჩენილია ინტერნეტითა და გლობალური კავშირით გაჯერებულ სამყაროში დაბადებული თაობის მიერ ქართველობის, საქართველოს მოქალაქეობის და ერი-სახელმწიფოს აღქმა. კვლევა ავლენს თაობათა ცვლის პარალელურად ნაციონალიზმის სახეცვლილებას და ახალი თაობისთვის დამახასიათებელ ეროვნულ მარკერებს.  Z თაობისთვის გლობალურად დამახასიათებელი ტენდენციების მსგავსად, ქართველ ახალგაზრდებში ვლინდება თანასწორობის გაძლიერებული განცდა, ინკლუზიურობისადმი მიდრეკილება, პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმი და ლიბერტარიანული იდეოლოგიისთვის უპირატესობის მინიჭების ტენდენცია.  ინტერნეტისა და სოციალური მედიის ეპოქაში გაზრდილი Z თაობა ნაკლებად ენდობა მედიას და ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის პირობებში ხაზს უსვამს ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობას. თაობა Z იზიარებს გლობალურ მსოფლმხედველობას, გამოირჩევა საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ ნდობითა და ერი-სახელმწიფოს მნიშვნელობის გააზრების კვალდაკვალ ხაზს უსვამს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას. მსოფლიოს ახალგაზრდების მსგავსად, ქართველ თაობა Z-ში მცირდება რელიგურობის დონე, თუმცა რელიგიური ინსტიტუტები კვლავ ახერხებენ ნდობის მანდატის შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, მართლმადიდებლობა აღარ აღიქმება ეროვნულობის მარკერად.  ეთნიკური ნაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმისაკენ გადახრის მაჩვენებლებია: სამოქალაქო აქტივიზმის, პროტესტის მნიშვნელობის, ქართველობასა და საქართველოს მოქალაქეობას შორის განსხვავების შემცირების და ეთნიკური უმცირესობების ერის განუყოფელ ნაწილად აღიარების ტენდენციები. სამოქალაქო დემონსტრაციების დროს გამოვლენილი ცალკეული ნიშნებია: ქართველი ხალხისადმი მყარი მიჯაჭვულობა; საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მტრის ხატი; ემოციური კავშირი ისეთ ეროვნულ სიმბოლოებთან, როგორებიცაა რუკა, დროშა, ქართული ეროვნულ განმათავისუფლებელი გმირები და  დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორია. ამდენად, წარმოდგენილი სტატია ემსახურება ქართული იდენტობის ფორმირების შესახებ დისკურსის გამდიდრებას პრემორდიალისტურიდან კონსტრუქტივისტული ტენდენციების გაჩენაზე ხაზგასმით. გამოვლენილი ეროვნული მარკერები - სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა, რუსეთის მტრის ხატი და საქართველოს სიმბოლოებთან ემოციური კავშირი - თაობა Z-ის ეროვნული იდენტობის მატერიალიზებული გამოხატვაა და მათთვის სიამაყის წყაროს წარმოადგენს.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები