ანოტაცია
ნაშრომში შესწავლილია XIX საუკუნის ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა პირველი თაობის წარმომადგენლების - პლატონ იოსელიანისა და დიმიტრი ბაქრაძის - ეპისტოლური მემკვიდრეობის ძირითადი ენობრივი თავისებურებები. კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს პირადი წერილების, როგორც დოკუმენტური ჟანრის ტექსტების, ფასდაუდებელი მნიშვნელობა ენის ისტორიისათვის მათი სპეციფიკის გათვალისწინებით - წერის არაოფიციალური სტილი, სიჭარბე ცოცხალი სასაუბრო მეტყველებისათვის დამახასიათებელი ფორმებისა, რაც სალიტერატურო ენის ფორმებთან შედარების საუკეთესო საშუალებას იძლევა სამომავლო კვლევებისთვის. საანალიზოდ აღებულია პლატონ იოსელინის 48 და დიმიტრი ბაქრაძის 36 წერილი. წერილთა შესწავლამ გამოავლინა, რომ პლატონ იოსელიანის ეპისტოლეთა ენა მძიმე და “ღვლარჭნილია”, ხშირად ხელოვნური, სტილი - ოფიციალური. აშკარად შეინიშნება ანტონ კათალიკოსის ენობრივი გავლენა. ცხადია, ამაში გარკვეულ როლს თამაშობს წერილების ადრესატთა ვინაობა, ერთი მხრივ, და წერილების მიზანი და დანიშნულება, მეორე მხრივ: ბარათების უმრავლესობა აკადემიკოს მარი ბროსესადმია გაგზავნილი. ისინი სამეცნიერო ხასიათისაა და ემსახურება ცნობების მიწოდებას პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიისათვის ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პლატონ იოსელიანისთვის, ზოგადად, წერის ასეთი სტილი იყო დამახასიათებელი. ამდენად, პლატონ იოსელიანი ენობრივად უფრო ძველ თაობას ეკუთვნის, ხოლო დიმიტრი ბაქრაძე - ახალს, თუმცა გამოვლინდება პირველ ავტორთან ახალი და მეორე ავტორთან ძველი ენობრივი მოდელებიც.
წყაროები
გიგაშვილი, ქ. (რედ.) (2019). ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტომი I, პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი.
გიგაშვილი, ქ. (2011-2019). XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობა, ტომი I-IX, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი.
სარჯველაძე, ზ. (1984). ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის შესავალი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი.
ჭიჭინაძე, ზ. (1893). პლატონ იოსელიანი (ცხოვრება და მოღვაწეობა), Тифлись.
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .