მინანქარ-ცემენტის შეერთების განაწილების თავისებურებები სხვადასხვა ტიპის კბილებსა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში

მინანქარ-ცემენტის შეერთება დენტინი მინანქარი ფესვის დუღაბი

ავტორები

ტომ. 4 No. 3 (2022)
სტატიები
June 13, 2022

ჩამოტვირთვები

მინანქარ-ცემენტის საზღვარი არის ანატომიური ნიშნული, რომელიც გვირგვინოვანი მინანქრის და ფესვის დუღაბის შეხვედრის ადგილია. ამ მიდამოს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის კბილის სამი განსხვავებული მორფოლოგიის მქონე მყარი ქსოვილის თანხვედრის ადგილი. ის მნიშვნელოვანი ორიენტირია, როგორც კლინიკურ სტომატოლოგიაში, ისე დენტალურ რენტგენოგრაფიაში და სიფრთხილე სჭირდება რუტინული დენტალური პროცედურების დროს.   აღწერილია კბილის ცერვიკალურ უბანში არსებული მინერალიზებული ქსოვილების ურთიერთობის 4 ტიპი: I ტიპი - ცემენტი მცირედით გადაფარავს მინანქარს,  II ტიპი - მინანქარ-ცემენტის ბოლოების შეკავშირება ანუ „კიდით კიდესთან“ ტიპის კავშირი, III ტიპი - ცემენტსა და მინანქარს შორის უშუალო კონტაქტი არ მყარდება და შესაბამისად ფესვის გარეთა ზედაპირზე  აღინიშნება დენტინის ე.წ. „დაუფარავი “ უბანი., IV ტიპი - ხდება მინანქრის მიერ ცემენტის გადაფარვა. ჩვენი კვლევის მიზანი იყო მინანქარ-ცემენტის შეერთების განაწილების თავისებურებების შესწავლა  სხვადასხვა ტიპის კბილებსა  და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. კვლევის ფარგლებში გამოკვლეულ იქნა 280 კბილი დაყოფილი 4 საკვლევ ჯგუფად კბილების სახეების მიხედვით და 3 ასაკობრივ  ჯგუფად: I ჯგუფი - საჭრელი კბილები (60 კბილი), II  ჯგუფი - ეშვები (60 კბილი), III ჯგუფი  - პრემოლარები (80 კბილი), IV ჯგუფი - მოლარები (80 კბილი), გადანაწილებული 3 ასაკობრივ  ჯგუფში ინტერვალებით: 16-30წწ., 30-50წწ. და 50-70წწ..  ჩვენი კვლევის შედეგების მიხედვით ყველა სახის კბილებში მინანქარ-ცემენტის შეერთების დომინანტი ტიპია III ტიპი.  მისი საერთო პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს 42,8%. მისი სიხშირე იზრდება ასაკთან ერთად და შესაბამისად ყველაზე მაღალია 50-70წწ. ასაკობრივ ინტერვალში. ამასთან აღსანიშნავია, რომ შეერთების ეს ტიპი ყველაზე ხშირია ეშვებში და თანაბარი სიხშირით გვხვდება საჭრელ კბილებში, პრემოლარებსა და მოლარებში. ყველა სახის კბილებში მინანქარ-ცემენტის შეერთების ტიპების საერთო პროცენტული მაჩვენებელი გადანაწილებულია შემდეგნაირად: I ტიპი - 22,9%,  II  ტიპის - 30%,   III ტიპის  - 42,8%,   IV ტიპის - 4,3%.   ამასთან, I ტიპის შეერთება I და  II საკვლევ ჯგუფებში (საჭრელი კბილები და ეშვები) თანაბრად გვხვდება  სამივე ასაკობრივ ჯგუფში. IV ტიპის შეერთება კი არ გამოვლინდა II საკვლევ ჯგუფსა (ეშვები) და 50-70წწ.. ასაკობრივ  ჯგუფში ყველა სახის კბილებში.

მსგავსი სტატიები

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.