ანოტაცია
ჩუტყვავილა სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ზომიერი ტემპერატურით, კანსა და ლორწოვანზე თანმიმდევრული, ტიპიური წვრილი ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყრით მიმდინარე მწვავე ვირუსული ინფექციაა. თანამედროვე ტაქსონომიისა და კლასიფიკაციის მიხედვით, ვირუსი განსაზღვრულია როგორც ჩუტყვავილა-ზოსტერის ვირუსი (VძV - Vარიცელლა -ძოსტერ ვირუს). VძV ადამიანის ჰერპესვირუსია. მას აქვს მსგავსება იმ ჯგუფის ვირუსებთან, რომლებსაც მიეკუთვნება მარტივი ჰერპესვირუსი HშV[1,2,3]. VძV-ის პირველადი ინფექცია იწვევს ჩუტყვავილას სურათს, ხოლო ვირუსის ლატენტური არსებობა ზურგის ტვინის უკანა რქების განგლიებში და მისი რეაქტივაცია იწვევს სარტყლისებური ლიქენის სურათს (ზოსტერ-ინფექციას). ვირუსი ორგანიზმში იჭრება ზემო სასუნთქი გზით, პირველადი გამრავლება მიმდინარეობს ლორწოვანში და ლიმფური გზით გადადის კანსა და ლორწოვან გარსებზე, შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში., ვირუსი გამოირჩევა დერმატოტროპიზმით და პირველ რიგში აზიანებს კანს, შემდგომ კი ნერვული სისტემას. ძირითადი მორფოლოგიური ცვლილებები ვითარდება კანსა და ლორწოვანზე [3,4,5,6,7]. ბუშტუკოვანი ელემენტების ფორმირების დასაწყისს შეადგენს ეპიდერმისის წანაზარდოვანი შრის ეპითელიური უჯრედების დაზიანება. ეპითელიუმის ჰიპერპლაზიის შედეგად წარმოიშობა ბირთვშიდა და ციტოპლაზმაშიდა ოქსიფილური ჩანართები, რის შემდეგაც ხდება მათი ბალონური დისტროფია და ნეკროზი. გენერალიზებული ფორმებისას ადგილი აქვს ორგანიზმის სისტემურ დაზი-ანებას. ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასუნთქ და საშარდე ორგანოებში ვლინდება ეროზიებისა და წყლულების სახით. ცნს-ში, შინაგან ორგანოებში ნახულობენ წვრილ ნეკროზულ უბნებს სისხლჩაქცევით. ნერვული სისტემის დაზიანებისას ცვლი-ლებები ვითარდება თავის ტვინის ქერქში, ქერქქვეშ და, განსაკუთრებით, თხემის ქერქოვან ნაწილში. უნდა აღინიშნოს, რომ ჩუტყვავილას გენერალიზებული ფორმების განვითარება იშვიათია და, ძირითადად, მოსალოდნელია იმ ბავშვებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ იმუნური სისტემა. აღნიშნულს ადასტურებს ჩვენი, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს გამოცდილება. საქართველოში ჩუტყვავილა ბოლო წლებში მიმდინარეობდა აფეთქების სახით და მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირდებოდა. კლინიკაში დიაგნოსტირებულია მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ჩუტყვავილას შემთხვევები - გენერალიზებული ინფექცია, სეფსისით გართულებული, კანისა და რბილი ქსოვილებით მძიმე ბაქტერიული სუპერინფექციებით, ჰემორაგიული გამონაყარით, ცერებელიტით და ენცეფალიტით. ზოგიერთი გამონაყარი იმდენად უხვი და არაკლასიკური იყო, რომ ჰგავდა ყვავილს. განსაკუთრებით მძიმედ ჩუტყვავილა მიმდინარეობდა თანდაყოლილი იმუნური დეფიციტის დროს.