ანოტაცია
პაროდონტის ქსოვილთა კომპლექსის ანთებითი გენეზის დაავადებები მნიშვნელოვან სამედიცინო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც დღესაც არ კარგავს აქტუალობას. კბილების მორყევა პაროდონტის გენერალიზებული და ლოკალური ანთებითი დაავადებების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სიმპტომია, სხვა სიმპტომებთან ერთად [2]. როგორც ცნობილია, ძვალთან კბილი არ არის ისე ოსტეოინტეგრირებული, როგორც იმპლანტი; ამიტომაც იგი განიცდის ფიზიოლოგიურ მიკროექსკურსიას. ამ მორყევის ამპლიტუდით კი განისაზღვრება - მორყევა ფიზიოლოგიურია, თუ პათოლოგიური. კბილების მორყევა 0,2 მმ-ის დიაპაზონში მიეკუთვნება ფიზიოლოგიურ მდგომარეობას. თუმცა, კბილების მობილურობას ისეთ კბილებში, რომლებსაც პაროდონტის ქსოვილებში არ აქვთ ანთებითი პროცესი, ორი ჰისტოლოგიური ფაქტორი განაპირობებს - პაროდონტის სიმაღლე და პერიოდონტის იოგის სიგანე [3]. პათოლოგიური მორყევა კი 3 ხარისხისაა. მორყევის ხარისხი, თავის მხრივ, განისაზღვრება პინცეტის, ან სპეციალური ინსტრუმენტის და თითის საშუალებით, მორყევის I ხარისხის დროს კბილი 1 მმ-ის დიაპაზონში ირყევა ვესტიბულურ-ორალური მიმართულებით, II ხარისხის მორყევის დროს - 1 მმ-მდე დიაპაზონში ვესტიბულურ-ორალური და მედიალურ-დისტალური მიმართულებით, III ხარისხის დროს - კბილი მოძრაობს კბილბუდეში ყველა მიმართულებით [1].