ანოტაცია
კარიბჭის დაბალი თაღის არსებობა წარმოადგენს სერიოზული ხასიათის ტექნიკურ სირთულეს ოროანტრალური ფისტულის ოპერაციული დახურვის დროს, რაც აიხსნება მნიშვნელოვანი ქსოვილოვანი დეფიციტის არსებობით. კარიბჭის დაბალი თაღი, თავისთავად არ იძლევა ვესტიბულური მხრიდან მაღალი ტრაპეციული ნაფლეთის აღების საშუალებას, შედეგად, თავს იჩენს ტექნიკური სირთულე, მისი მობილიზაციისა და სასის ლორწოვან გარსამდე ტრანსპოზიციის თვალსაზრისით. მსგავსი კლინიკური შემთხვევების დროს პრაქტიკოსი ყბა-სახის ქირურგები, არც თუ იშვიათად მიმართავენ ორი რბილქსოვილოვანი ნაფლეთის აღებას და მობილიზებას ოროანტრალური ფისტულის მიმართულებით, კერძოდ, ტრაპეციული ნაფლეთის მობილიზებას ვესტიბულური მხრიდან და ენისებური ნაფლეთის მობილიზებას სასის მხრიდან. ვესტიბულური მხრიდან უპირატესად მიმართავენ რბილქსოვილოვანი ტრაპეციული ნაფლეთის აღებას კლასიკური კალდუელ-ლუკის ატიპიური განაკვეთით (განაკვეთი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოგვაწოდეს 1893 წ. ამერიკელმა ქირურგმა კალდუელმა და 1897 წ. ფრანგმა ქირურგმა ლუკმა). ამის შემდეგ, სასის მხრიდან იღებენ ენისებური ფორმის ლორწოვან-ძვლისზედაკანიან ნაფლეთს (ე.ვ.კრუჩინსკი, ვ.ი.ფილიპენკო, 1991 წ.). აღებული ორი ნაფლეთის ურთიერთმიმართულებით მობილიზებით და შეკერვით, ოროანტრალური ფისტულის არეში ხდება ამ უკანასკნელის პლასტიკური დახურვა. აღნიშნული ოპერაცია საკმაოდ ტრავმულია და, ამასთან, ტოვებს ძვლის გაშიშვლებულ ზედაპირს მაგარ სასაზე, ენისებური ნაფლეთის სარეცელის არეში, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს ხანგრძლივ რეაბილიტაციას და სასის დამცველი ფირფიტის გამოყენებას მანამ, სანამ ძვლის ღია უბანი არ დაიფარება ნაწიბუროვანი მასივით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელი ხდება, კარიბჭის დაბალი თაღის არსებობის შემთხვევაში, ორო-ანტრალური ფისტულის დახურვის შედარებით მარტივი, ნაკლებად ტრავმული და ეფექტური მეთოდის მოწოდების აუცილებლობა.ჩვენს მიერ დამუშავებული იქნა ორო-ანტრალური ფისტულის დახურვის ოპერაციული მეთოდი, ზოგადად რბილქსოვილოვანი დეფიციტების, მათ შორის კარიბჭის დაბალი თაღის არსებობის შემთხვევაში.ბოლო 5 წლის განმავლობაში კლინიკის ყბა-სახის ქირურგიულ დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა 8 ოპერაციული ჩარევა ორო-ანტრალური ფისტულის დახურვის მიზნით, პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ რბილქსოვილოვანი დეფიციტი კარიბჭის დაბალი თაღის არსებობის გამო.
წყაროები
Peterson’s – Principles of Oral and Maxillofacial Surgery, Third Edition, 2014
Oral and maxillofacial surgery, New York, 2010
H.A. Каримкулов, Д.Е.Мухаммаджанова. Устранение перфорации гайморовой пазухи с пластикой надкостнично-субэпителиальным небным лоскутом на ножке. Молодой ученый, 2018, №26, с. 69-72.
Руководство по хирургической стоматологии и челюстно-лицевой хирургии, под ред. В.М. Безрукова и Т.Г. Робустовой, Москва, 2-х томах, 2000 г.
Клиническая оперативная челюстно-лицевая хирургия, под ред. В.Н. Балина и Н.М. Александрова, Санкт-Петербург, 2007 г.
А.Г.Сепян. Новые подходы к хирургическому лечению гайморитов ( Экспериментально-клиническое исследование).Дисс. Канд. мед. наук. Ереван, 2006 г.109 с.