,,ვეფხისტყაოსანი“ პარიზის სცენაზე

,,ვეფხისტყაოსანი“ პარიზის სცენაზე

ავტორები

  • მარიამ მარჯანიშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/gmg2023.01.21

საკვანძო სიტყვები:

,,ვეფხისტყაოსანი“, სერჟ ლიფარი, ბალეტი ,,შოთა რუსთაველი”, რეჯებ ჟორდანია, მონტეკარლოს ოპერა

ანოტაცია

XIX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს საქართველოში ,,ვეფხისტყაო-სნის“ გამოცემა და დასურათება გიორგი ქართველიშვილმა ითავა. ხოლო ემიგრაციაში ამ გენიალურ ქმნილების პარიზის საბალეტო სცენაზე წარმოდგენის დაფინანსება მეცენატმა ემიგრანტმა ბერიძემ განახორციელა, რომლის შესახებაც საინტერესო მოგონებას გვაწვდის რეჯებ ჟორდანია თავის წიგნში ,,გავიზარდე ლევილში“: ,,დედაჩემს დაებადა აზრი, დაედგა ბალეტი მეთორმეტე საუკუნის დიდი ქართველი პოეტის - შოთა რუსთაველის პოემის - ,,ვეფხისტყაოსნის“ თემაზე. მისი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდა.“ გადაიჭრა ფინანსური და პასუხისმგებლობის საკითხები. მთავარ მონაწილეებთან დაიდო კონტრაქტები. მალე ელისეის მინდვრების ერთ-ერთ დარბაზში რეპეტიციებიც დაიწყო. შეკრებები ყოველდღიურად დილის ათი საათიდან ოთხ საათამდე იმართებოდა. ბალეტის ხელმძღვანელი სერჟ ლიფარი,  ყველაფერს ხელმძღვანელობდა და ქორეოგრაფიც თვითონ იყო. მოწვეულთა შორის იყო ნიკოლაი ევრეინოვი ცნობილი თეატრალური კრიტიკოსი და მსოფლიო სცენებზე დადგმული მრავალი პიესის ავტორი, რომელსაც შოთა რუსთაველის პოემის მიხედვით დადგმული ბალეტის სცენარის დაწერა დაევალა. ევრეინოვმა სცენარში ჩართო ეპიზოდები რუსთაველისა და თამარ მეფის ცხოვრებიდან, რადგან პოეტმა თავისი ქმნილება ამ უკანასკნელს მიუძღვნა. ბალეტის დადგმაზე მოწვეულ იყვნენ ასევე რუსი მხატვრები ნატაშა გონჩაროვა და ლარიონოვი, რომელთაც  დეკორაციები და კოსტიუმები შექმნეს. ლიფარმა ქორეოგრაფიულ კონსულტანტად რუსული ბალეტის მხცოვანი მაესტრო მოიწვია, რომლის გასაოცარი გონების წყალობით განხორციელდა მოძრაობის, რიტმის გამოსახვის ცალკეული დეტალების წარმოდგენა. ვინაიდან ბალეტი ,,შოთა რუსთაველი“ ახალი დადგმა იყო სცენაზე ლიფარს მოუხდა ღრმად შეესწავლა ბალმონტისეული რუსულად ნათარგმნი პოემა და მხატვარ მიხაი ზიჩის მიერ დასურათებული ქართული ,,ვეფხისტყაოსანი“, რათა გაეთავისებია ყველა დეტალი თუ მიზანსცენები. ამიტომაც იყო, რომ ლიფარმა ბალეტში ქართველი მოცეკვავე პეტრიაშვილი მოიწვია, მისთვის ქართული ცეკვისათვის დამახასიათებელი საბალეტო პას გასაცნობად, რადგან დადგმაში ქართული დეტალის შეტანა აუცილებელი პროცესი იყო. ბალეტზე მუშაობა არნახული ტემპით მიმდინარეობდა. სერჟ ლიფარმა ახალი შემოქმედებითი მეთოდი შემოიტანა. როგორც წესი, ქორეოგრაფი ჯერ მუსიკას ირჩევს, ან მუსიკა მისთვის სპეციალურად იწერება, რომლის მიხედვითაც იგი დგამს ცეკვებს. ბალეტ ,,შოთა რუსთაველში” კი ყველაფერი პირიქით მოხდა: ლიფარმა ჯერ ცეკვები დადგა, ხოლო კომპოზიტორებმა კი მუსიკა ქორეოგრაფის მიერ შემუშავებულ სქემაზე შექმნეს. სამწლიანი რეპეტიციების შემდეგ 1946 წლის გაზაფხულზე მონტეკარლოს ოპერაში პრემიერა შედგა. პარიზის სცენაზე ბალეტის წარმოდგენა პრემიერის შემდეგ ოთხჯერ გაიმართა. მერე კი შოთა რუსთაველის პოემის მიხედვით დადგმული ბალეტი სცენიდან გაქრა და აღარასოდეს დაბრუნებულა. დღესაც არავინ იცის თუ რა ბედი ეწვია მუსიკას, დეკორაციებსა თუ კოსტიუმებს. ახლისაკენ მისწრაფება ადამიანის წარმოსახვის პირველი მოთხოვნილებაა და საბოლოოდ, აშკარად გამოიკვეთა ის ჭეშმარიტება, რომ ქართული პოლიტიკური ემიგრანტებისა და საბალეტო დასისათვის შემოქმედებით ტკბობაზე უფრო დიდი სიამოვნება არ არსებობდა. მით უფრო, როცა საქმე ქართველებისათვის უძვირფასეს საგანძურს შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანს“ ეხებოდა.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

ავტორის ბიოგრაფია

მარიამ მარჯანიშვილი

ფილოლოგიის დოქტორი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ახალი ისტორიისა და განათლების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-10-31

გამოცემა

სექცია

ხელოვნება
Loading...