ანოტაცია
რაპუნცელის სინდრომი არის ტრიქობეზოარის უჩვეულო ფორმა, რომელიც გვხვდება პაციენტებში ფსიქიატრიული დარღვევების, ტრიქოტილომანიისა და ტრიქოფაგიის ანამნეზით, რაც იწვევს კუჭის ბეზოარის განვითარებას. ის ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში. დიაგნოზი ჩვეულებრივ კეთდება მხოლოდ ტრიქობეზოარის გამოვლენის შემდეგ. მკურნალობა მოიცავს ტრიქობეზოარის ქირურგიულ მოცილებასა და ფსიქიატრიული დაავადების მკურნალობას ფსიქოთერაპიით.
კლინიკური შემთხვევა: 15 წლის გოგონა უჩიოდა ზოგად სისუსტეს, მადის დაკარგვას, გულისრევას, პირღებინებას, კუჭში სიმძიმის შეგრძნებას. ჩივილები რამდენიმე კვირა გაგრძელდა, მათი ინტენსივობის მკვეთრი მატების გამო გოგონამ მიმართა კლინიკას. ჩაუტარდა გასტროსკოპული გამოკვლევა. გამოკვლევამ აჩვენა კუჭში დიდი უცხო სხეული (ტრიქობეზოარი), რომელიც ორგანოს დიდ ნაწილს იკავებდა. უცხო სხეულის ზომის გამო მისი ენდოსკოპიური მოცილება იყო შეუძლებელი.
მუცლის კედლის წინა-შუა ლაპაროტომიის შემდეგ მოხდა კუჭის წინა კედლის მობილიზება და გასტროტომია. კუჭიდან ამოიღეს დიდი 70-80 სმ სიგრძის ტრიქობეზოარი, რომელიც გადავიდა თორმეტგოჯა ნაწლავში და წვრილ ნაწლავში. ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევით გამოვლინდა შავი და ყვითელი ფერის თმა.