მუზეუმების როლი რეგიონული ტურიზმის განვითარებაში: თელავის ისტორიული მუზეუმი - ტრადიციასა და ინოვაციას შორის
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.23საკვანძო სიტყვები:
თელავი, მუზეუმი, ტურიზმი, ვიზიტორები, პროგრამებიანოტაცია
საზოგადოების თანამედროვე ხედვამ და მოთხოვნილებებმა, ტექნოლოგიების განვითარებამ, სრულიად შეცვალა მუზეუმის როლი და მნიშვნელობა - იგი აღარ არის მხოლოდ საგამოფენო სივრცე, სადაც ადამიანი გამოფენილ ნიმუშებს ან არტეფაქტებს ათვალიერებს, არამედ, ის გადაიქცა კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცენტრად. ამდენად, თანამედროვე მუზეუმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მან უნდა შეიცვალოს ვიზიტორებთან ურთიერთობის ფორმებიც და სტრატეგიებიც - მათი ქცევის შესწავლა, ინტერესებისა და კმაყოფილების კვლევა მნიშვნელოვან კომპონენტებად მოიაზრება მუზეუმის ფუნქციონირების ეფექტურობისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში. კვლევის შედეგების გათვალისწინება ეხმარება მუზეუმს პროგრამების გამრავალფეროვნებაში, ახალი სერვისების შეთავაზებაში, სარეკლამო კამპანიების სწორად დაგეგმვა-წარმოებაში, რაც, საბოლოოდ, ზრდის მუზეუმის მიმართ ინტერესესს.
წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს თელავის ისტორიული მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობის ანალიზს. გამოყენებულია როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები: 1. დოკუმენტური ანალიზი - გავეცანით მუზეუმის შიდა დოკუმენტაციას, ანგარიშებს, პროექტების აღწერას, რითაც შევაფასეთ მუზეუმის კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკის შინაარსობრივი და სტრუქტურული მახასიათებლები. 2. ინტერვიუების და დაკვირვების მეთოდი: ჩატარდა ინტერვიუები თელავის ისტორიული მუზეუმის ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო და ვიზიტორთა განყოფილების წარმომადგენლებთან, ექსკურსიამძღოლებთან. გამოიკითხა მუზეუმის რეგულარული ვიზიტორები - თელავის საჯარო სკოლების, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. 3. პროგრამული მასალის ანალიზი: მუზეუმის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროექტების, მასტერკლასების და თემატური ღონისძიებების შინაარსობრივი ანალიზის შედეგად განხილულ იქნა მათი სტრუქტურა, მიზნობრივი ჯგუფები, სასწავლო მიზნები და ინტერაქტიული კომპონენტები. პროგრამული მასალის ანალიზის მიზანს წარმოადგენდა მათი ეფექტიანობის, ასაკობრივი და თემატური მიზანშეწონილობის შეფასება.
თელავის ისტორიული მუზეუმის საზოგადოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების შესწავლის შედეგად ჩამოვაყალიბეთ შემდეგი მიგნებები და დასკვნები: მუზეუმი აღარ არის მხოლოდ ექსპონატების საცავი, არამედ, იგი აქტიური საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და კულტურული პლატფორმაა; მუზეუმების თანამშრომლებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ვიზიტორი აღიქვან არა მხოლოდ ექსპონატების დამთვალიერებელი, არამედ სამუზეუმო აქტივობების თანამონაწილე; თელავის მუზეუმის მიერ ბოლო პერიოდში შემუშავებული პროგრამები ხელს უწყობს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ჩართულობას, ახალგაზრდებში აყალიბებს კრიტიკულ აზროვნებას და აცოცხლებს ისტორიულ მეხსიერებას, ხელს უწყობს შემეცნებას, კულტურული და ეროვნული იდენტობის განცდას; პროგრამები მოიცავს ექსკურსიებს, კონფერენციებს, თემატურ გაკვეთილებს.
თელავის ისტორიული მუზეუმი იყო და რჩება როგორც კულტურული ტურიზმის მნიშვნელოვანი დესტინაცია და კახეთის რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოზიციონირებაში მუზეუმების ხელშეწყობა და განვითარება უნდა იყოს სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
მესხია, ე. (2014). მუზეოლოგია. ბათუმი;
კვარაცხელია, ნ. (2015), საექსკურსიო საქმე. თბილისი.

