შედარების გამომხატველი სინტაქსური კონსტრუქციები გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2025.38.01.12საკვანძო სიტყვები:
გურამ დოჩანაშვილი, მსგავსებითი შედარება, სხვაობითი შედარება, იგივეობითი შედარება, შედარებითი შედარება, ირეალური შედარება, სინტაქსური კონსტრუქციებიანოტაცია
სტატიაში განხილულია შედარების გამომხატველი სინტაქსური კონსტრუქციები გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ მიხედვით, ამჯერად შევჩერდით მხოლოდ კავშირებით გადმოცემულ შედარებაზე, რომელიც რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებში ვლინდება. შედარების გამომხატველი სინტაქსური კონსტრუქციებით მწერალს მიუღია შემდეგი შედარებები:
მსგავსებითი შედარება. იგი მწერალთან მიღებულია ვითარცა და როგორც კავშირებით. შედარების გამომხატველი დამოკიდებული წინადადება მწერალთან ხშირად უსრულია, გამოტოვებულია ზმნა-შემასმენელი, კავშირი „როგორც“ ყოველთვის დამოკიდებულ წინადადებაშია, ვითარების ზმნიზედა „ისე“ კი - მთავარში: „ისე იყვნენ ერთმანეთთან, როგორც ცუდი ძაღლი და ცუდი კატა“. ზოგჯერ მისათითებელი ზმნიზედა „ისე“ ელიფსურად არის წარმოდგენილი: „მწვადი ცვრიანი უნდა იყოს, კარგი, გემრიელი, როგორც კარგი ქალი“. მწერალთან მსგავსებითი შედარება ვითარების გარემოებითი დამოკიდებული ჰიპოტაქსური კონსტრუქციით გადმოიცემა.
სხვაობითი შედარება. საკავშირებელ საშუალებად მწერალთან გვევლინება კავშირი ვიდრე: „საკვირველი იყო, ყურებს რაღაცნაირად მეტი სიმკვირცხლე ეტყობოდა, ვიდრე მის შავად ამღვრეულ თვალებს“ - აქ შედარება გულისხმობს ორი მოვლენის ერთმანეთთან დაპირისპირებას. „იმ მოგუდული დაკვრის გაგონება უფრო მტკივნეული იყო ლეოპოლდისთვის, ვიდრე აივნიდან გადმოფენილი შავი ფარდის დანახვა“ -აქ სხვაობა ხარისხშია, მთავარ წინადადებაში „უფრო“ -ზმნიზედა დართული შემასმენელი შეესაბამება.
იგივეობითი შედარება. იგი ჩვეულებრივ დანართის სახითაა მოცემული. „ისევე როგორც ყველა ნამდვილ ქალს, კარგად ახსოვდა რა კაბა ეცვა“.
შეფარდებითი შედარება. მწერალი იყენებს კავშირებს: რამდენადაც, რამდენიც და რაც: „ისიც იცოდე, დომენიკო,რომ მით უფრო თავზეხელაღებულია ქვედა კამორელი, რამდენადაც უფრო ზრდილობიანად გებაასება“; „ქვეყნად სწორედ იმდენი დაღმართია, რამდენიც აღმართი“. კავშირი რაც გვხვდება შეფარდებითი შედარების ფუნქციით, იგი გვევლინება ხარისხში შეფარდების გამომხატველი საკავშირებელი ერთეულის როლში: „დედამიწაზე არ არსებობს იმაზე მეტი სიკეთე, რაც თვალია“.
ირეალური შედარება. იგი მწერალთან გამოიცემა „ვითომ/ც“ და „თითქოს“ კავშირებით, რომელიც სიახლოვეს, ვარაუდს გამოხატავს ირეალურად. დამოკიდებული წინადადება ხშირ შემთხვევაში მოსდევს მთავარს, იშვიათად კი უსწრებს მას, მთავარ წინადადებაში ზოგჯერ მოგვეპოვება მისათითებელი ზმნიზედა „ისე“, ან გამოტოვებულია და აღდგენას ექვემდებარება: „ისე ჩამობნელდა ზეს ქოხში, ვითომც დაღამდა“; თითქოს კავშირის საშუალებით აზრი მტკიცების ფორმით ვლინდება, ერთი ობიექტი მეორეს ჰგავს: „სახე ისე დაეძაბა, თითქოს რაღაც შორეულს ყურს უგდებდა“.
ვფიქრობ, რომ გურამ დოანაშვილის თხზულებათა ენაში სინტაქსური კონსტრუქციებით გადმოცემული შედარება განსაზღვრავს მწერლის ენის თავისებურებებს, რაც მის ინდივიდუალურობას, ორიგინალურობასა და გამორჩეულობას უსვამს ხაზს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
კვაჭანტირაძე, თ. (1978). მსგავსებითი შედარება ქართულში. თბილისი: თესაუს გამომცემლობა.
მარინა კუხალაშვილი, თამარ ლომთაძე, მანანა მიქაძე, იზოლდა რუსაძე, მარინა ქაცარავა, ნინო ფხაკაძე, (2007). პრაქტიკული სტიკისტიკა. გამომცემლობა „ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
ერთელიშვილი, ფ. (1962). რთული წინადადების ისტორიისათვის ქართულში. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.
კვაჭაძე, ლ. (1996). თანამედროვე ქართული ენის სინტაქსი. თბილისი: გამომცემლობა „რუბიკონი“.
ფეიქრიშვილი, ჟ. (1996). ქართული ენის სინტაქსი. ქუთაისი: სააქციო საზოგადოება „სტამბის„ საგამომცემლო ცენტრი.
ძიძიგური, შ. (1973). კავშირები ქართულ ენაში. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
საანალიზო წყარო:
გურამ დოჩანაშვილი 2011-გურამ დოჩანაშვილი, „სამოსელი პირველი“. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი. 2011.

