ძველი ქართული სალიტერატურო ენის ნიშანდობლიობები აკაკი წერეთლის შემოქმედებაში
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2021.441საკვანძო სიტყვები:
ძველი ქართული სალიტერატურო ენა, ნიშანდობლიობები, აკაკი წერეთელიანოტაცია
მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანია აკაკის შემოქმედება. პრაქტიკულად არ არსებობს სფერო, რომ მას თავისი სიტყვა არ ეთქვა პოეზიით, პროზით, პუბლიცისტიკითა თუ საზოგადო მოღვაწეობით. აკაკიმ, უდავოდ, დაამკვიდრა ,,მრავალმხრივი მწერლის ტიპი, რომელიც ერთნაირი ძალით მიმართავს პროზას, პოეზიას, პუბლიცისტიკას, დრამატურგიას, თარგმანებს, საბავშვო ლიტერატურას, იგავ-არაკებს“. ჩვენი თქმით, ის ,,გამოუსწორებელი“ ოპტიმისტი იყო და ღრმად სწამდა მომავლის. საოცარი დატვირთვის მქონეა მისი სიტყვები: ,,მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა/მაინც მოვა გაზაფზული“... ამ სიტყვებში, ძლიერი ემოციის ფონზე, საკმაოდ მძაფრად და კარგად მოჩანს კავშირი ძვალსა და ახალს შორის... სწორედ ამან განაპირობა მოხსენების მიზანიც და კითხვის დასმაც - რა როლი აკისრია ძველი ქართულის ფორმების გამოყენებას აკაკის შემოქმედებაში?! ნაშრომში მიმოხილულია ისეთი ნიმუშები, როგორიცაა: 1. საკუთარი სახელის სახელობით ბრუნვაში ფუძის სახით (წრფელობითის ფორმით) გამოყენება; 2. მოთხრობითში -მან დაბოლოება; 3. ამ და ეგ ჩვენებითი ნაცვალსახელების სრული ფუძეების შემთხვევები; 4. -ზე თანდებულის პარალელურად -ზედ და -ზედა ფორმები; 5. გამოსვლითობის ფუნქციით -ით სუფიქსიანი მოქმედებითის (უთანდებულო) ფორმები; 6. მსაზღვრელ-საზღვრულის პოსტპოზიციისა და სრული შეთანხმების ნიმუშები; 7. პირის ნიშანთა გამოყენების, როგორც ძველი ქართულის ანარეკლის, თავისებურებები (გწყალობდესთ...; გამოვჰკითხავ...; ჰსვამ...; ჰნიშნავს...; წარმოსთქვა...; გასტეხე...). 8. შედარებისათვის ვით კავშირის გამოყენება და სხვა. ამდენად, თუ დავსვამთ კითხვას ძველი ქართულის ფორმათა ფუნქციის შესახებ აკაკის შემოქმედებაში, გამოიკვეთება, რომ ისინი 1. შეიძლება, რიტმისათვის/ემოციისა და ექსპრესიისათვის, ანდა, 2. შეიძლება, ტრადიციული ფორმების დასაცავად, ძველ ქართულთან კავშირის შენარჩუნებაზე, როგორც საიმედო დასაყრდენზე (ინახავსო, თითქოს, ამ ფორმებს), მიგვანიშნებენ; აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ფორმები თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული/ასახული აკაკის პროზასა და პოეზიაში, რაც კიდევ უფრო აძლიერებს აზრს ძველისა და ახლის კავშირის ჩვენებისა და ამ კავშირის შენარჩუნების სურვილის სასარგებლოდ, რომ ძველი არ უნდა დავივიწყოთ, მუდამ გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ და ვინ ვართ.... ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სრულიადაც არ ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ აკაკი იმ თაობის წარმომადგენელია, რომელმაც თამამად უარყო ძველი ენობრივი ნორმები და ხელი შეუწყო სალიტერატურო ენის დემოკრატიზაციის (სასაუბრო ენასთან დაახლოების) პროცესს.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
No References