კახური დიალექტის ერთი სოფლის ქცევისათვის
DOI:
https://doi.org/10.52340/tuw.2024.37.01.23საკვანძო სიტყვები:
კახური დიალექტი, მატნური ქცევა, ლექსიკური ერთეულები, ცოცხალი მეტყველება, გრამატიკული ფორმებიანოტაცია
სტატიაში განხილულია, კახური დიალექტის, ახმეტური თქმის მატნური ქცევის თავისებურებანი.
კახური დიალექტი სამ კილოკავად იყოფა: შიგნიკახური, გარეკახური და ქიზიყური.
ამჯერად, ყურადღება შევაჩერეთ შიგნიკახური დიალექტის, ახმეტური თქმის სოფელ მატნის ქცევაზე.
სოფელ მატანს თავისებური, ცოცხალი მეტყველება ახასიათებს. მატნური ქცევისთვის ნიშანდობლივია პრეფიქსულ და სუფიქსურ მიჯნაზე რეგრესული ასიმილაცია: მეეწონა, შააშინა, გეეგო, იმეებს. მათ გვერდით შეინიშნება ზმნის ფორმაში ო ბგერის ა-დ ქცევა: შემაიტანე/შამაიტანე, მაეწონა, გამაიტანე, მაიტანე, მამეცი... ე ბგერის ა-დ ქცევა და ა ბგერის ე-დ შეცვლა: შაუკეთე, დეეჭირნა, გემეეშო/გამაეშო...
მატნურ ქცევაში შეინიშნევბა -ავ და -ამ თემისნიშნიან ზმნათა მესამე სერიაში თემის ნიშნის გარეშე გამოყენება -ია დაბოლოებით, ამასთან ერთად ხშირია ფუძის შემდეგ -ნ თანხმოვნის დართვაც: დამიბია, დამიბერტყია/დამიბერტყნია, დამიხატია/დამიხატნია, გამიხედია/გამიხედნია.
მატნურ ქცევაში ხშირია ვ ბგერის დაკარგვა ზმნის ფორმეში: ჩამოიდე, ამოიდე, მოიდა, ამოიდა, მოალ, შამოიდე...
მატნური ქცევა სუბიექტურ პირთა ასახვისას ძველ ქარეთულ სალიტერატურო ენის ნორმებს მიყვება. ზმნაში მეორე სუბიექტური პირი აფიქსით აისახება: დაჰკრეფ, შესჭამ/შასჭამ, დაჰყრი, გაჰყიდიან, ასდგები... ხშირია სუბიექტური მესამე პირის დაკარგვა ზმნის შემდეგ ფორმებში: მყავ,გყავ...
მატნური ქცევისთვის დამახასიათებელია ჲ. იგი ძირითადად გვხვდება სიტყვის ფუძეში „ფლოჲტი“ (ფლოჲტი მომე, ჩავიცო), ჲ ასევე დასტურდება წინამავალი სიტყვის ემფატიკური ა-სა და ზმნის ფუძის თანხმოვანთან „რასა ჲფიქრობ“/„რასა ჰჲფიქრობ“. ამ უკანასკნელ ფორმაში ჰ სუსტად ისმის.
ყურადღებას იქცევს სახელთა ბრუნების თავისებურება. კერძოდ, მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვა. გაბმული მეტყველების დროს მიცემით ბრუნვაში ბრუნვის ნიშანი დაკარგულია: „იმ ქალ უთხარი“, „ამ ძალღ აქ რა უნდა“, „წადი, ცხვარ მიხედე“, „ბალღ საჭმელი აჭამე“... ნათესაობით ბრუნვაში იკარგება ბრუნვის ნიშნის თანხმოვნითი ნაწილი: „სოფლი ბოლოში ცხოვრობს მარტია“, „ღობი ძირას არ დააბა ბოჩოლა“, „სახლი კუთხეში ამაჲ რა უნდა“, „სახლი კედელზე მააყუდე თოხი“...
მატნურ ქცევაში გაბმული მეტყველების დროს, სიტყვის აბსოლუტურ ბოლოში მჟღერი თანხმოვანი ყრუვდება, ვითარებითი ბრუნვის ნიშნად ვიღებთ -ათ დაბოლოებას: კაცათ (კაცად), ცუდათ (ცუდად), მშვენივრათ (მშვენივრად), კოხტათ (კოხტად), ლამაზათ (ლამაზად), კარგათ (კარგად) ამ უკანასკნელი ფორმის გვერდით დასტურდება იმავე გზით მიღებული „კარქი“.
ყურადრებას იქცევს სინტაქსური კონსტრუქციებიც, ზოგჯერ კავშირებს ჩამოშორებული აქვს თანხმოვნითი ნაწილები:
„ფული არ მქონდა, მარა (მაგრამ) მაინც ვიყიდეჲ“;
„დღეჲ ჩვენსა უნდა ჩამოსულიყო, მარა (მაგრამ) მამატყუა“;
„თუ ავიღე კაკაჩუნა (ცეცხლის საჩხრეკი რკინა), მოგაყოლებ კოკოშაში (თავი)“;
„აქამდე უნდა გეეღვიძნა და არ გაუღვიძნია“.
ჰიპოტაქსურ კონსტრუქციაში ნათლად იკვეთება რომ კავშირის ინტონაციური შესაძლებლობანი, რომ კავშირს ზოგჯერ ჩამოცილებული აქვს თანხმოვანი მ, ზოგჯერ კი ემატება ნაწილაკი ა:
„დედაკაცო, ბადია (მომცრო ზომის თასი) მამაწოდე, რო (რომ) სალათაჲ ჩავჭრა“;
„მე უთხარი, რომა მივიდოდი“;
„ვერაფერი გავაკეთე იმიტომა რომა, დამიღამდა“;
„ომდენი ფული აქ რომა, ყველაფერ იყიდის“.
მატნური ქცევა განსაკუთრებით მდიდარია ლექსიკური თვალსაზრისით. დასტურდება ისეთი ლექსიკური ერთეულები, როგორიცაა: „აფ“, „ბობოლა“, „ბადია“, „ადაოდე“, „ყინტრა“/„გამოყინტრა“, „ვარყალი“, „კაკაჩუნა“ „ყურუმსაღი“, „პოლორჭიკა“ და სხვა.
სოფელ მატანში არაერთი გვარ-სახელია გავრცელებული. ზოგიერთი ციხე და ეკლესია მკვიდრი მოსახლეობის გვარით ან სახელითაა ცნობილი. სახელის საწარმოებლად გამოყენებულია -ან სუფიქსი, რომელიც ფუძეზე დართვისას გამოხატავს კრებითობას და მასზე დამატებული -თ კი კუთვნილებას. ამ ფორმით მიუღიათ შემდეგი სახელწოდებები: ერელაანთ ეკლესია, მერაბაანთ საყდარი, ბათურაანთ ეკლესია და ა. შ. ამავე წესითაა მიღებული პიროვნების სახელდება, როცა სოფლის მოსახლეობა შინაურულად მოიხსენიებს თანასოფლელს: შათირიაანთ დათუა, ჭიჭიაანთ გია, სარქისაანთ ბესიკა, ბათურიაანთ ნანულა, ქიტესაანთ ზურია და ა. შ.
სოფ. მატნის მკვიდრთა მეტყველებაში ჩანს საერთო ენობრივი ლექსიკის არქაული ფენიდან მომდინარეობის ტენდენცია, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფელ მატანში საკუთრივ კახელებთან ერთად სახლობენ ფშავ-ხევსურებიც, გამორიცხული არ არის ზოგიერთი ლექსიკური ერთეული ამ დიალექტებიდან იყოს შემოსული, რასაც ადასტურებს მეცხვარეობა - მესაქონლეობასთან დაკავშირებული საერთო ლექსიკური ერთეულები: „მწყემსი“ , „თოხლი“, „უშობელი“, „ჭედილა“, „თეო“, თივა“, „ჩუმა“, „დვრიტა“ და სხვა.
ამრიგად, კახური დიალექტის მატნური ქცევა ქართული ენის სიმდიდრეა. ქცევა, ისევე როგორც ენა, იცვლება „დროსა და სივრეში“, რაზეც გავლენას ახდენს სხვადასხვა პირობები. მატნური ქცევისთვის დამახასიათებელ ფორმათა უმრავლესობა ნაკლებად გამოიყენება ქართულ სამწიგნობრო ენაში, თუმცა უცხო არ არის ქართულისათვის, რაც დიალექტისა და სალიტერატურო ქართული ენის მჭიდრო ურთიერთკავშირზე მიუთითებს. დიალექტში დაუნჯებული ფორმა ენის შინაგანი შესაძლებლობითაა განპირობებული. მატნური ქცევა ქართული ენის კახური დიალექტის განუყოფელი ნაწილია. კუთხური ქცევის უნიკალური ნიმუშების, ლექსიკისა და გრამატიკული ფორმების სისტემური ანალიზი მნიშვნელოვანია კახური დიალექტის შესასწავლად.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
ვახუშტი. (1941). აღწერა სამეფოსა საქართველოსა; გამომცემლობა სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღლონტი, ალ. (1988). ქართული ლექსიკოლოგიის საფუძვლები; გამომცემლობა „განათლება“ თბ.
ჯორბენაძე, ბ. (1989). ქართული დიალექტოლოგია, I, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.
ჯორბენაძე, ბ. (1998). ქართული დიალექტოლოგია, II, თბილისის ჯორბენაძის საზოგადოების გამომცემლობა, თბ.
ჯორბენაძე, ბ. (1995). ქართველურ ენათა დიალექტები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ.
საანალიზო წყარო:
ქალაქ ახმეტის სოფელი მატანი (მოსახლეობა).