გაზეთ „ქართულ აზრში“ თამარ პაპავას ერთი პუბლიკაციის შესახებ („ქართველი ქალი ჩვენს მატიანეში“)
DOI:
https://doi.org/10.52340/idw.2023.54საკვანძო სიტყვები:
ემიგრანტული მწერლობა, პუბლიცისტიკა, რეფლექსია, ქალის როლი, „ქართლის ცხოვრება“ანოტაცია
XX საუკუნის ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია მწერალი და პუბლიცისტი თამარ გოგოლაშვილი-პაპავა, რომელიც მეუღლე აკაკი პაპავასთან ერთად ჯერ გერმანიასა და ავსტრიაში, 1949 წლიდან კი სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში ცხოვრობდა, მაგრამ მთელი თავისი მოღვაწეობითა და ცნობიერებით თამარ და აკაკი პაპავები საქართველოსა და ქართულ საქმესთან იყვნენ დაკავშირებულები, რისი მკაფიო დადასტურებაა მათ მიერ დატოვებული შემოქმედებითი თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანი მხატვრულ-პუბლიცისტური თუ მეცნიერული მემკვიდრეობა.
თამარ პაპავა 1910-1920-იანი წლებიდან ნაყოფიერად თანამშრომლობდა საქართველოში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებთან, უფრო მოგვიანებით საყურადღებო წერილებს აქვეყნებდა უცხოეთში გამომავალ ემიგრანტულ პერიოდიკაში. დღეს თამამდ შეიძლება ითქვას, რომ თამარ პაპავას პუბლიცისტიკა ქართული ემიგრანტული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელშიც რეფლექსირებულია ჩვენი ისტორიის თუ მისივე ბობოქარი თანამედროევობის, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის, არაერთი დრამატული ფურცელი.
1966-1967 წლებში ნიუ-იორკში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ გაზეთში „ქართული აზრი“ თამარ პაპავამ გაგრძელებებით დაბეჭდა წერილი „ქართველი ქალი ჩვენს მატიანეში“. სათაურადანაც მკაფიოა მწერლის მიზანდასახულება, წარმოაჩინოს ქართველი ქალის როლი საქართველოს ისტორიაში. ის საგანგებოდ იკვლევს, ამ მხრივ, „ქართლის ცხოვრებაში“ დაცულ ცნობებს. მიუხედავად იმისა, რომ პუბლიცისტი, მისი თქმით, ისტორიის მიერ მხოლოდ „შემთხვევით შემონახულ“ მასალას მიმოიხილავს, მაინც მკაფიოდ იკვეთება ქართველი ქალის გამორჩეული წვლილი თავისი სამშობლოს წინაშე. ეს წვლილი თანაბრად მიემართება როგორც დიდგვაროვან, ისე დაბალი სოციალური ფენებიდან გამოსულ ქალებს და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: სარწმუნოების მიღებისა და დაცვის, მეფეთა აღზრდის, გაძიძავების ინსტიტუტის, ასევე, ქვეყნის გაერთიანებასა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ქალთა თავდადებასთან დაკავშირებული საკითხები, თუმცა მხოლოდ ამ პლასტებით არ ამოიწურება ქართველი ქალების როლის რეცეფცია საკუთარი ქვეყნების წინაშე.
ჩვენი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ქალების მიერ გაწეული ძალისხმევის აქცენტირება თამარ პაპავას პუბლიცისტიკის ერთ-ერთი ძირითადი, გამჭოლი ხაზია, რისი მკაფიო დადასტურება აღნიშნული წერილიცაა.
##plugins.generic.usageStats.downloads##
წყაროები
დაუშვილი, რ. (2014). ქართული ემიგრაცია ამერიკაში. თბილისი: „რაეო“.
ნიკოლეიშვილი, ა. (2006). ქართული ემიგრანტული მწერლობა, ქუთაისი: აწსუ გამომცემლობა.
პაპავა, თ. (1966ა). ქართველი ქალი ჩვენს მატიანეში. „ქართული აზრი“, #75: 3-4.
პაპავა, თ. (1966ბ). ქართველი ქალი ჩვენს მატიანეში. „ქართული აზრი“, #76: 2-3.
პაპავა, თ. (1967). ქართველი ქალი ჩვენს მატიანეში. „ქართული აზრი“, #77: 2-3.
პაპავა, თ. (1968). ქართველი ქალი ჩვენს მატიანეში. „ქართული აზრი“, #78: 3.
შარაძე, გ. (1990). „თამარ პაპავა“, წიგნში გაბნეული საფლავები. თბილისი: „არმაზი“. 3-13.