შფოთვა და დეპრესია ქრონიკული ჭინჭრის ციების მქონე პაციენტებში

ავტორები

  • ზაზა თელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, Georgia
ტომ. 4 No. 4 (2022)
სტატიები
August 26, 2022

ჩამოტვირთვები

ჭინჭრის ციება არის ალერგიულ-დერმატოლოგიური დაავადება, რომელიც გამოწვეულია პოხიერი უჯრედების დეგრანულაციით და კლინიკურად ვლინდება ურტიკარიული გამონაყრით და ანგიონევროზული შეშუპებით. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქრონიკული ჭინჭრის ციებით დაავადებულთა 35-60%-ს აღენიშნება ძილის პრობლემები, შფოთვა, დეპრესია და სხვა ფსიქიკური ხასიათის დარღვევები. ეს კვლევა მიზნად ისახავდა ქრონიკულ სპონტანურ ურტიკარიას (ქსუ - CSU) და შფოთვას და CSU-სა და დეპრესიას შორის კავშირის შეფასებას მაქსიმალურად ჰომოგენურ საკვლევ ჯგუფებში. გამოყენებულ იქნა თსსუ-ის (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის) ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის კლინიკურ ბაზათა მონაცემები. შფოთვისა და დეპრესიის დონე შეფასდა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის (გშა - GAD-7) და პაციენტის ჯანმრთელობის კითხვარის (პჯკ - PHQ-9) გამოყენებით. კვლევა ჩატარდა საცდელ-საკონტროლო პროტოკოლის მიხედვით და მოიცავდა 18-დან 70 წლამდე ასაკის 690 საკვლევ სუბიექტს. ძირითად და საკონტროლო ჯგუფებში შევიდა 330  ქრონიკული ჭინჭრის ციებით და 360 შემთხვევით შერჩეული ჯანმრთელი ინდივიდი. კვლევამ გამოავლინა, რომ ქრონიკული ურტიკარიის მქონე პირების 24.5%-ს ასევე აღენიშნებოდა შფოთვითი, ხოლო 36.9%-ს კი - დეპრესიული აშლილობები. სხვა ავტორების აზრით, CSU-ს კავშირი შფოთვასთან ყველაზე ძლიერი იყო 18-29 და 30-49 ასაკობრივ ჯგუფებში, ხოლო დეპრესია - 50-69 ასაკობრივ ჯგუფში და არა 18-29 და 30-49 ასაკობრივ ჯგუფებში; ჩვენს კვლევაში, პირიქით, - შფოთვა მნიშვნელოვნად მაღალი იყო 50-69 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო დეპრესია - 30-49 ასაკობრივ ჯგუფში. ჩვენი შედეგები ადასტურებს წინა კვლევებს, რომლებიც აჩვენებენ შფოთვისა და დეპრესიის უფრო მაღალ პრევალენტობას CSU-ის მქონე პაციენტებში, რომელსაც ხშირად თან ახლავს ფიზიკური ჭინჭრის ციება, ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, დიაბეტი, სიმსუქნე და თამბაქოს მოწევა. ამ კვლევის შედეგებს აქვს როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მნიშვნელობა, ვინაიდან ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების დიდი წილი განსხვავებულია მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, კვლევაში მონაწილე სუბიექტების შერჩევის, ჯგუფებად განაწილებისა და მიღებული მონაცემების დამუშავების კუთხით. კვლევათა უმრავლესობაში შეინიშნება ე. წ. „P-ჰაკინგ“ ფენომენი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ცრუ დადებითი მიზეზ-შედეგობრივი რეზულტატების მიღების (I-ტიპის შეცდომა) ალბათობას. კვლევა მნიშვნელოვანია რეპლიკაციური კვლევების ტოტალური დეფიციტის კონტექსტშიც, რაც მნიშვნელოვნად ართულებს სისტემატური მიმოხილვების ჩატარებას (მტკიცებულების უმაღლესი დონე). კვლევა ადასტურებს, რომ თანმხლები ფსიქიატრიული გამოვლინებები საკმაოდ ხშირია კანის დაავადებებში და რომ მათი გათვალისწინება აუცილებელია ამ მდგომარეობების ოპტიმალური მართვის თვალსაზრისით.

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები